01/02/2024
✅ჯეფ ბეზოსი: „თუ არ გსურთ კრიტიკის მოსმენა, მაშინ გთხოვთ, ნუ შექმნით რაიმე ახალს“.
ჯეფ ბეზოსი „ფორბსის“ გასული წლის უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამეა, ბერნარ არნოს და ილონ მასკის შემდეგ.
✅ქონება; $114 მლრდ / Amazon; 60 წლის. აშშ.
პირველად ოთხი წლის განმავლობაში, ამერიკელი მეწარმე, ინტერნეტ კომპანია Amazon.com-ის დამფუძნებელი და აერო-კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის, ასევე გამომცემლობა The Washington Post-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის! ის „მხოლოდ“ მესამეა სიაში.
✅ბიოგრაფიული მონაცემები
ჯეფრი (ჯეფ) პრესტონ ბეზოსი (ნამდვილი გვარი - იორგენსენი) 1964 წლის 12 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოში დაიბადა.
ბეზოსის მშობლები ჟაკლინ გიზი და თეოდორ იორგენსენი არიან. მამას დანიური წარმომავლობისაა. ჯეფის დაბადებისას დედამისი 17 წლის იყო, მამა კი - 19-ის. ბიოლოგიურ მამას, ცირკის შემსრულებელ ტედ იორგენსენს, რომელსაც შემდგომ წლებში ჯეფი აღარასოდეს შეხვედრია, ცოლ-შვილზე პასუხისმგებლობის აღება არ სურდა, ამიტომ ცოლ-ქმარი ძალიან მალე დაშორდა.
ცოტა ხანში ჯეფის დედა კუბელ ემიგრანტს, მიგელ (მაიკ) ბეზოს-უმცროსს გაჰყვა ცოლად, რომელმაც ოთხი წლის ბიჭი შვილად მიიღო და საკუთარი გვარიც მისცა. მომავალი მილიარდერის აღზრდა-განვითარებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მამინაცვალმა ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ჯეფის ბაბუა დედის მხრიდან, ლოურენს პრესტონ გიზი, ამერიკაში, ალბუკერკეში ატომური ენერგიის კომისიის რეგიონალური დირექტორი იყო. ხოლო დედის მხრიდან ბებიის - მეთი ლუიზ გიზის ხაზით ბეზოსი ქანთრის შემსრულებელ ჯორჯ სტრეიტს ენათესავებოდა.
ადრეული ასაკიდანვე ჯეფი მშობლებს თავისი სწრაფი გონებითა და ცნობისმოყვარეობით აოცებდა. ცნობილია, რომ ბავშვობაში, როცა ადრე დაძინება არ უნდოდა, ბიჭი საკუთარი საწოლის დაშლას სახრახნისით ცდილობდა. როდესაც წამოიზარდა, სიგნალიზაცია შექმნა, რათა მისი უმცროსი და-ძმები მის ოთახში უნებართვოდ არ შესულიყვნენ.
ამბობენ, რომ მრავალი თვალსაზრისით, მის განვითარებაზე მონტესორის სკოლაში სწავლამ იქონია დიდი გავლენა. ისევე, როგორც ბაბუასთან ერთად რანჩოში გატარებულმა პერიოდმა.
ბეზოსი სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო. ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ ადვილად მოხვდა პრინსტონის უნივერსიტეტში. ელექტროინჟინერიის პარალელურად, პროგრამირება აითვისა და გააცნობიერა, რომ ტექნოლოგიები სამყაროს მომავალია. 1986 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა და ერთდროულად ორივე დარგის პროფესიონალი გახდა - ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით.
ბევრი ცნობილი ბიზნესმენის მსგავსად, თავდაპირველად, როგორც ჩვეულებრივმა მენეჯერმა, ისე დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი უზარმაზარ წარმატებას მიაღწია.
