11/20/2024
◾ გიორგი გოგლიძე- დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებული ფინანსისტი, მეწარმე
2006 წელს მოსკოვიდან ოჯახით გადავედით საცხოვრებლად კვიპროსში. მე 12 წლის ვიყავი, ჩემი და 10-ის. მიზანი იყო, რომ სწავლა ინგლისურენოვან სკოლაში გაგვეგრძელებინა. კვიპროსში დავამთავრე Grammar school და 2010 წელს სწავლა გავაგრძელე ავსტრიაში, ზალცბურგის ამერიკულ აკადემიაში. ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება იქ დაიწყო და ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე, რადგან ქართველი მხოლოდ მე ვიყავი სკოლაში . დიდი ხნის პაუზის შემდეგ, იმავე წელს დავბრუნდი საქართველოში.
უცხოეთიდან ჩემი სამშობლო სულ სხვაგვარად წარმომედგინა. საქართველო ჩემთვის უსიტყვო, ჩუმი ოცნება იყო, რომელზეც ჩემს წარმოდგენას არავის ვუმხელდი. 2010 წელს კვიპროსის დელეგაცია სტუმრობდა საქართველოს. მამა ზაქარიას (ფერაძემ) მოწვევით მათთან ერთად მოვიარეთ დავით -გარეჯი, ბოდბე და მრავალი სხვა ადგილი. ვიზიტის დროს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარ რეზიდენციაში მიგვიღო. ჩემი ჯერი რომ დადგა და მივუახლოვდი , ხელი მომკიდა და მკითხა - საქართველოში როდის დაბრუნდებიო? ჩემი ოჯახი იმ დროს უკვე სამშობლოში იყო დაბრუნებული, მეც უფრო ახლოს ვიცნობდი საქართველოს, თუმცა ამის შემდეგ, ყოველ ჯერზე , როდესაც ვცდებოდი საქართველოს საზღვარს, სხვა ქვეყანაში მივდიოდი, იქნებოდა ეს ავსტრია, ინგლისი, ჩინეთი, აფრიკა, თუ სხვა რომელიმე ქვეყანა, სადმე სირთულეს თუ გადავაწყდებოდი, პატრიარქის სიტყვები ყოველთვის მახსოვდა და გულს მითბობდა. ისე მოხდა, რომ ბევრ ქვეყანაში მომიწია დროის გატარება. 2012 წელს გავემგზავრე ინგლისში , სადაც ჩავირიცხე ნიუკასლის უნივერსიტეტში, მარკეტინგის მიმართულებით. რაც ინგლისურ განათლებას ახასიათებს, არის კვლევის მეთოდიკა, მუდმივი ძებნა და საგნის მუდმივი გამოკვლევა. სხვა საგანიც რომ შეისწავლო, სხვა დისციპლინაშიც რომ გადახვიდე, ყოველთვის გამოგადგება კვლევის მეთოდოლოგია, რასაც ინგლისელები გასწავლიან. შემიძლია ვთქვა, რომ მარკეტინგის ცოდნის ნახევარზე მეტი დავივიწყე, მაგრამ მეთოდოლოგია კარგად შევითავსე. ეს ცოდნა გამომადგა , შოტლანდიაშიც , სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში, სადაც გავაგრძელე სწავლა მაგისტრატურაზე ფინანსებში. ეს დისციპლინა ჩემთვის უცხო იყო, მაგრამ სწორედ მეთოდოლოგიის ცოდნამ და სწავლის დისციპლინამ დამაწერინა დისერტაცია 17 ქულაზე, რაც 20 ქულიდან უკვე distinction, ანუ განსხვავება იყო. ორი წლის წინ ჩემმა ლექტორმა სენტ- ენდრიუსიდან აღნიშნა, რომ ჩემს დისერტაციას ბიბლიოთეკაში ახალი მაგისტრანტი კითხულობდა, როგორც გამორჩეულ ნაშრომს. 