13/12/2024
💬 „ვის როგორ და წითურ ბიჭუნას, სიმინდის მარცვლებით სავსე პატარა ტომსიკის ასჯერ აკენწვლა რომ შეეძლო გინდა მარჯვენა და გინდა მარცხენა ფეხით, დიდების ბურთაობის ყურება კარის უკნიდან უყვარდა.
▪️ დიდუბის იპოდრომზე წვრილი თოკებისაგან დაწნულ ბადეებს მხოლოდ მაშინ ამაგრებდნენ კარის ძელებზე, როცა ერთმანეთს სხვადასხვა ქალაქის გუნდები ეჯიბრებოდნენ; კირითაც მაშინ ხაზავდნენ მოედანს და მსაჯობასაც ერთის ნაცვლად სამი კაცი სწევდა. ღონივრად დარტყმული, მეკარის მიერ მოუგერიებელი ბურთის ბადეზე მოხვედრის ხმა მუსიკასავით, ღამით გაგონილი იდუმალი შრიალივით ჩაესმოდა ბიჭუნას, რომელიც მუდამ იმ კარის უკან დგებოდა, მისი რჩეული მობურთავეები რომ უტევდნენ. ბადეების გარეშე თამაშსაც ჰქონდა თავისი ხიბლი, მოუგერიებელ და შორს გაფრენილ ბურთს მოტანა ხომ უნდოდა; ვერავინ ასწრებდა გაქცევას და მოთამაშეებისათვის მორბენინებას. დიდი სიამოვნება იყო კარგად გაბერილი, თასმებგადაჭერილი ბურთის ხელში დაჭერა, რომელსაც ტყავის მკვეთრი სურნელი ასდიოდა. ბიჭუნას მოსწონდა ეს სურნელი და მიაჩნდა, რომ სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ნამდვილი ვაჟკაცური არომატი.
▪️ მაყურებლები, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა და მათ შორის ზრდასრული კაცებიც ერივნენ, გუნდებთან ერთად ცალკეულ ფეხბურთელებსაც ირჩევდნენ საგულშემატკივროდ. ბიჭუნა მაღალ, მხრებში გაშლილ, თმადატალღულ ყმაწვილს ქომაგობდა, რომელიც ყველაზე სწრაფად დარბოდა, ყველაზე ზუსტად ურტყამდა კარში და ბურთსაც ყველაზე დროულად აწვდიდა თანაგუნდელებს. მისი თამაშით აღტაცებას ისიც განაპირობებდა, რომ იუნკერი იყო, თბილისის ყველაზე ცნობილი სამხედრო სასწავლებლის კურსანტი. ამ სასწავლებელში სამხედრო საქმეს ბრძოლებში გამოწრთობილი ოფიცრები, ხოლო „ჩვეულებრივ“ საგნებს სახელგანთქმული მეცნიერები და მწერლები ასწავლიდნენ – იუნკერთა სკოლა მიხეილის ქუჩაზე იდგა და იქიდან დიდუბის იპოდრომამდე მისვლას დიდი-დიდი ნახევარი საათი სჭირდებოდა. ისეთი ნავარჯიშევი ბიჭისთვის კი, როგორიც მობურთალი იუნკერი გახლდათ – ამ დროის ნახევარი. ვიწრო და ხალხმრავალი სავაჭრო რიგის – „პასაჟ კროშკას“ ავლისას თუ შეფერხდებოდა კაცი, თორემ მერე, ელისაბედის ქუჩაზე თავისუფლად შეიძლებოდა სწრაფი ნაბიჯით სიარული.
