20/10/2025
მარინა ივანიშვილი
„ვარსკვლავებს არ ეშინიათ, რომ ვიღაცას ისინი
ციცინათელები ეგონებათ, მხოლოდ დრომ იცის წჰო ის წჰო"
ასე ასრულებს მარინა ივანიშვილი თავის კონცეფციას, თითქოს
გზავნილს ტოვებს იმ დროისთვის, რომელიც საბოლოო
გადაწყვეტილებას მიიღებს.
მის ბავშვობის დღიურში ჩანაწერია: „უნივერსალური
კრეტინი IVANA, მხატვარი, მოქანდაკე, მწერალი, პოეტი.
არც ერთი სერიოზულად. სალუტ!~ _ აქედან იწყება მარინას
ავტოპორტრეტი _ შეუპოვარი სიცხადით და აშკარა შინაგანი
ბზარით.
1952 წლის, 17 მაისს, თბილისში, გაზაფხულზე იბადება
და იზრდება გოგო, რომელიც გაუთავებლად დაეხეტება
ქუჩებში, მუდმივად შეყვარებულია და თავის დღიურში წერს,
რომ „მაგრად იბოღმება." მეგობრობს ბიჭთან, რომელსაც
„პალესტინელს" ეძახის და ცხოვრების ამაოებასთან დიდი
ბრძოლა აქვს გამართული.
ეს ის ადამიანია, რომელიც მოგვიანებით გრაფიკაში შექმნის
ქანდაკებას და ფორმას მისცემს, ფორმის იმ გაუძლურებას,
რომელსაც ცხოვრებას ვეძახით. ყოველდღიურად ებრძვის
უაზრობას. ეძებს სიმართლეს საკუთარ თავში. ვერ ეგუება
ზედაპირულ ურთიერთობებს და ხშირად გაურბის მათ. არ
ოცნებობს შვილებზე, არ ერთვება მაგისტრალურ კარნავალში,
რჩება განზე და ღიად ტოვებს საკუთარ თავს ტკივილისთვის,
თითქოს იკვლევს ამ გრძნობას - ტკივილს, როგორც ადამიანად
ყოფნის ერთადერთ მტკიცებულებას.
მის ინტერესს იპყრობენ ნებით თუ უნებლიეთ დოგმებს
მიღმა აღმოჩენილი ადამიანები, ის გაურბის ნორმატიულ
ხაზს და ეძებს მათ, ვინც გამეფებულ წესრიგში უცხოა. მისი
ხედვა მკაფიოა, მისთვის არც მხატვრობაა მხოლოდ ესთეტიკა
და არც ქანდაკება - უბრალოდ ფორმა, ორივე აზროვნების
გამოხატულებაა.
დაიბადა, როგორც თვითონ წერს, მკაცრ, და თავშეკავებულ
ოჯახში, სადაც ემოციების გამოხატვა დიდად მიღებული არ
იყო. ამ სიტყვების წაკითხვისას ვხვდები, რომ სწორედ ამ
ბავშვის ჭიდილია მარინას დუალიზმი.
მის მკაცრ და უწყვეტ ხაზებში, მის ასკეტურ, დამშრალ და
მინიმალისტურ ხედვაში, ვულკანივით ხეთქავს ემოცია. სხეული
ხდება აკრძალული ემოციების გამოხატვის ერთადერთი გზა,
რადგან გონება მარტივად ემორჩილება ჩარჩოებს, ხოლო
სხეული - არა. სწორედ სხეული - მენტალური და ხორციელი
სიშიშვლე - ეს მარინას მთავარი თემაა. „კაცობრიობის ისტორია
ადამიანის სხეულთან ურთიერთობის ისტორიაა და ძალადობათა
მატიანე..." (მ.ი.) ჯვარცმის ესკიზებს თან ახლავს წარწერები:
„ვინ არიან ისინი, ვინც ქრისტე ჯვარს აცვეს, ვინ არიან ეს
ადამიანები? ჯვარცმის უშუალო შემსრულებლები." (მ.ი.)
ამბობენ, რომ მაღალი იყო, ზურგით კაცი, პროფილში ქალი,
გრძელი ძლიერი თითებით, რომლებიც ძერწვას მიუძღვნა.
ქალაქში, სადაც ადამიანები კონვენციების ბურუსში ატარებენ
ცხოვრებას, მარინა გაუთავებლად ეძებს საკუთარ მე-ს და 16
წლის ასაკში დაწერილ ლექსებს ხელს აწერს დიდი ასოთი „Я".