2016 წელს, სწავლის შემდგომ, დავემშვიდობე ინგლისს და გავემგზავრე ჩინეთში , სადაც ფინანსებსა და ავიაციაში დავსაქმდი. იქ, ქალაქ შენჟენში, დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე. ჩინეთი საინტერესო იყო, განსხვავებული. ჩინელები საკმაოდ კეთილი ხალხია. ყოველთვის დაგეხმარებიან, გზას მიგასწავლიან, გამოგყვებიან, სადაც გინდა. საკმაოდ მშრომელი ხალხია, რაც ლოგიკურია, რადგან გამოთქმა “ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს” ყველა ქვეყანაში სმენიათ, მაგრამ ჩინეთში ვინც არ მუშაობს არა მხოლოდ არ ჭამს, არამედ მანქანაც არ აქვს, ბინაც, პატივისცემა და საბოლოო ჯამში ოჯახსაც ვერ შექმნის, რადგან კონკურენცია ჩინეთში დაუნდობელი და დამანგრეველია. ჩინელებთან საქმე რომ აწარმოო ,ორი რამ გჭირდება - დრო და მოთმინება, განსაკუთრებით მოთმინება. ავიაციაში გამოცდილების შემდგომ, ჰონგ-კონგში გადავედი. ამ დროს ჩამოვიდა ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც ვსწავლობდი ინგლისში და შემომთავაზა ჰონგ-კონგში ინდუსტრიული მანქანების ბატარეები შეგვეტანა (ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის), რაც თავიდან უაზროდ მომეჩვენა, მაგრამ როდესაც ამ საქმეს გულით მივუდექი, გამოვიდა და საკმაოდ წარმატებულად დამთავრდა. ჰონგ-კონგელები, ისევე როგორც მატერიკის ჩინელები, საკმაოდ კეთილი ხალხია, მაგრამ ჰონგ-კონგში მთავრობას ნაკლებად გრძნობ, უფრო მეტად სამოქალაქო საზოგადოება იგრძნობა, რომელიც პატივს სცემს და ემორჩილება კანონს.
ჩინეთის შემდეგ აფრიკაში წავედი ისევ ავიაციის სფეროში IT’ში, რაზეც ვმუშაობდი ეთიოპიაში, კენიაში და სამხრეთ აფრიკაში. ეთიოპები ულამაზესი ხალხია, ძველი ხალხი, ამაყი. მოსაყოლი საკმაოდ ბევრია აფრიკაზე, მაგრამ მახსენდება, რომ ძალიან ბევრი ჭკვიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა შემხვდა კენიაში; ეს ახალგაზრდები ევროპაში და ინგლისში, ან დასავლურ სამყაროში, ალბათ საკმაოდ მაღალ პოზიციებზე იმუშავებდნენ, რადგან საღად მოაზროვნე, კარგი ანალიზის და ძალიან მოტივირებული იყვნენ, მაგრამ თავიანთ ქვეყნებში ამის საშუალება არ ჰქონდათ და როგორც შეეძლოთ, ისე ირჩენდნენ თავს და ამას გარდა, მაინც მიჰყვებოდნენ თავის ოცნებებს. მახსენდება კენიაში 22 წლის ბიჭი გავიცანი, რომელიც მეგობრებთან რეკლამების და ვიდეო-რგოლების კომპანიას აწყობდა, მაგრამ იმისთვის, რომ ეს განეხორციელებინა, ტაქსის მძღოლად მუშაობდა და მშობლებს არჩენდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად, ჩვენდა უნებურად, გარემოებები არ გვიწყობს ხელს და ჩვენი თავისადმი, ჩვენი ქვეყნისადმი და რეალობისადმი ზედმეტად მკაცრნი არ ვიყოთ. ამის გარდა, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ უცხო გარემოში, მაგალითად მონღოლებთან ჩრდილო ჩინეთში, კანტონელებთან ჰონგ ჰონგ-კონგში, ან ეთიოპებთან როდესაც ხვდები, ყველა ამ ხალხში დაინახავ რაღაც მცირე მსგავსებას ქართველებთან. სულ მალე განსხვავებები მცირდება და ადამიანი კონცენტრირდება მსგავსებებზე. მაგალითად, ჩინელებიც ჭიქას როდესაც უჭახუნებენ ერთმანეთს, უფროს კაცს ჭიქას ქვემოდან უჭახუნებ. ქართული კულტურა ქრისტიანულია და ამიტომ კონსტრუქტიული, ცდილობს მონახოს უფრო მსგავსებები, ვიდრე განსხვავებები. მიმტევებელია და უფრო მიმღებლური სხვა ადამიანების მიმართ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეთი მიდგომა იშვიათია გამონაკლისია მსოფლიოს სხვა ხალხებში.
