08/11/2023
8 ნოემბერი ჯემალ ქარჩხაძის გარდაცვალების დღეა.
"...შმორის სუნით გაჟღენთილ ვიწრო და ბნელ ხვრელს რომ გასცდა და დიდ სინათლეში მოხვდა, ზებულონმა დაინახა ცისფერი სიკვდილი, რომელიც აყვავებული ნუშისა და ტყემლის თეთრ ტევრს გამოეყო, ჭრელ მინდორში დაეშვა და მისკენ გამოეშურა. ყვავილები რომ არ გაეთელა, შიშველ ფეხებს მიწას არ აკარებდა, ისე მსუბუქად მოდიოდა, როგორც სიზმარში, და დამათრობელი ღიმილით იღიმებოდა. ასე ახლო ზებულონს სიკვდილი არასოდეს ენახა. მართალია, მთელი ცხოვრება მის გვერდით გაატარა, მუდამ ირგვლივ უტრიალებდა, როგორც ფარვანა ალს, საცა არ უნდა ყოფილიყო, ყველგან გრძნობდა მის საშიშსა და მომნუსხველ სუნთქვას, მაგრამ პირისპირ არასოდეს შეჰყრია. ახლა კი თვალებში შესცქეროდნენ ერთმანეთს და მათს მზერას ვეღარაფერი გათიშავდა, რადგან შერწყმის სურვილი ორთავეს გარდაუვალი ძალით ეწეოდა ერთმანეთისკენ... მოდიოდა ჭრელ მინდორზე ცისფერი სიკვდილი, ხელებგაშლილი მოიჩქაროდა ზებულონისაკენ და მისი დამათრობელი ღიმილი ირგვლივ უსხეულო და უხილავ სხივებად იღვრებოდა. ზებულონს, რომელიც ნელ-ნელა იხსნებოდა ამ საკვირველი ღიმილის ელვარე სითბოში, ახლა ისღა უკვირდა, რომ სიკვდილს ცისფერი წამოსასხამი ესხა, ცისფერი პირბადე ეფარა და ცისფერი პირბადის უკან, თეთრ სახეზე, სათნოების უცხო ნათელი გადასდიოდა. ამის დანახვაზე გაიფიქრა, ეგებ ყველას თავისი საკუთარი სიკვდილი ჰყავს და, ჟამი რომ დაჰკრავს, ის საკუთარი სიკვდილი ეწვევაო, ხოლო როცა სიკვდილი სულ ახლო, ხელის გაწვდენის მანძილზე, ერთბაშად შედგა და მისმა მანათობელმა ღიმილმა ზებულონის გულშიც აანთო შუქი, რომელიც სწრაფად გაიზარდა, მთელი სხეული აუვსო, ყველა კუთხე-კუნჭულში შეაღწია და ბოლოს სიკვდილის მომნუსხველი ღიმილისაკენ დაიძრა, რათა მათი შერწყმით სამყაროში განუყოფელი სიმშვიდე დამკვიდრებულიყო, ზებულონმა მღელვარებისაგან აკანკალებული ხმით გაუბედავად იკითხა: "შენა ხარ, ბატონის ქალო?"-, მაგრამ თავისი ხმა ვერ გაიგონა და ამიტომ ვერც ის გაიგო, მართლა იკითხა თუ არა...
ახლა ისინი - სიკვდილი და ზებულონი - სადღაც, ძალიან მაღლა, ცის თაღთან ეკიდნენ ერთიმეორის პირისპირ. შუაში მცირე ნაპრალიღა იყო დარჩენილი და, რაწამს ზებულონმა იმ ნაპრალში გადაიხედა, ნაპრალმა მყისვე პირი შეიკრა და ცისფერი სიკვდილის ფაფუკი მკლავები ზებულონს რბილად, ნაზად, სათუთად შემოეხვია, როგორც წმინდა და აუმღვრეველი სიყვარული, რომელშიაც სიყვარულის მეტი სხვა არაფერი ურევია...
ირგვლივ ყოველივე ისე კაშკაშებდა, თვალით აღარა იხედებოდა რა, და ამის გამო ზებულონი ვერ მიხვდა, სინათლე იყო ეს თუ სიბნელე."
📖 "ზებულონი"
ჯემალ ქარჩხაძე ✍️
#ჯემალქარჩხაძე