▪️ სპორტული ფორმა – გულამოღებული მაისური, გრძელი, გვერდებზე ზოლებჩაყოლებული ტრუსი და ფეხბურთის მოთამაშისათვის ყველაზე აუცილებელი რამ, ბუცები – იოლად ეტეოდა მხარიღლივ გადასაკიდებელ, აბგასავით ჩანთაში. იპოდრომს გასახდელი ჰქონდა, ქვის პატარა, უფანჯრო შენობა, სადაც ჟოკეები იცვლიდნენ ხოლმე ტანსაცმელს არასაფეხბურთო დღეებში. ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ ათლეტური აღნაგობის მობურთალებისგან. ტანმორჩილი, მკვირცხლი კაცები მაღალყელიან, წვივებზე შემოტკეცილ ჩექმებსა და დიდწინაფრიან კეპებში, საახალწლო ნაძვისხის სათამაშოებს, კალის ჯარისკაცებს ჰგავდნენ. წითური ბიჭუნა არც ცხენების რბოლებს აკლდებოდა და არც გამამხნევებელ შეძახილებს იშურებდა წინასწარ შეთვალიერებული ბედაურებისათვის, მაგრამ ფეხბურთს ვერაფერი შეედრებოდა – თითქმის ყველაფერი აინტერესებდა ამ არაჩვეულებრივი თამაშის, მათ შორის მატჩისწინა სამზადისი – გასახდელიდან გამოსული ფეხბურთელები მინდორზე რომ მოკალათდებოდნენ და ბუცების ძირებზე გლუვთავიანი კბილანების მიხრახვნას რომ შეუდგებოდნენ. ბიჭუნას „ჯილას“ ამ საქმეშიც არ ჰყავდა ბადალი – ყველაზე სწრაფად და ყველაზე მოხერხებულად ირჯებოდა, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის მოქცეულ კბილანას სამი, ან ოთხი მოტრიალებით სვამდა ბუდეში და ფეხზე წამომდგარი მოკლე გარბენით ამოწმებდა მათ სიმყარეს, თუ როგორ ეჭიდებოდა მიწას ორივე ძირი. ასეთ დეტალებს და თავად მატჩების ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს ბიჭუნა მერე თანატოლებს უყვებოდა და ეს ისე კარგად გამოსდიოდა, რომ მსმენელი ყოველთვის მრავლად ჰყავდა... გინდა შინ, აივნებიან ეზოში და გინდა გარეთ, სკოლის დერეფნებში.
▪️ ის იპოდრომთან ახლოს ცხოვრობდა და არც სკოლა იყო შორს. როგორც ერთის, ისე მეორის სახურავებიდან კარგად მოჩანდა რკინიგზის სადგური, ვერცხლისფრად აპრიალებული ლიანდაგები, ლოტკინის გორა და გორის ფერდობებზე უწესრიგოდ მიმოფანტული ქოხმახები. ბიჭუნას გაგონილი ჰქონდა, რომ იქ ჩვეულებრივი კი არა, ბრაზიანი მუშები ცხოვრობდნენ, რომლებიც ხშირად იფიცებოდნენ და თავიანთ ხმაურიან თავყრილობებზე შინდისფერი ქართული დროშის ნაცვლად წითელ ბაირაღებს აფრიალებდნენ. ეს დაბღვერილი, თვალებჩაწითლებული კაცები არასოდეს ჩნდებოდნენ იპოდრომზე, სამაგიეროდ, მათი ნახვა არცთუ იშვიათად შეიძლებოდა თამბაქოს ქარხნის უკან მდებარე მომცრო მოედანზე, სადაც მაწანწალები და მათსავით ჩამოხეულ-ჩამოფლეთილი რუსი დეზერტირები იყრიდნენ თავს. ბიჭუნას ხანდახან უწევდა ამ ადგილის გავლა და ყოველ ჯერზე მის ყურთასმენას ცუდად ხვდებოდა უწმაწური სიტყვებით გაჯერებული გადაძახილ-გადმოძახილი. ყნოსვასაც არ ადგებოდა კარგი დღე – ყროლის სუნი მოჰქონდა ნიავს, მდარე არყის, ამჟავებული ღვინის და დამპალი ბოსტნეულის...
▪️ იმ წლის ბოლო თამაში გვიან შემოდგომაზე გაიმართა. „შევარდენის“ ბიჭები, რომელთა დევიზი – „ვგუშაგობ ერს“, პირზე ეკერა ყველა თბილისელ სტუდენტსა და გიმნაზიელს, ფოთელ მეზღვაურებს ერკინებოდნენ. ყოჩაღი იუნკერი „შევარდენის“ მაისურით დაქროდა გადაყვითლებულ, ალაგ-ალაგ მოტიტვლებულ მოედანზე. მის გუნდსა და თავად მას ადრინდელზე მეტი ხალხი გულშემატკივრობდა. მათ შორის გამოირჩეოდა ქერათმიანი, სიფრიფანა გოგონა კალთებზე ბეწვშემოყოლებული პელერინით, რომელიც ხელთათმნიანი ხელებით უკრავდა ტაშს და აღტაცებისგან დროდადრო ხტოდა...