მარინა ზუსტად იმ დროს პასუხობს, რომელშიც ცხოვრობს.
ეს დრო დახშული, მკაცრად შემორკალული და დოგმებში
დამხრჩვალი თბილისია.
ცხოველები... თუ ნიკო ფიროსმანის ცხოველები ჯერ არ
დაცემული, ნაივური, ფართოდ გახელილი თვალებით, ჯერაც
უცოდველ მდგომარეობას ტრანსლირებენ, მარინა უდრეკად
ეჭიდება ადამიანის დაცემის თემას, მისი მსხვერპლად
შეწირული ცხოველების შემყურე ვხვდებით, რომ ჯვარცმის
უშუალო შემსრულებლები - თვითონ ვართ.
და ისევ სხეული. ქალის ზურგი. პლასტიკა. მისთვის
სხეული არა მხოლოდ ძალადობის მატიანე, არამედ საიდუმლო
კავშირია ყოფიერებასთან. შიშველი ეროტიკული სხეულიდან - ჯვარცმამდე. სწორედ ამ დიაპაზონში ვლინდება მისი
ფილოსოფია: დემატერიალიზებული, ჯვარცმული ქრისტე და
მასთან კონტრასტში მყოფი მკვრივი, ეროტიკულად სავსე
სხეულები და ის საკრალური მარცვალი, რომელსაც ყველა
ადამიანი ატარებს თავის თავში.
ტექსტში სათაურით „ასკეტი", წერს კაცზე, რომელიც ყველა
ხორციელ სიამოვნებაზე ამბობს უარს — გარდა ერთისა:
ფიზიკური კავშირისა . და სწორედ ეს კავშირი აძლებინებს
ჯვარზე გაკრულს, ბგერაც რომ არ დასცდება:
„როგორ გაუძლო? იკითხავს ხალხი _ რწმენა, ამბობენ
წყაროები.
_ რისი? _ კითხულობს აზრი. _ რა? პულსირებს ფიქრი.
_ ის ოთხი საათი, განთიადამდე, ყრუდ ჩურჩულებს სხეული."
(მ.ი)
მარინა არ უარყოფს ეროტიზმს, რადგან მარინა არ ტყუის.
ცრუ ვულგარული „წესიერება" კი ერთერთი ყველაზე
წარმატებული, ძალადობის სახეცვლილი ფორმაა.
მის ბლოკნოტში ვპოულობ სათუთად შენახულ, მამაკაცის 4
ფოტოს და ვხვდები, რომ მის ეროტიკულ ნამუშევრებს შორის,
ამ კაცის პორტრეტი, შემთხვევით არ დევს. ეს იყო დიდი
სიყვარული აკადემიაში. მერე იყვნენ დაგვიანებული კაცები,
რომლებიც თითქოს ადვილად იჩაგრებოდნენ მის გვერდით,
საკუთარ სიმცირეს ვერ ერეოდნენ.
იდეალებს მარინა არ ისახავდა და არც ამ ტექსტის მიზანია
მისი გაიდეალება, მის გვერდით ყოფნა რთულიც იყო. როგორც
ამბობენ, შეეძლო ადამიანი პიედესტალზე აეყვანა და შემდეგ
დაუნდობლად დაენარცხებინა მიწაზე. ნათელია, რომ საკუთარ
თავთანაც სწორედ ამით იყო დაკავებული: გაუთავებლად
აშენებდა და ანგრევდა საკუთარ კერპს. ხატავდა და ხევდა,
ანადგურებდა საკუთარ შექმნილს და ეწინააღმდეგებოდა
საკუთარ თავს - ამ წინააღმდეგობაში გაატარა ცხოვრება.
თუმცა, ამ ერთი შეხედვით, პრაგმატულობას მოკლებულ
ქალს, ზუსტად ჰქონდა ჩამოყალიბებული ხელოვნების
განვითარების გზა: საპარკე ქანდაკება, ხელოვნების პროდუქტად ქცევის აუცილებლობა, სწავლების მეთოდები.
