12/01/2023
***
ადრე, რამდენიმე წლის წინათ მშობლებმა პირველად მიყიდეს სენსორიანი ტელეფონი, არასდროს დამავიწყდება ის დღე, მზიანი, ცხელი და უარებლად მტვრიანი ივლისის დღე იყო, ყველა წვიმის წვეთებს შენავტროდა, მაგრამ ის არსად მოჩანდა, თითქოს წვიმა მატარებელია, რომელიც მიდის და უკან არასდროს ბრუნდება და იმ ფილმის მომენტს გახსენებთ, სადაც სელინი მატარებელში ჯდება და ითან ჰოუკი მხოლოდ შორიდან გაჰყურებს მას. სწორედ იმ დღეს სოფელში ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ბურთით, როცა მამაჩემის მანქანის სიგნალი გავიგონე, ამ სიგნალს მილიონ სხვა სიგნალში ამოვიცნობდი, რადგან ვიცოდი, იქ ის ადამიანი იჯდა, რომელიც ჩემს გამო ათასი სისულელის ჩამდენი იყო და მსოფლიოში ყველაზე მეტად ვუყვარდი, მე სახელად "მამას კუდრაჭა", უკან მოუხედავად გავიქეცი ჭიშკრისაკენ და თვალწინ წარმოვიდგინე სცენა, რომელსაც ყველა ქართველი ბავშვი წარმოიდგენს სოფელში დასვენებისას, მამა იღლიაში ამოჩრილი საზამთრო და ნესვით, რომელიც გთხოვს, რომ სხვა ბარგი გადაიტანო, შენც ამ მოქმედებას აუცილებლად ასრულებ არა იმიტომ, რომ ჩემი პრიორიტეტი მისი დახმარებაა მაინც და მაინც, უბრალოდ ძალიან გაინტერესებს ის შოკოლადი მართლა თუ ჩამოგიტანა გუშინწინ რომ დააბარე, შენც ამ უამრავ პარკში იპოვი იმ სასრუველს და ბედნიერებად უღიმი, ის შენს სახელს გაყვირის მთელს ეზოში, რათა მონატრებულზე თვალი უმალ შეგავლოს, ხოდა არც მამაჩემი ყოფილა გამონაკლისი, სწორედ იმ ბედნიერ დღეს პირველად დავიკავე ხელში ის ნივთი, რომელმაც ჩემი ასობით და ათასობით მოგონება დაიტია. დაწყებული ჩანაწერებით, დასრულებული უამრავი ფოტოსურათით, სწორედაც ის ტელეფონი იყო ჩემი მესაიდუმლე, სადაც უამრავი ახალი საინტერესო ჩანაწერი იქმნებოდა. მთიდან ბარიდან, ზღვიდან, სახლიდან, ეზოდან, სკოლიდან, ველიდან ყველაზე ხშირად კი მაშინ ვწერდი, როცა სევდას ვგრძნობდი ალბათ... ან ნაღველს, სახელი თავად შეურჩიეთ. მართლაც ის ადამიანები წერენ საუკეთესოდ, ვისაც ცხოვრებაში მუდმივად სდევს სევდა, რადგან წერის სურვილი გაზიარების სურვილიდან იწყება. მოკლედ ვწერდი... ბევრს ვწერდი, მაგრამ ერთ დღესაც ჩემი მოგონებები გაქრა... არასდროს მიფიქრია ჩემი სევდის სხვისითვის გაზიარება, ამიტომაც ისინი, ის სიტყვები, ასობგერები აორთქლდნენ და გაიბნენ ჰაერში, ისევე გაუჩინარდნენ, როგორც სკოლის მეგობრები, რომლებთანაც პირობა დადე. ვინ იცის, ამ ნივთმა, რამდენი გრძნობა და ცრემლი დაიტია, მაგრამ ახლა ვეღარც კი გავიხსენებ მათ...