***
▪️ წითურმა ბიჭუნამ იუნკერი შემდეგ წელს, თებერვალში ნახა. ოღონდ დიდუბის იპოდრომზე არა, მიხეილის ქუჩაზე, სამხედრო სასწავლებლის წინ, სადაც უამრავი მოქალაქე იყო მისული სააღლუმო ფორმებში გამოწკეპილი კურსანტების გასაცილებლად. ახალგაზრდები საომრად მიდიოდნენ, რუსული არმია რამდენიმე მხრიდან უტევდა თბილისს, ყველაზე გააფთრებული ბრძოლები ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კოჯრისა და ტაბახმელის ფერდობებზე მიმდინარეობდა. იქითკენ ჰქონდათ გეზი აღებული, იმ ფერდობებზე გათხრილ სანგრებში უნდა ჩაშველებოდნენ დედაქალაქის დამცველებს. მანამდე კი, რიგებად გამწკრივებულებს სამწყობრო ნაბიჯით უნდა გადაეკვეთათ ქალაქი – გაევლოთ მიხეილის ქუჩა, ვერის ხიდი, ვერისავე აღმართი, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, შესდგომოდნენ სოლოლაკის ქუჩას, მერე ამაღლებისას, ბოლო დასახლებულ მონაკვეთს ფრონტისაკენ მიმავალ გზაზე...
▪️ რაც მოხდა, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ბიჭუნასათვის, რომელიც ხვლიკივით დაძვრებოდა შეჯგუფულ ხალხში და ცდილობდა თვალი მოეკრა მობურთალი იუნკერისათვის. გამცილებლები ქუჩის ერთ მხარეს იდგნენ, იუნკრები – მეორე მხარეს, თავიანთი სასწავლებლის ფანჯრებქვეშ. მათ შორის ცარიელი სივრცე იყო, რომელიც ბრძანების გაცემის შემდეგ გაივსებოდა და ახმაურდებოდა. როგორღაც მოახერხა ვიწრო დერეფნის გაკვალვა მჭიდროდ მდგარ, ლამის ერთმანეთს აკრულ ადამიანებს შორის და ტროტუარის კიდემდე მიღწევა. აქედან ყველა კარგად მოჩანდა, ძალიან ბევრნიც არ იყვნენ, ასზე ცოტა მეტი ბიჭი. სანამ გადაწყვეტდა, მარჯვნიდან ჩამოეტარებინა მზერა, თუ მარცხნიდან, ვიღაცამ დაუქნია ხელი. იმავ წუთს ვერ იცნო, რადგან ასე გამოწყობილი არასოდეს ენახა – თხელი მაზარა ეცვა და ოფიცრულის მსგავსი, კოკარდიანი ქუდი ეხურა, რომელიც ქოჩორს უფარავდა. რომ გაიაზრა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, გული კი აუჩქროლდა სიხარულისაგან, მაგრამ ეჭვმა სძლია, ალბათ სხვას ესალმებაო და უკან მიიხედა იმ „სხვის“ აღმოსაჩენად. იმან კიდევ, თითი მიაშვირა, შენაო, შენ გესალმებიო და ნაცნობობის დასადასტურებლად, ეჭვების გასაფანტავად მარჯვენა ფეხი ისე აამოძრავა, თითქოს რეზინის კამერიან, თასმებგადაჭერილ ბურთს კენწლავდა. შეგრძნებას, ბიჭუნას რომ დაეუფლა ამის დანახვისას – გულის აჩქარება აღარ ერქვა. დიახ, თამაშის დროს შეძახილებით ამხნევებდა, დიახ, ბურთიც მიურბენინა რამდენჯერმე, მაგრამ ისიც თუ ამჩნევდა მას და მეტიც, შესვენების დროს, როცა ფეხბურთელები ბალახზე მიწოლილები ითქვამდნენ სულს, თვალყურს ადევნებდა მის „ავჭალურს“ (ასე ერქვა ტომსიკის კენწვლას) და აფასებდა მის ოსტატობას – ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა. იმ მადლიერების გამოსახატავად, რომელსაც გრძნობდა, ხელის დაქნევა ეცოტავებოდა. როგორ მოქცეულიყო, რა ენიშნებინა საპასუხოდ – ვერ გადაეწყვიტა. ისევ მოპირდაპირე მხრიდან მიიღო შეტყობინება. ჟესტიკულაცია წინგამოწეული ხელისგულით სავარაუდოდ ნიშნავდა – მანდ იდექიო. ბიჭუნა ისედაც არ აპირებდა წვალებით მოპოვებული ადგილის მიტოვებას, მაგრამ იუნკერის მოულოდნელმა გაუჩინარებამ მეგობრების ზურგებს უკან, მიახვედრა, რომ ხელისგულით რაღაც უხილავის შეკავების იმიტაცია „მანდ იდექი“-სთან ერთად „დამელოდე“-საც ნიშნავდა...
