2017 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამიტმა ელექტრონული სპორტის სწრაფად მზარდი პოპულარობა აღიარა და დაადგინა, რომ - 'ელექტრონული სპორტი შესაძლოა სპორტულ აქტივობად ჩაითვალოს. მოთამაშეები, რომლებიც ამ აქტივობაში არიან ჩართულნი, ემზადებიან და ვარჯიშობენ ისეთი ინტენსიურობითა და სიხშირით, როგორსაც ტრადიციულ სპორტულ სახეობებში ვხვდებით.'
'ელექტრონული სპორტის მაყურებლობა განსხვავდება ფეხბურთის მაყურებლობისგან. eSports-ის ყურება იგივეა, რაც იმ ადამიანის ყურება, რომელიც 'ფენტეზი' ფეხბურთს თამაშობს,' - განაცხადა ჯიმი კიმელმა 'ღამის შოუში' 2015 წლის პირველ სექტემბერს და დარბაზში შეკრებილი აუდიტორიისგან ხანგრძლივი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
ჯიმიმ არ იცოდა, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან ზუსტად ერთ კვირაში, საკუთარ გადაცემაშივე მოიხდიდა ამ ფრაზისთვის ბოდიშს. არც ის იცოდა, რომ, როგორც უკვე წაიკითხეთ, მისი განცხადებიდან ორიოდ წელში, ოლიმპიური კომიტეტი ელექტრონულ სპორტს (eSports) იმად აღიარებდა, რაც არის – ანუ სრულფასოვან სახეობად. კიმელის განცხადებაზე 'League of Legends'-ს საინტერესო და ეფექტური პასუხი აქვს, მოკლე ვიდეოს ფორმით, რომლის გზავნილიც ძალიან მარტივია – 'eSports უბრალოდ სპორტი არაა, ის ჩვენი თამაშია'.
ვერც ყოფილი კალათბურთელი რიკ ფოქსი ('ბოსტონ სელტიქსი' – 1991-1997; 'ლეიკერსი' - 1997-2004) წარმოიდგენდა ოდესმე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, ელექტრონული სპორტის ფრანჩაიზს, 'Echo Fox'-ს ჩამოაყალიბებდა და ამ სახეობის ერთ-ერთი უპირველესი ადვოკატი გახდებოდა.
რა არის ელექტრონული სპორტი
სიტყვები 'ელექტრონული სპორტი', ანუ eSports, აღწერს ვიდეოთამაშებში კონკურენტულ და ორგანიზებულ გარემოში შეჯიბრს. კიბერ ათლეტები სხვადასხვა ლიგებიდან ერთმანეთს ისეთ თამაშებში ეჯიბრებიან, როგორებიც Fortnite, League of Legends, Counter Strike: GO, Call of Duty. Overwatch, Madden, FIFA და ბევრი სხვაა.
მათ შეხვედრებს მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. ბევრი მათგანი ღონისძიებებს ან ისეთ პლატფორმებზე უყურებს, როგორებიც twitch.tv-ა, ან პირადად ესწრება. პოპულარულ კიბერსპორტსმენებს, სპორტის სხვა ვარსკვლავების მსგავსად, უამრავი 'ფანი' ჰყავთ, რომლებიც მათი თამაშის სტრიმებს რეგულარულად უყურებენ.
თანადროული მნახველების რეკორდი Fortnite-ს მოთამაშე Ninja-ს აქვს, რომლის სტრიმსაც ერთდროულად 670 000 მაყურებელი ჰყავდა.
რამდენი ადამიანი უყურებს ელექტრონულ სპორტს
მოკლე პასუხი მარტივია – უამრავი. ბაზრის მკვლევარი კომპანია Newzoo-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის თანახმად, eSports-ს 2018 წელს 380 მილიონი ადამიანი უყურებდა, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ხუთი პროცენტია. მათგან 165 მილიონი კი 'ელექტრონული სპორტის ენთუზიასტია' - ეს ახალი ტერმინი იმ ადამიანების დასახასიათებლად გამოიყენება, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში გამართულ ტურნირებს რეგულარულად ადევნებენ თვალს. ენთუზიასტების უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩინეთში და სამხრეთ კორეაში ცხოვრობს.