მას შემდეგ ახალი მეგზური გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ამ მეგზურშიც კი ვიპოვე აპი სახელად: "samsung notes", მაგრამ იქ უნივერსიტეტის საგნებისა და რძის ლიტრობის ნამცხვარში განსაზღვრის წესის მეტი არაფერი დამიწერია... ალბათ გულს ვერ ვუდებდი, დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ რაც სტუდენტი გავხდი, თუმცა დღეს პირველად ვიგრძენი სევდა, აი ის სევდა ბედნიერი რომ ხარ და შინაგანად რაღაც მაინც რომ გჭამს, მაინც გასევდიანებს და ყველაზე საშიში ნაწილი ამ ამბის სწორედ ისაა, რომ არ იცი ეს პატარა სევდები* საიდან მოდის ან სად ქრება, თანაც მიზეზს გამუდმებით ეძებ მაგრამ ის ყოველთვის სიყვარულიდან, აკადემიური წარუმატებლობიდან ან თუნდაც მეგობრობიდან არ გამომდინარეობს და ეს იცით უბრალოდ თავისთვის არსებობს მოდის და მერე ისევ გტოვებს, ხოდა ამ სევდამაც დღეს მაიძულა პირველად მეცადა ისევ დამეწერა რაღაც, სადაც ჩემს მოვძებნიდი ჩემს თავს ამოვიკითხავდი, იმიტომ რომ დიდი ხანია აღარ მომიძებნია საკუთარი თავი, ალბათ დიდი ხანია დავივიწყე როგორ უნდა მეპოვა საკუთარი თავი, ზოგჯერ იმ აგიტატორებისაც კი მშურს სხვა ადამიანების მოძიება და მათი იძულება რომ შეუძლიათ, ასე სწრაფად და იოლად, რადგან სულ სხვა ადამიანებს დავეძებდი, ამასობაში კი დამავიწყდა ის თუ სად ვიყავი მე, ალბათ ამ გრძელი და მრავალსიტყვიანი ტექსტის შემდეგაც კი ასე იქნება თუმცა მაინც... და აი მოვედით კიდეც, ამ მომენტში ალბათ იფიქრებთ მოდი ჩავყვები დაე ვნახავ კიდევ რამდენი აბზაცის წაკითხვა უნდა მომიხდეს, რადგან სათქმელი მეტად გაეწელაო მაგრამ რა ვქნა, რომ ნატურალისტ მწერლებს დიდ პატივს ვცემ და აქედანვე მოვიკითხავ მათ. და მთელი ისტორიაც რაშია? რომ სულ ერთი და იგივეს ვუბრუნდებით, რომ სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ. დღეს საკუთარ თავს ვეკითხები: მითხარი რა გაბედნიერებს ასე ძალიან? ხოდა მეც ვიფიქრე, მოდი რადგან კითხვა დავუსვი მეს, აქვე პასუხების ძიებაც არ იქნებოდა ურიგოთქო. ახლა 05:42 ია მაგრამ მე ისევ არ მეძინება, ამიტომ ვეცდები ამ არც თუ ისე იოლ შეკითხვას ნაწილობრივი და ცოტათი სასაცილო პასუხებიც კი გავცე, პასუხი ვერასდროს იქნება ერთი, რადგან ის ყოველდღე სხვადასხვანაირი იქნება, თუმცა ვერც იმას შევძლებ, რომ ეს ნაბიჯი ყოველდღე გადავდგა. მოვდივარ და ჩემს მეგობრებს ვუყურებ, რომელთაც ჩემს ცხოვრებაში შემოაბიჯეს და გული ამიჩქარეს, ჩემი ცხოვრებაც ააჩქარეს, რუტინაც, რითმიც, მოტივაციაც. ვუყურებ მათ თეთრ ფეხსაცმელებს, როგორ გაშავებულიყო, ისინი იცინიან, კიდევ იცინიან და ისევ იცინიან და ასე გრძელდება...