რადგან გამონაკლისებს შევეხეთ, მინდა გავიხსენო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან ჩემი ერთი შეხვედრის ამბავი. მოგეხსენებათ , რომ ჩვენ, ქართველებს, არ გვიყვარს დიასპორა ისე, როგორც დიასპორა შეიძლება უყვარდეთ ჩვენს მეზობელ სომხებს, აზერბაიჯანელებს, ან სხვა ეროვნებებს. გამონაკლისი კი ისაა, რომ 2011 წელს ავსტრიაში, პირველი შემთხვევა იყო, როცა გვერდით მყოფთა საუბარი გავიგონე, ვკითხე , ქართველები თუ იყვნენ და გამოვენაცნაურე. მაშინ მხოლოდ 15 წლის ვიქნებოდი. გავიცანი და სახლში დამპატიჟეს. ზალცბურგში ცხოვრობდნენ, იყვნენ სვანები. მეორე კვირას, სახლში როდესაც დამპატიჟეს, მახსოვს, ფელამუში დაამზადეს, ხაჭაპურები, სვანური კერძები ჰქონდათ, თუ სწორად მახსოვს, თაშმიჯაბი და ღვინოც იყო სუფრაზე. ახლა მახსენდება, რომ მათი შვილის, გიორგის დაბადების დღე იყო. მათგან ნამდვილი მშობლური ზრუნვა ვიგრძენი. ისიც მახსოვს, რომ ვემშვიდობებოდი, მეუღლემ თავის ცოლს სვანურად რაღაც უთხრა. მერე კალათა გაავსეს სხვადასხვა გემრიელობებით და გამომატანეს. სკოლაში რომ დავბრუნდი და კალათა გავხსენი ჩემს საცხოვრებელში, აღმოვაჩინე, რომ კალათაში 50 ევრო ჩაუდიათ. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა.
სამშობლოში დაბრუნება არ არის მხოლოდ ადგილის ხელახლა მონახულება, არამედ უფრო ღრმა მოგზაურობის დაწყებაა - დაბრუნება წინაპრების მიწაზე.ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გეოგრაფიული ადგილის ან კულტურული ცვლილება; ეს არის შინაგანი მისია, მშვიდი შინაგანი და ბუნებრივი გარდაქმნა, რომელიც უსიტყვო სასწაულივით ვითარდება ადამიანის სულში. დაბრუნებამდე გულთან ახლოს მიტანილი აზრები და ოცნებები , სამშობლოში სხვანაირად ვლინდება. ერთ დროს გონებაში წარმოდგენილი ქართული ადათ-წესები და წეს-ჩვეულებები ნამდვილ, რეალურ და ყოველდღიურ სამშობლოში არც თუ ისე მკაცრია და აშკარად გამოიკვეთებიან. მაგრამ ამის მიუხედავად, ის საქართველო რომელიც გულში დაგაქვს, მაინც იდეალიზირებულია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ტრადიციები/წეს-ჩვეულებები ჩვენმა წინაპრებმა შემოინახეს, როგორც ცხოვრების და ურთიერთობებისთვის შემარბილებელი, დამხვეწი და დამცავი მექანიზმები. ის კაცთმოყვარეობა, რომელიც საკმაოდ იშვიათია მსოფლიოში. სხვა ეროვნებაში, განსხვავებული აზრის და მრწამსის ადამიანში უპირველეს ყოვლის ღვთის შვილის, ადამიანის დანახვა არის სწორედ ქრისტიანული გამონაკლისი.
