08/07/2022
ყველა დაწერს, როგორ შეხვდა რეზო გაბრიაძეს.
მე დავწერ, როგორ არ შევხვდი.
ოღონდ ორიგინალურობის გამო არა, მართლა.
ეს იყო შარშან თებერვალში. ჯერ მე დავურეკე. „ყელში მილი მიდგას, თავი ქარხანა მგონია“ - მითხრა. მერე მან დამირეკა მეორე დილით, ადრე. „ვინ იყო?“ მკითხა ჩემმა ქმარმა, „რეზო გაბრიაძე“ - ვუპასუხე. „რეზო გაბრიაძე??“ „ხო. რეზო გაბრიაძე.“ მერე ისევ დამირეკა საღამოს: „ხომ ნამდვილად ნახავთ ჩემს ფილმს?“ - შევთანხმდით, რომ ფილმს ვნახავდი, მერე დავურეკავდი და შევხვდებოდით.
ჩემს შვილთან ერთად ვუყურე მის ანიმაციურ ფილმს „ჰარი ჰარალე, დედაო!“.
აღარ დამირეკია შესახვედრად.
„გაბრიაძეს არ დაურეკე, ხო? ეეჰ, ნანა, ნანა!“ - პერიოდულად მსაყვედურობდა (და აწი უფრო მისაყვედურებს) ერთი მეგობარი, ვინც იცოდა ამ არშეხვედრის შესახებ.
ხდება ასე ზოგჯერ: გინდება, არასოდეს შეხვდე მიწიერ ადამიანს, რომელიც არამიწიერი გგონია.
სწორი გადაწყვეტილება იყო.
მერე პანდემიაც დაგვეწია.
არასოდეს შევხვედრივარ რეზო გაბრიაძეს, ან რად მინდოდა შეხვედრა: სად წავა, სულ აქ არ იქნება?!
ერთადერთხელ დავინახე გაბრიაძის კაფის წინ - გადავიღე კიდეც ზურგიდან - გადავსებულ, არუზრუზებულ ქუჩაში - რუხ-თეთრი, ხელჯოხისკენ გადახრილი, ულანდო.
ერთხელ „სახე(ლ)ების“ ჯილდო გავუგზავნე, ფორმალური ტექსტით: „ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.“ ფორმალური ვალი მოვიხადე (თვითონაც რა ფორმალური სახე აქვს);
პირველად მაშინ მესაუბრა ტელეფონით, „შავ კაცს“ ეძებდა - ოღონდ მართლა, და მე მოვხვდი ხელში:
„და, მაგალითად, ვინ ხართ თქვენ?
- მე ვარ ნანა აკობიძე.
- ეს იგივეა, თქვათ: ა, ბე, ცე!“
ასე გავხდი „ქალბატონი აბეცე“ და ეს საუკეთესო მეტსახელია იმათ შორის, რაც კი ოდესმე შეურქმევიათ.
არასდროს შეხვედრამდე, ბატონო უსასრულობავ!
ტექსტი: ნანა აკობიძე
7 ივნისი, 2021