ვუყურებ და ვგრძნობ როგორ მეღვრება გულში სითბო, სიყვარული და თითქოს ბედნიერიც ვარ, მაგრამ რაღაც უკან გადამისვრის, ეს ამოგდების ძალას ჰგავს, ფიზიკაში ძლიერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რაღაც ასეთი ნამდვილად მისწავლია. მოკლედ ვუყურებ მათ და ვფიქრობ და მაინც წლების მერე, განშორების, შეცდომების, ტკივილის, მწუხარების, სიხარულის, სიყვარულის, ბრძოლის, წინსვლის, დაცემის შემდეგაც კი განა შევძლებთ ფეხით მოსიარულე 5 ადამიანი ვიყოთ ისევ ისე ძლიერად მთლიანი, ერთიანი, ერთი გუნდი უნდი, ერთი დიდი ვარსკვლავი რომელიც ნაძვის ხის თავზე ასე კაშკაშად ანათებს, თუმცა ისევ მახსენდება რომ სამუდამოდ არაფერი გრძელდება, ალბათ სწორედაც ამაშია ხიბლი, როცა იცი რომ შეიძლება ის რაც დღეს ასე ძალიან გიყვარდა და მოგწონდა რისთვისაც ასე ძალიან იბრძოდი ხვალ აღარ არსებობდეს, ისე დადნეს შენ თვალწინ, როგორც თოვლის ფანტელი ხელის გულზე და რას აკეთებ ამ დროს შენ? არაფერს. ვერც იმოქმედებდი, ამიტომ თავი არ დაიდანაშაულო. გააგრძელე გზა, რომელსაც ცხოვრებას ვეძახით და ის გიჩვენებს, რომ შენ ვერასდროს ვერაფერს გახდებოდი იმის წინაშე, რასაც დროს ვეძახით და ის ასეთი ჩქარი და დაუნდობელია.
სახლში ვარ, ვცდილობ ჩემს ძველ გამათბობელს მივებუზო და ფანჯარაში თოვლის ფანტელებს ვუყურო, როგორ გადაათეთრებენ სამყაროს ჩემს თვალწინ მე კი მხოლოდ მოწმე ვიქნები ამ ყველაფრისა, იყურები ასე გაუჩერებლად და რას ხედავ? იმას რაც ცხოვრებას ცხოვრებად აქცევს. შენ უყურებ პასუხს, რომელივ შენს თავს წინა აბზაცში დაუსვი, უყურებ და ხვდები, რომ კითხვას უსიტყვოდ უპასუხე. ორი ადამიანი თეთრად დათოვლილ გზაზე მიდის, მათ გარშემო უკუნითი სიცარიელე და უცებ ჩნდება ცოცხალი არსება, რომელიც სითბოს ელის უცხო გამვლელებისგან, შენ კი უყურებ, როგორ იჩენენ ისინი ამ უმწეო არსებისადმი სიყვარულს და ისიც პატარა კუდს სიხარულით აქიცინებს და ხვდები, აი, აი ეს ყოფილა ჩემი კითხვის პასუხი, რა არის ბედნიერება? რად ღირს ცხოვრება? აი, უყურეთ! აი ამ მომენტად წეღან, რომ დაინახეთ ასე თვალნათლივ, იმ პატარა მომენტებისთვის, რომელიც პულსს გიჩქარებთ, თვალებიდან ცრემლებს გორგალივით ჩამოასრილებს, ტკივილებს დაგავიწყებთ, არც სვიტერი გაგახსენდებათ, რომელიც სამწუხაროდ გამათბობელზე დაწვით, იმიტომ რომ თქვენ ვერ შეძელით პასუხისთვის თვალი მოგეწყვიტათ, მაგრამ აი დასრულდა მომენტი და ქუჩაში ისევ სრული სიცარიელეა, თქვენ ახლა გეძინებათ თვალებს ხუჭავთ და იცით პასუხი, მაგრამ ისიც იცით ნანახი თუ სადამდე გაგრძელდება, სადამდე დარჩება თქვენს მეხსიერებაში, ან ჩააღწევს თუ არა გონების ყველაზე ღრმა წიაღში რადგანაც ისევ უკან ვბრუნდებით, იქ სადაც დრო და უამრავი კითხვაა...