📷
ტურნირები და სხვა ღონისძიებები იმდენივე ადამიანს იზიდავს, რამდენსაც ტრადიციული სპორტული ფორუმები. 2017 წლის League of Legends-ის Worlds-მა, ანუ მსოფლიო ჩემპიონატმა, 80 მილიონზე მეტი მაყურებელი მიიზიდა და გახდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიება eSport-ის ისტორიაში. 2017 წლის ივლისში ESPN-მა და Disney XD-მ განაცხადეს, რომ მათ 'Overwatch League'-თან მრავალწლიანი კონტრაქტი დადეს. იმავე Newzoo-ს კვლევის მიხედვით, 2017 წლის მანძილზე ელექტრონულ სპორტში 588 მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. ეს დღეში ერთ ღონისძიებაზე საგრძნობლად მეტია.
ვინ თამაშობს ელექტრონულ სპორტს
რამდენად რთული წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, უმაღლეს დონეზე მოთამაშე კიბერ ათლეტების ცხოვრება ძალიან ჰგავს იმ სპორტსმენების ყოველდღიურობას, რომლებიც NFL-ში, NBA-ში, NHL-ში და სხვა ელიტურ ტურნირებზე ასპარეზობენ.
რადგან NBA ვახსენეთ, ვისაუბროთ იმ კიბერ სპორტზეც, რომელიც მისი ექვივალენტია – NBA 2K. 2018 წლის დრაფტისას NBA-მ 102 ათლეტი შეარჩია და ღონისძიება პროცედურულად და პომპეზურობით ძალიან ჰგავდა NBA-ს დრაფტს.
საქმეში ელიტარული უნივერსიტეტებიც ჩაერთვნენ – აშშ-ში უკვე 50-ზე მეტ კოლეჯს აქვს დაფინანსების პროგრამა მათთვის, ვინც ელექტრონულ სპორტს მისდევს. საუნივერსიტეტო ჩემპიონატებზე კი ათასობით დოლარი საპრიზო თანხა თამაშებდა.
eSport-ის მთავარი ხიბლი მისი ხელმისაწვდომობაა. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საშუალო სიძლიერის პერსონალური კომპიუტერი აქვს, შეუძლია მარტივად, სახლიდანვე ჩაერთოს სპორტულ აქტივობაში.
რამდენი ფულია ელექტრონულ სპორტში
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კვლავ Newzoo-ს უნდა მივუბრუნეთ, კომპანიას, რომელსაც ამ სფეროში არსებული ყველაზე ახალი და სანდო კვლევა ეკუთვნის. ავტორების დასაბუთებული აზრით, ელექტრონული სპორტის შემოსავალი 2018 წელს 906 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2019-ში კი ერთ მილიარდს გადააჭარბებს.
📷
ეს საკმაოდ მომხიბლავი ბაზარია, არა მხოლოდ მოთამაშეებისთვის, არამედ ბრენდებისთვის, რომლებიც კომპიუტერულ პერიფერიალს ქმნიან და რა თქმა უნდა თამაშების შემქმნელებისთვის. მაგალითისთვის – EA GAMES-ის Madden 2019-მა კომპანიას შემოსავლის სახით ოთხი მილიარდი დოლარი მოუტანა.
თავად მოთამაშეებსაც საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვთ – ტურნირებზე მილიონობით დოლარი თამაშდება და ამ თანხის უდიდესი ნაწილი, როგორც წესი გამარჯვებული გუნდის წევრებს შორის ნაწილდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტოპ ათლეტები წლიურად შვიდციფრა ჯამაგირს იღებენ. გაინტერესებთ მხოლოდ 2017 წლის Worlds-ზე ბილეთების გაყიდვით რა შემოსავალი მიიღო კომპანია Riot Games-მა? 5.5 მილიონი დოლარი.
ამ რიცხვების და მონაცემების გათვალისწინებით ელექტრონულ სპორტს უკვე თითქმის შეუჩერებელი კულტურული იმპულსი აქვს და ზრდას სწრაფი ტემპით გააგრძელებს.
ვარაუდობენ, რომ 2018 წლის მიწურულს სპორტის ამ სახეობის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოში 1.6 მილიარდ ადამიანს ექნება, ეს კი მაცხოვრებლების მეხუთედზე მეტია.
ასე რომ, თუკი ტერმინი 'ელექტრონული სპორტი' ან eSports-ი პირველად გესმით, ცოტა ხანიც მოიცადეთ. მისი გლობალურ ფენომენად ქცევა პრაქტიკულად გარდაუვალია.