✅წარმატებული ბიზნესმენი
1994 წლის დასაწყისამდე, უოლ-სტრიტში სხვადასხვა თანამდებობაზე საკუთარი სპეციალობით მუშაობდა. მოგვიანებით, კომპანიაში D. E. Shaw & Co ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. თუმცა პოსტი 1994 წლის ზაფხულში დატოვა. სწორედ 1994 წლის ბოლოს, ნიუ-იორკიდან სიეტლში მოგზაურობისას დააარსა ბეზოსმა ლეგენდარული Amazon.com, რომლის საწყისი ინვესტიცა 300,000 დოლარი გახლდათ. საიტი 1995 წლის 16 ივლისს ამოქმედდა, თუმცა იმ დროსათვის ბოლომდე დასრულებული არ იყო. ბეზოსს განვითარებისა და კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვების ძალიან დიდი მოტივაცია ჰქონდა. დაიწყო, როგორც ონლაინ წიგნის მაღაზია და გაფართოვდა პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრის გაყიდვამდე, ვიდეო და აუდიო სტრიმინგის ჩათვლით. 1999 წელს ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა ბეზოსი წლის ადამიანად დაასახელა.
უკვე შემდგარმა ბიზნესმენმა, 2000 წელს, მას მერე, რაც „ამაზონმა“ სერიოზული თანხები მოუტანა, თავისი ბიზნეს-ინტერესები კოსმოსური კომპანიის, Blue Origin-ის დაარსებით გააფართოვა. Blue Origin-მა კოსმოსში საცდელი ფრენები უკვე 2015 წელს დაიწყო და იმ დროიდანვე კომერციული სუბორბიტული ფრენების დაწყებას ადამიანებთან ერთად გეგმავდა. გარდა ამისა, ბეზოსმა 2013 წელს 250 მილიონ დოლარად იყიდა ამერიკული გამომცემლობა The Washington Post-ი. ასევე წლებია, სხვა ბიზნეს ინვესტიციებს მართავს ფონდის, Bezos Expeditions-ის მეშვეობით.
2017 წლის 24 ნოემბერს უმდიდრესი ადამიანი გახდა მსოფლიოში 100,3 მილიარდი დოლარის ქონებით. 2018 წლის 10 იანვრის მონაცემებით, მისმა ქონებამ 106 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2018 წლის ივნისისთვის კი ბეზოსის ქონება 139,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - მან Bloomberg Billionaires Index-ში პირველი ადგილი დაიკავა.
2018 წელს ბეზოსმა კიდევ ერთი უჩვეულო 42-მილიონდოლარიანი პროექტი წამოიწყო: მთიან რელიეფზე მექანიკური საათების განთავსება დაიწყო. მათი მუშაობის ვადად 10 ათასი წელია განსაზღვრული. გარდა ამისა, Blue Origin-ის განვითარება განაგრძო. 2020 წლის ზაფხულში მილიარდერმა თვითმართვადი მანქანების სტარტაპი შეიძინა.
2021 წლის ივნისში ჯეფმა ინსტაგრამზე გამოაცხადა, რომ იმავე წლის 20 ივლისს, ძმასთან ერთად, Blue Origin-ის კოსმოსური ხომალდით სუბორბიტალურ ფრენას განახორციელებდა. 2021 წლის 5 ივლისს Amazon-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა. 2021 წლის 20 ივლისს კი ძმასთან - მარკთან, 82 წლის პროფესიონალ ავიატორ უოლი ფანკთან და ჰოლანდიელი ბიზნესმენის, ოლივერ დემენის 18 წლის ვაჟთან ერთად, კოსმოსში იმოგზაურა New Shepard კოსმოსური ხომალდით, რომელიც კომპანია Blue Origin-მა შექმნა.
2021 წლის სექტემბერში ბეზოსმა მილიარდერ იური მილნერთან ერთად Altos Labs დააარსა. Altos Labs არის ბიოტექნოლოგიური კვლევითი კომპანია, რომლის მთავარი მიზანია სიცოცხლის გახანგრძლივების თერაპიის შემუშავება, რომელსაც შეუძლია, შეაჩეროს ან შეცვალოს ადამიანის დაბერების პროცესი. ამისათვის შემუშავდება სპეციალიზებული უჯრედული თერაპია, რომელიც ღეროვან უჯრედებზე იქნება დაფუძნებული. 2022 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ კომპანიაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ბიზნესმენს არც ქველმოქმედება დავიწყნია იმ დროიდან, როცა მილიარდერთა სიაში ჩაეწერა. ათობით მილიონი დოლარი შესწირა კიბოს კვლევის ცენტრის განვითარებას. დააარსა ბეზოსის საოჯახო ფონდი, რომელიც საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებს ეხმარება.
ასევე საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა ფორმით უზიარებს ადამიანებს. გამოიცა რამდენიმე წიგნი, სადაც ბიზნესმენი საუბრობს იმ პრინციპებსა და ძირითად პუნქტებზე, რაც ასეთი თავბრუდამხვევი წარმატების მიღწევაში დაეხმარა. თითოეული გამოცემა ბესტსელერი ხდება და მისი ციტატები სოციალურ მედიაში ძალიან პოპულარულია.
✅პირადი ცხოვრება
ჯეფ ბეზოსი პირადი ცხოვრების საკითხს ისეთივე გულდასმით მიუდგა, როგორც თავის საქმეს. უკვე ახალგაზრდობაში, მომავალმა მილიარდერმა იცოდა, რა სურდა - მას უნდა ეპოვა ცოლი, რომელიც იდეალური იქნებოდა ოჯახისთვის და შინ კომფორტულ გარემოს შექმნიდა. გარდა ამისა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მისი გაგებით იდეალური ქალი უნდა იყოს „გამომგონებელი“, არაჩვეულებრივი ადამიანი არასტანდარტული იდეებითა და თამამი გეგმებით. ჯეფის არჩევანი მისი კომპანიის თანამშრომელ მაკენზი სკოტზე შეჩერდა. გოგონა მასზე 6 წლით უმცროსი იყო. საკუთარ ოცნებებში ის თავს მწერლად ხედავდა. მაკენზიმ შესაბამისი განათლებაც მიიღო, მაგრამ ლიტერატურულმა შრომამ საჭირო შემოსავალი არ მოუტანა, ამიტომ, სკოტი იძულებული იყო, სხვა მიმართულებითაც ემუშავა. ფაქტია, წერა კარგად შეეძლო, რადგან 2006 წელს პრემია American Book Award მიიღო.
მისი და ბეზოსის ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, სამი ბიოლოგიური ვაჟი და ერთი ნაშვილები გოგონა ჩინეთიდან. როგორც ამბობენ. სწორედ მაკენზიმ შთააგონა ქმარს „ამაზონის“ შექმნა. მას არ ეშინოდა არსებული ცხოვრებისა და კეთილდღეობის დაკარგვის და უჩვეულო ბიზნესის წამოწყების.
ხანგრძლივ ბედნიერ ცხოვრებას განქორწინება მაინც მოჰყვა - 2019 წლის დასაწყისში წყვილმა განაცხადა, რომ შორდებოდნენ. უკვე აპრილში განქორწინების დოკუმენტებს ხელი მოაწერეს, რომლის მიხედვითაც მაკენზიმ 25-წლიანი ქორწინების შემდეგ Amazon-ის 4 პროცენტი მიიღო. მისი ღირებულება იმ დროს 37,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამავდროულად, ბეზოსმა გადაწყვიტა, აღარ დაემალა თავისი ახალი პარტნიორის, ყოფილი ტელეწამყვანის, ლორენ სანჩესის ვინაობა. ის ასევე ვერტმფრენის პილოტი და ბიზნესვუმენია. მილიარდერის რჩეული მათი გაცნობის დროს ასევე დაქორწინებული იყო. გარდა ამისა, ისინი ოჯახებითაც მეგობრობდნენ. განქორწინების შემდეგ კი ჯეფმა ღიად დაიწყო სოციალურ ღონისძიებებზე თავის რჩეულთან ერთად გამოჩენა.
✅საინტერესო ფაქტები
ბიზნესმენს თვალის თანდაყოლილი დაავადება აქვს - ზედა ქუთუთოს დაშვება აწუხებს, რომელიც კუნთების სისუსტითაა გამოწვეული.