▪️ კინოთეატრ „აპოლოს“ მხრიდან ოფიცერთა ჯგუფი რომ გამოჩნდა და რამდენიმე მათგანი იუნკრებთან ერთად დადგა, ხალხი ამოძრავდა და ახმაურდა. ქალები, მანამდე ძლივს რომ იკავებდნენ ცრემლებს – აქვითინდნენ; კაცებმა კი, ზოგმა მხრებზე ხელის მოხვევით და ზოგმა ხმადაბალი საუბრით, დამშვიდება დაუწყეს მათ. კაცებსაც ემჩნეოდათ სისველე სახეზე, თუმცა, ძნელი სათქმელი გახლდათ, რით იყოს ეს გამოწვეული – გრძნობების მოძალებით, თუ თოვლით, რომლის ფანტელებიც დილიდან მოფარფატებდნენ ჩაჟამებული ციდან. გაისმა ბრძანება – „დადეექ!“ და ახლა იუნკრები აფუსფუსდნენ. ტროტუარებიდან ქუჩაზე გადმოინაცვლეს და სწრაფად, ლამის სირბილით შეუდგნენ წინასწარ განსაზღვრული ადგილების დაკავებას. ფეხისწვერებზე აწეული ბიჭუნა გაფაციცებული ადევნებდა თვალს მათ გადაადგილებას, მორიგ შეტყობინებას ელოდა, ტყუილად ხომ არ ანიშნებდნენ – დაიცადეო. მხარზე ხელის შეხება რომ იგრძნო გვერდიდან, არც კი გაუხედავს ვინ იყო, იფიქრა, ვეფარები ალბათ ვინმესო და ფეხისწვერებიდან ჩამოიწია. ვის დაუფარავდა თვალთახედვის არეს გაწრიპული ბიჭი, ცხადია – ვერავის, მაგრამ ასეთი რამ აზრადაც არ მოსვლია, სხვაგან ქროდა მისი გონება.
▪️ მსუბუქად რომ შეაჯანჯღარეს, მხოლოდ მაშინ მიიხედა; ვისაც ეძებდა, ის შერჩა ხელთ – იუნკერი, რომელიც მისკენ დახრილიყო, უღიმოდა და რაღაც შეკვრას უწვდიდა; ეს შენო – ამ ორად-ორი სიტყვის თქმა მოასწრო, გაიქცა და ჩადგა თანამებრძოლებს შორის... ასეული დაიძრა და ბიჭი მიჰყვა. არ ეგონა, რომ მთელ გზაზე ისეთივე ხალხმრავლობა იქნებოდა, როგორიც სასწავლებელთან. ყველგან სავსე იყო ტროტუარები, კვლავ ისმოდა ქვითინის ხმა, თუმცა ყვავილებსაც ისროდნენ ქალები, უმეტესად მაღალი შენობების აივნებიდან. სულ გზის გაკაფვა უწევდა, ძალ-ღონეს არ იშურებდა, მწყობრი ნაბიჯით მიმავლებს რომ არ ჩამორჩენოდა. როგორც კი ოდნავ სიხალვათეს წააწყდებოდა, დაბრკოლებების გადალახვისას დაკარგულ დროს ინაზღაურებდა, მირბოდა. თებერვლის წუნკალი, ნესტით გაჯერებული თოშის მიუხედავად, სიცივეს ვერ გრძნობდა, ხვითქიც კი გასდიოდა დროდადრო. ნაჩუქარი შეკვრა ხან ცალი ხელით ჰქონდა მიკრული მკერდზე, ხან ორივეთი. შეხებით ვერ ხვდებოდა, რა უნდა ყოფილიყო გახვეული მუყაოსავით სქელ ქაღალდში, რომელსაც გარდიგარდმო წვრილი თოკი ჰქონდა შემოჭერილი. გახსნაზე არც უფიქრია, არც წარმოსახვა დაუძაბავს გამოსაცნობად. მის ფანტაზიას სხვა სურვილები აფორიაქებდა. უნდოდა, რომ გზა, რომელსაც იუნკერებთან ერთად ადგა – ბოლომდე გაევლო, მათ გვერდით აღმოჩენილიყო ბრძოლის დროს. როგორც ძალიან მაგარი წიგნების კითხვის დროს, ახლაც ხედავდა, როგორ ეხმარებოდა სისხლსა და ტალახში ამოსვრილ მეომრებს – როგორ აწვდიდა მათ წყალს გვერდებშეჭყლეტილი ლითონის მათარით და როგორ მიათრევდა მათკენ ტყვია-წამლით სავსე ყუთებს. ამ სურათებში ერთი მეომრის სახე იკვეთებოდა ყველაზე მკაფიოდ და ეს არ გახლდათ გასაკვირი... ბიჭუნა მხოლოდ ერთ მათგანს იცნობდა. მხოლოდ მობურთალი იუნკრის მზერა და ნაკვთები იყო აღბეჭდილი მის მეხსიერებაში... სურვილები სურვილებად, მაგრამ ადრე თუ გვიან რეალობას უნდა დაბრუნებოდა, უნდა დამორჩილებოდა სოლოლაკის ქუჩის დასაწყისში გამწკრივებულ სამხედროებს, მათ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს ეკრძალებოდათ „შემდგომი გადაადგილება სამხრეთის მიმართულებით“, უნდა დასჯერებოდა თვალის გაყოლებას ასეულისათვის და როცა ვეღარ დაინახავდა მას, იმით უნდა ენუგეშებინა და გაემხნევებინა თავი, რომ ქუჩებსა და მოედნებზე შეკრებილი ხალხისაგან განსხვავებით, მან არა მარტო განსაკუთრებული ყურადღება, არამედ საჩუქარიც დაიმსახურა. რაც უნდა აღმოჩენილიყო შეკვრაში, სულ უბრალო, თითზე გადასახვევი ძაფივით იოლად მოსაპოვებელი ნივთიც კი, ის აუცილებლად გახდებოდა ბიჭუნას თავმომწონეობის მიზეზი და ცოტა ხანში ყველა, ვინც უსმენდა ხოლმე მის მონათხრობებს იპოდრომზე გამართული ბურთაობებისა და მობურთალების შესახებ – საკუთარი თვალით იხილავდა მას. „პასაჟ კროშკაში“ ორ შაურად ნაყიდი ჩიკორიც რომ ყოფილიყო, რომლის დაბზრიალებას ქამრის შემოკვრით ხელის მაგარი გაწაფვა სჭირდებოდა – იმასაც კი სხვა ფასი დაედებოდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებოდა, რა თქმა უნდა, გამჩუქებლისა და გაჩუქების მომენტის გამო. თუმცა, ჩიკორი ვერ იქნებოდა, ვერც სხვა მომცრო რაიმე, რადგან შეკვრა საკმაოდ მოზრდილი გახლდათ, დაახლოებით ბიჭუნას მკლავის სიგრძე. ზუსტად ამ ზომისა აღმოჩნდა ის, რაც თოკისა და ქაღალდის შემოხსნის შემდეგ დაინახა ბიჭუნამ. მას ისეთი რამ შერჩა ხელში, რაზეც ახლა კი არა, რამდენიმე წლის შემდეგ უნდა გაებედა ოცნება – ხაოიანი ტყავისაგან შეკერილი, ოდნავ ცხვირებაქლეთილი, თასმებით ერთმანეთზე გადაბმული ბუცები. სწორედ ის ბუცები, რომლებსაც თამაშის წინ ძირებზე კბილანებს უმაგრებდა ხოლმე სულ ცოტა ხნის წინ მტერთან საომრად წასული თმადატალღული ბიჭი...
***
▪️ შალვა ერისთავს ისე სწრაფად არასოდეს ურბენია. მან იცოდა, რომ ეს მისი უკანასკნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი გარბენა იყო, რომ ამჯერად ყველაზე ძლევამოსილ მოწინააღმდეგეს ეჯიბრებოდა, რომ დისტანციის, გვარიანად დამრეცი ფერდობის ბოლოს ტყვიამფრქვევი ელოდებოდა, წოწოლაქუდიანი გადამთიელის ხელში აკაკანებული „მაქსიმი“, რომელიც უმოწყალოდ უქადდა მოცელვას მის თანამებრძოლებს. ამ იარაღის ცხელ ლულას უნდა დაჯახებოდა მკერდით, ზედ გადაფარებოდა და საიმედოდ დაეგმანა, რათა ფრენა ვეღარ გაეგრძელებინა, გარეთ ვეღარ გამოეღწია ვერც ერთ ტყვიას...