საბოლოო ჯამში, ჩემი სამშობლოში დაბრუნება იყო აღმოჩენა. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების , რომლებმაც უფრო საფუძვლიანად გამაცნეს ლეჩხუმი და რაჭა, რადგან მამის მხრიდან რაჭველი ვარ, ხოლო დედის მხრიდან ლეჩხუმელი. ამიტომ მივუახლოვდი ჩემს ფესვებს, წარსულს, რომელმაც მოულოდნელად დაიწყო ჩემი გზის გაკვალვა. იმედი მაქვს, ჩემი მომავალი ლეჩხუმთან და რაჭასთან არის გადაჯაჭვული. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი ან ვინატრებდი.
ამჟამად ლეჩხუმში ვაკეთებთ ცქრიალა ღვინოს ტრადიციული მეთოდით, რომელსაც methode-champenoise უწოდებენ. ლეჩხუმის ცოლიკოური საუკეთესო ჯიშია ცქრიალა ღვინის ტრადიციული მეთოდით წარმოებისთვის. 2023 წელს ვენახიც ჩავყარე და ვაგრძელებ ვენახის გაფართოებას. ვერ ვიტყვი, რომ რამე ტექნიკურ ცოდნას ვიყენებ ამ სფეროში რაც დავაგროვე ჩინეთში ან საზღვარგარეთ, მაგრამ პატარა დეტალებში ჩემი გამოცდილება ძალიან მადგება და ხშირად სწორედ პატარა დეტალებია გადამწყვეტი ნებისმიერ საქმიანობაში. მომავალში ვაპირებ გაფართოებას და ქართული ცქრიალა უკეთ გავაცნო საერთაშორისო მომხმარებელს. ჩემი აზრით არის ძალიან ბევრი საერთაშორისო ბაზარი ჩინეთის და დსთ ქვეყნების გარდა, განსაკუთრებით პატარა მწარმოებლებისთვის მეღვინეობაში. ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ შეიძლება მცირე ფინანსებით გამოიკვლიო ის საერთაშორისო ბაზრები. როგორც ადრე მოგახსენეთ, 2018ში ჰონგ-კონგში ვსაქმიანობდი. 2 თვე მოვუნდი 300 სხვადასხვა კომპანიის მოვლას და ყოველ დღე უშედეგოდ. მხოლოდ სულ ბოლოს, როდესაც უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული, გამოჩნდა ჩვენი პროდუქციის მყიდველი, რომელთანაც მას შემდეგ ერთი წელი ვთანამშრომლობდით. გაგაცინოთ? ეს იყო მანქანების, ინდუსტრიული სატვირთოების აკუმულატორები, რომლებიც ჩვენ თურქეთიდან შევიტანეთ ჩინეთში, ქვეყანაში რომელიც თვითონ აწარმოებს უამრავ აკუმულატორებს ნებისმიერი ხარისხის და სიმძლავრის, მაგრამ ჰონგ-კონგელები მაინც ყიდულობენ სხვა პროდუქციას. ეს უბრალოდ მაგალითია იმის, რომ ყველაზე ალოგიკურ მცდელობას შეიძლება ჰქონდეს შედეგი, თუ კარგად გამოიკვლევ და არ მიატოვებ. ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მთავარი საძიებელი არის საკუთარი მიზნის პოვნა. ეს ძიება ხშირად ყველაზე რთული ამოცანაა, ხშირად მთელი ცხოვრება გრძელდება, და როგორც ერთმა იაპონელმა მეგობარმა მითხრა, სიცოცხლე, რომელიც გაატარე სილამაზის ძიებაშიც კი, არ არის ტყუილად გაფანტული. ნებისმიერი მიზანი ღირსია, სანამ ის სიკეთეზეა დაფუძნებული.
პროექტი “დიასპორული ჩართულობით, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების წარმატებული რეინტეგრაციის მყარი საფუძვლის შექმნა” ხორციელდება “სფიჩ”-ის და „კავკასიადა”-ს მიერ პროექტის „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) II ფაზის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს.
#ახალინიციატივა #განათლება #მომავლისქართველები #საქართველო #სფიჩი