ჯეფმა თავი მსახიობის ამპლუაშიც სცადა - უცხოპლანეტელის როლი ითამაშა ფილმის Star Trek: Infinity ეპიზოდში. თავად მილიარდერის გმირი არაერთხელ გამოჩნდა ანიმაციურ ფილმებში, მათ შორის, The Simpsons-ში და South Park-ში.
ბიზნესმენი არ არის დაინტერესებული ძვირად ღირებული მანქანებითა და იახტებით. დიდი ხნის განმავლობაში 1987 წლის იაფფასიან Chevrolet Blazer-ს იყენებდა, რომელიც მოგვიანებით ახალი მოდელით, Honda Accord-ით შეცვალა.
2003 წელს ბიზნესმენის ვერტმფრენი Blue Origin-ის საცდელ ობიექტზე ფრენისას ჩამოვარდა. ბეზოსმა მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა სწრაფად გამოჯანმრთელდა.
რასაკვირველია, აქვს უძრავი ქონება, მათ შორის, 165 მლნ დოლარის ღირებულების ყველაზე ძვირი სახლი ლოს-ანჯელესში.
✅ბეზოსის ცნობილი გამონათქვამები
✅„ნებისმიერი ბიზნესი ყოველთვის ახალგაზრდა უნდა დარჩეს. თუ თქვენი მომხმარებელთა ბაზა თქვენთან ერთად ბერდება, მაშინ თქვენ Woolworth's-ის ქსელი ხართ“.
✅„არსებობს ორი ტიპის კომპანიები: ისეთები, რომლებიც მიისწრაფვიან, რომ კლიენტებისგან რაც შეიძლება მეტი მიიღონ და ისინი, რომლებიც მათგან ნაკლებს ითხოვენ. ჩვენ მეორე ტიპს მივეკუთვნებით“.
✅„შენი ზღვარი ჩემთვის არის შესაძლებლობა, დაგამარცხო".
✅„თუ განახორციელებთ მხოლოდ ისეთ ქმედებებს, რომელთა შედეგი წინასწარ იცით, თქვენი ბიზნესი დიდხანს არ გაგრძელდება.”
✅„წლების განმავლობაში ჩვენ Amazon-ში ვიცავდით სამ ძირითად პრინციპს და სწორედ მათი წყალობით ვართ წარმატებულები. ეს პრინციპებია: 1) პირველ ადგილზე დააყენე მომხმარებელი, 2) გამოიგონე, 3) იყავი მომთმენი”.
✅„ძალიან ხშირად მეკითხებიან: „რა შეიცვლება მომდევნო 10 წელიწადში?“. ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა და საკმაოდ გავრცელებული. მაგრამ, თითქმის არავინ მეკითხება: „რა არ შეიცვლება მომდევნო 10 წლის განმავლობაში?“. მიმაჩნია, რომ მეორე შეკითხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველი, რადგან ბიზნეს სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს სტაბილურ საფუძვლებს, რომლებიც დროთა განმავლობაში არ იცვლება. როგორც საცალო მოვაჭრეებმა, ვიცით, რომ მომხმარებლები კმაყოფილნი არიან დაბალი ფასებით და დარწმუნებული ვარ, 10 წელიწადში ამ მხრივ არაფერი შეიცვლება. მომხმარებელს ასევე სურს სწრაფი მიწოდება და დიდი არჩევანი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ მომხმარებელი მომიახლოვდეს 10 წლის შემდეგ და მითხრას: "ჯეფ, მე მიყვარს Amazon, მაგრამ ვისურვებდი, რომ შენი ფასები უფრო მაღალი იყოს" ან "მე მიყვარს Amazon, მხოლოდ იმიტომ, რომ მოწოდება შენელებულია“. ეს შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, გვესმის, რომ ყველა ჩვენი ინვესტიცია ამ ასპექტებში ჩვენს მომხმარებლებს 10 წელიწადში დივიდენდებს მოუტანს“.
✅„თუ ჯიუტი არ ხართ, ძალიან სწრაფად უარს იტყვით ექსპერიმენტებზე. ხოლო თუ მოქნილობა არ გყოფნით, შეეცდებით თავით გაარღვიოთ კედელი და თქვენ წინაშე პრობლემის სხვა გამოსავალს ვერ დაინახავთ“.