ღრუბლებში ნამდვილად არ ფრენდა. პირიქით, ყველა შრეში,
ყველა ფენაში, მუდმივად აანალიზებდა გარემოს, მაგრამ დიდი
შიშით და იმედგაცრუებით ურთიერთობდა მასთან. იყო ეჭვიანი,
შეეძლო მოეკვეთა ადამიანი - ასეთებს წლობით გაურბოდა.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ოლია კონიაშვილის შვილმა,
ქალისა, რომელიც თავის ნიჭს გულდასმით მალავდა და
რომლის ნახატებიც უჯრებში ცხოვრობდნენ, ოჯახში, სადაც
თითქოს მიღებული იყო ნიჭის მოთმენა, მარინამ ეს გაჩუმებული
ნიჭის ტრადიცია გაარღვია და ისე, როგორც თვითონ სურდა,
არა მაგისტრალურად, არამედ ნამდვილად, სამუდამოდ დარჩა
ქართველ მეამბოხეთა გულებში, როგორც ქალი, რომელმაც
იცოდა, რომ არ არის „კომბაინი".
„რა არის იყო ქალი?
არ არის პიროვნება.
და არ იცის, რომ არ უნდა იყოს კომბაინი.
ეს არ იციან არც შვილებმა, არც ქმარმა, არც ახლობლებმა."
(მ.ი.)
მისი სახლი - პეკინის 35. აქ გაატარა მთელი ცხოვრება.
ამბობენ, რომ ზამთარში ელექტროქურით ათბობდა ოთახს.
ეს სახლი მისი პორტრეტია. შემოსასვლელში, თაროებზე
ჩამწკრივებული ქანდაკებების წყება: მარინას მარტოობის
თანაზიარი ბიუსტები. აქ ხშირად ფარნის შუქზე ეძებდნენ ნამუშევრებს.
მისი ბავშვობის ოთახი, სადაც ცეკვავდა და ბოლო ხმაზე
აღრიალებდა ფინქ ფლოიდს _ დიდი ხნის წინათ იქცა საწყობად.
დედის გარდაცვალების შემდეგ დარჩა მხოლოდ კედლები: მისი
ციხესიმაგრე, სადაც შინაგან მოგზაურობაში იძირებოდა მაშინ,
როდესაც გარეთ ვერაფერს ნამდვილს ვეღარ პოულობდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ეს არქიტექტურა ჩემზე
ძალადობს~ და ხელს იშვერს _ მისი აივნის წინ აშენებული
ცათამბჯენების ჯარისკენ, რომლებიც ნელ-ნელა ახშობენ აისს
მის ფანჯრებში.
ამ სახლში ყველაფერია: ბროწეულის გამხმარი ქერქები,
შეგროვებული მავთულები, მტვრიანი ჭიქები, ძველი მონეტები,
გაწყვეტილი სამკაულები, წყლიან ქილაში ჩალაგებული კოვზები
და საინები. უსარგებლო ნივთების სასაფლაო. „უსარგებლობა~ _
როგორც კონცეფცია, მომხვეჭელ და მომხმარებელ სამყაროში.
კედელზე წარწერა: „ქართული ეროვნული მენტალიტეტი _ ჩემი
პიკადილი~.
მისთვის სამყარო სასტიკია. და ამ სისასტიკეში დაბადებულს,
მხოლოდ ამ სამყაროსთვის უსარგებლო არსებების სჯერა.
ცხოველების, რომლების გადარჩენის მცდელობაც მათი
მკვლელობით სრულდება.
უმეგობრდება თაგვებს, ძაღლებს, მტრედებს. ისინი მასთან
თანაარსებობენ, ეს თითქოს ჰარმონიაა, მაგრამ ყველაფერი
ისევ გარდაუვალი დაცემით სრულდება.
მეზობლები უჩივიან. მარინა 13 შეკედლებულ ძაღლს აძინებს.
ერთ ძაღლს მცხეთის რაიონში გააშვილებს. სიზმარში ხედავს,
როგორ კლავს პოლიციელი ამ ძაღლს. გაღვიძებისთანავე იცის,
რომ ეს სიმართლეა. ურჩევნია საკუთარი ნებით, მშვიდ ძილს
მიაბაროს ისინი, ვისაც ვეღარ დაიცავს. ღალატს _ მკვლელობას
ამჯობინებს.
ეს ისტორია ბევრისთვის წყალგამოყოფი აღმოჩნდა მასთან
ურთიერთობაში, მე კი ვფიქრობ, რომ ყველაზე მკაფიოდ
ასახავს, როგორ გაიჟღინთა ტკივილით და მარტოობით მისი
ცხოვრება.