▪️ ეს ამბავი იუნკრების ბრძოლაში ჩაბმის მესამე დღეს მოხდა. ფრონტის რვაკილომეტრიან მონაკვეთს, რომელსაც ისინი იცავდნენ, ვერაფერი მოუხერხა მტერმა. მას ვერც უკვე დაპყრობილი ბაქოდან გადმოსროლილმა დამხმარე ძალამ უშველა და ვერც არტილერიის ამოქმედებამ. ასეულმა, რომელმაც პირადი შემადგენლობის მესამედი დაკარგა, რამდენიმე კონტრიერიში განახორციელა და მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიკავა; ბრძოლის ველი კი მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა სარდლობისგან უკანდახევის ბრძანება მიიღო. ბრძანების გაცემის თარიღი ათას ცხრაას ოცდაერთი წლის ოცდაოთხი თებერვალი გახლდათ, ხოლო მეორე დღეს – ოცდახუთ თებერვალს თბილისის თავზე დამპყრობლის, ბოლშევიკური რუსეთის სისხლისფერი დროშა აღიმართა...
▪️ იუნკერ ერისთავის თავგანწირვის და დაღუპვის ამბავს ბიჭუნა აუცილებლად შეიტყობდა. ყურს მოჰკრავდა იმასაც, როგორ ჩამოასვენეს და მალულად როგორ დაკრძალეს მისი ნეშტი ოჯახის წევრებმა და საცოლემ, ალბათ იმ ქერათმიანმა გოგომ, დიდუბის იპოდრომზე რომ იმყოფებოდა შეყვარებულის საგულშემატკივროდ. ცრემლები ჩამოუგორდებოდა ჭორფლით დაწინწკლულ ლოყებზე და შეეცდებოდა წარმოედგინა, რას გრძნობდა უკანასკნელი გადაწყვეტილების მიღებისას ბიჭი, რომელმაც ბუცები უსახსოვრა. რთული სათქმელია, რამდენად ზუსტი იქნებოდა მისი ვარაუდი, თუმცა, რეალობასთან მეტ-ნაკლებად მიახლოებული ვერსია, რომელიც იმ მომენტში დაებადებოდა, მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა და ამა თუ იმ ეტაპზე. ცდუნებით გარემოცულს და არჩევანის წინაშე მდგარს, სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებოდა. სიცოცხლისუნარიანობას ვერსიისა, რომლის თანახმადაც შალვა ერისთავი იმ საბედისწერო ჟამს სიყვარულსაც გრძნობდა, სიძულვილსაც, სინანულსაც, სიცივესაც კი, ანუ ყველაფერს, შიშის გარდა – გაუხანგრძლივებდა და გაუძლიერებდა სახსოვარი – ცხვირებგადაქლეთილი ბუცები, რომლებსაც კედელზე დაკიდებდა... როგორც უძვირფასეს რელიკვიას, როგორც განხორციელებული გმირობისა და განსახორციელებელი მიზნის სიმბოლოს... და არაერთი ათეული წლის მანძილზე, თუკი ამდენი ხნის სიცოცხლე ეწერა, თვალისჩინივით გაუფრთხილდებოდა...
▪️ ეს, რაც შეეხება ვარაუდებს, დაბეჯითებით კი, ერთი რამის მტკიცება შეიძლება – ბოლშევიკური ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარ ადამიანებთან ურთიერთობისას, მუდამ ყროლის სუნს იგრძნობდა, იმ სუნს, რომელიც ნიავს მოჰქონდა ხოლმე ოდესღაც ბრაზიანი, წითელი დროშების მოფრიალე მუშებისა და რუსი დეზერტირების თავშეყრის ადგილიდან...“.
📓 ზაალ სამადაშვილი, „იუნკერ ერისთავის ბუცები“ | შეძენა შეგიძლიათ როგორც წიგნის მაღაზიებში, ისე ონლაინ, ბმულზე 👉 https://tinyurl.com/46yuvkhm
#ინტელექტი #ზაალსამადაშვილი #იუნკერერისთავისბუცები