✅„ვერც ერთი ბიზნეს გეგმა ვერ გაუძლებს რეალობის გამოცდას. რეალობა ყოველთვის განსხვავდება გეგმაში წარმოდგენილი სურათისგან“.
✅„ადრე კომპანიები რესურსების 30%-ს ხარისხიან მომსახურებაზე ხარჯავდნენ და 70%-ს იმისთვის, რომ ყველასთვის ეთქვათ ამ სფეროში თავიანთი მიღწევების შესახებ. დღეს ჩვენ სრულიად საპირისპირო სიტუაცია გვაქვს“.
✅„ჩემთვის აღმოვაჩინე ერთი ძირითადი პრინციპი, რამაც 1994 წელს Amazon-ის შექმნის გადაწყვეტილება საოცრად გამიადვილა. მე მას „დანანების მინიმიზაციის პრინციპი“ ვუწოდე. ჩემი თავი 80 წლის ასაკში წარმოვიდგინე და ვცდილობდი მინიმუმამდე შემემცირებინა ის რაღაცები, რის გამოც ამ ასაკში ვინანებდი, როცა ჩემს განვლილ ცხოვრებას გადავხედავდი. მივხვდი, რომ 80 წლის ასაკში არ ვინანებდი იმ მცდელობას, რასაც ინტერნეტის განვითარება ჰქვია და რაზეც ვფიქრობდი, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა. ვიცოდი, რომ წარუმატებლობას არ ვინანებდი, თუ იდეისთვის ყველაფერს გავაკეთებდი და არ გამოვიდოდა, მაგრამ აუცილებლად იმედგაცრუებული ვიქნებოდი იმის გახსენებით, რომ არც კი მიცდია რამის გაკეთება. მოქმედებაზე უარის თქმის გამო სინანული მთელი ცხოვრება გამყვებოდა“.
✅„დილით შხაპის მიღებისას ჩვენი კონკურენტები იმაზე ფიქრობენ, როგორ დაამარცხონ ესა თუ ის მეტოქე. ჩვენ კი ვფიქრობთ ინოვაციებზე, რომლებიც კლიენტის ცხოვრებას გააუმჯობესებს“.
✅„არ უნდა მიეჩვიო „ბრწყინვალე კომპანიის“ იმიჯს, რადგან ეს „ბრწყინვა“ ხანმოკლეა“.
✅„თუ არ გსურთ კრიტიკის მოსმენა, მაშინ გთხოვთ, ნუ შექმნით რაიმე ახალს“.
✅„შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რისიც გჯერათ, მაგრამ შესაძლოა, ადამიანებმა, რომლებსაც მხოლოდ საუკეთესო სურთ თქვენთვის, გააკრიტიკონ თქვენი მცდელობები. როდესაც ასეთი კრიტიკის წინაშე აღმოჩნდებით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „იქნებ მართლები არიან?“. და თუ თქვენ თავად უპასუხებთ ამ შეკითხვას „დიახ“, მიიღეთ კრიტიკა და შესაბამისად, შეცვალეთ მიმართულება. თუ პასუხი არის „არა“, თუ მტკიცედ ხართ დარწმუნებული, რომ მართალი ხართ, უნდა მოემზადოთ ხანგრძლივი თავდაცვისთვის, რომ დაიცვათ თქვენი პოზიციები. ეს მიდგომა ინოვაციის ძირითადი კომპონენტია“.
✅„აუცილებელია ბაზარზე სხვა კომპანიების ქმედებების მონიტორინგი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ სამყაროში არ ჩაიკეტოთ. თუმცა, კონკურენტების მონიტორინგის მიზანი უნდა იყოს არა კოპირება, არამედ ინსპირაციისთვის წყაროს მიღება. ამ გზით შეგიძლიათ, თქვენს ღონისძიებებს რაიმე უნიკალური დაამატოთ.”
პუბლიკაცია: ბიზნეს-სახელები, 2023
მოამზადა: ლელა ზურებიანმა