მარინა შინაგანად ურთიერთობს ჰენრი მურთან და დიდი
სურვილი აქვს გაარღვიოს პოსტსაბჭოთა სივრცე. მის
ფურცლებში ვპოულობ ამობეჭდილ ამერიკულ გრანტებს,
რეზიდენციებს, ფანქრით გახაზულ თარიღებს, ის საკუთარ
თავს სთხოვს, რომ გავიდეს ამ სივრციდან თავისი ხელოვნებით,
მაგრამ ეს მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოხდება.
მე კი, არ მტოვებს განცდა, რომ მის აივანზე, თაროს ქვეშ
მოთავსებული, დამტვრეული მწოლიარე ქალის ქანდაკება _
თვითონ მარინაა. ზემოდან მავთულები, ბოთლები, დამწვარი
ქვაბები, ძაღლების ყელსაბამები და გაღრღნილი ძვლები.
ლეიბებს შორის მტვერში ამოვლებული წიგნი, _ „ფსიქოლოგია~.
ეს სახლი ამბავია. ამბავი მის მკაცრ ასკეტიზმზე და უხილავ
ალტერნატიულ მატრიარქატზე, რომელიც უარს ამბობს არსებულ წყობაზე.
დიდი ოთახის კარებზე, ინდური ჟღარუნა მუსიკალური
ინსტრუმენტი კარის გაღებისას ჯადოსნურ ხმას გამოსცემს - ეს
საზღვარია.
ყველგან ნახატები: მარინას უცნობი აბსტრაქციები,
რომლებიც არ უყვართ მის კურატორებს. რამხელა გზაა ამ
აბსტრაქციებიდან მის გრაფიკამდე. რამხელა დიაპაზონი! ვინ
არის ეს ქალი?
მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილია: ჩანახატების
აურაცხელი რაოდენობა: ძიება, ძიება, ძიება და ბევრი ჩანაწერი:
ფურცლის ნაგლეჯებზე, კედლებზე, „Я" ტელეფონის ნომრები.
ბინის კარებზე წარწერა - „მარინა, თუ მოახერხებ დამირეკე" -
ისევ ვიღაცას ემალება.
ჩანაწერებში მშრალად აღწერს სიტუაციებს. მისი თხრობა
კონკრეტული და ფაქტობრივია. არაფერს ტოვებს ბუნდოვანს,
ამ სიზუსტეშია მისი სტილიც: კონკრეტიკა, რომელიც აჩენს
ასოციაციებს. მონოლოგივით აწყობს სცენებს.
სატელეფონო ბლოკნოტში:
„სამსონს გამოვართვი 20ლ, დღეს 6 ივლისს"; „ნიკამ მომცა 20
ლარი..."; „დღეს 30/6
ვიპოვე სახლში 30 ლარი"; „ვიყიდე შპრაყ Pაინტ"; „პენსია არ
მეძლევა სექტემბრამდე";
„მაყუთი ვიშოვე!" (ნამუშევარი გაიყიდა).
ამ დროს ეძახის ახლობლებს, რომლებიც ხელს უმართავდნენ
და „ფულებს" ურიგებს.
ერთ ფურცელზე: ბოდლერის ლიტანია სატანას, „თავად მე რაღაც სიმსუბუქეა, რომელსაც მხოლოდ დიდი ტკივილის
მატარებელი ადამიანები იცნობენ.
დიდ ოთახში - კედელიდან გიყურებს ავტოპორტრეტი.
მის გვერდით ლამაზი კაცი, გამოკვეთილი ყვრიმალებით.
და მაინც, რამდენიც არ უნდა ეძიო, უყურებ და ფიქრობ -
`ვინ არის ეს ქალი?~,
ჩახმახის წუთი. ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი,
შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი.
ლYუციფერი: -
ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი
ასეთი ცისფერი?"
(გალაკტიონი)
ეს ტექსტი არ არის ბიოგრაფია, უფრო ძიებაა — ხილვადისა და უხილავის ზღვარზე მყოფი, ენიგმატური ქალის, მარინა ივანიშვილის შესახებ წერაც და დუმილიც თანაბრად რთულია — ამიტომ ვცადე გამევლო მის შრეებში ისე, როგორც მის სახლში შევდიოდი: ფრთხილად, დაკვირვებით და ბევრი
შეკითხვით.
კულტურა პლუს
#40