შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის ჟურნალი "მეციხოვნე"

  • Home
  • შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის ჟურნალი "მეციხოვნე"

შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის    ჟურნალი "მეციხოვნე" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის ჟურნალი "მეციხოვნე", Media/News Company, .

9 აპრილის გმირირომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა. იტყოდნენ, სიმღერით შეხვდა მტერს და სიკვდილსო ასეც იყო, მაგრამ გადარჩა......
10/01/2021

9 აპრილის გმირი

რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა. იტყოდნენ, სიმღერით შეხვდა მტერს და სიკვდილსო

ასეც იყო, მაგრამ გადარჩა... გადარჩა და იმ დღიდან, როცა 9 აპრილის საშინელი ღამე ნახა, სიმღერით ირჩენს თავს. მეტროში, ვაგონ-ვაგონ დადის და მოწყალებას ითხოვს იმ სიმღერის სანაცვლოდ, რომელიც დაუჩოქებელი ერის ჰიმნად იქცა. "დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს..." ამ სიმღერით ლელა ვეფხვაძე, სხვა უსინათლოებთან ერთად, თავისუფლების სიმბოლო გახდა - არაღიარებული გმირი, რომელმაც ყველა ეპოქის მსოფლიოს აჩვენა, რომ ქართველები დამარცხების დროსაც კი არ ვიჩოქებთ, არ ვშინდებით და თავგანწირვით ვიბრძვით.
რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა, თუმცა ნორმალურ ქვეყანაში ცოცხალიც გმირი უნდა ყოფილიყო... ასე დარჩა უსახელო გმირად ლელა ვეფხვაძე, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად, 9 აპრილის უსასტიკეს ღამეს დავით მაჩაბლის ის მისია იტვირთა, ბრძოლაში რომ ქართველ მეომრებს სიმღერით სიმხნევესა და შემართებას ჰმატებდა. უსინათლო გოგონებიდან ცოცხალი მხოლოდ თვითონაა. წელიწადში ერთხელ, ყოველ 9 აპრილს, პარლამენტის წინ, მემორიალთან კვლავ გამოჩნდება ხოლმე თავისი ფანდურით და იმ ტრაგიკული ღამის ემოციებს აახლებს. დანარჩენ დღეებში როგორ ცხოვრობდა და რით არსებობდა უსახელო გმირი, ამაზე არავის ჰქონდა ნაფიქრი, სანამ ამ რამდენიმე ხნის წინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე სტატია არ გამოაქვეყნა:
„ისევ! ისევ აბარგება! ახლა დამირეკა სახლის პატრონმა და მითხრა, რომ ბინის გაყიდვა უნდათ სასწრაფოდ და უნდა დავცალოთ. აღარ ვიცი, რა ვქნა, ჯერ ბინა იპოვო და თან ისეთ ადგილას, რომ ადვილი იყოს ორი უსინათლო ადამიანისთვის სასიარულოდ... რომ იპოვო ადამიანი, ვინც გააფორმებს ხელშეკრულებას და წამოვა ამ ნაწილობრივ დაფინანსებაზე... დავიღალე, ხალხო, დავიღალე! ნუთუ არ შეიძლება, ერთი ბინა მეღირსოს, რომ დავეგდო და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების?! წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ ახლა“. ნაწილობრივ დაფინანსებაზე იმიტომ წერდა, რომ 200 ლარს თვითონ იხდიდა, 400 ლარს კი - თბილისის მერია უხდიდა, თუმცა არა როგორც გმირს, არამედ, როგორც სოციალურად დაუცველს.
ამ პოსტის გამოქვეყნებისთანავე გამოჩნდნენ კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც ლელა ვეფხვაძის მხარდამჭერი კამპანია - „ჭერი ლელასთვის“ წამოიწყეს და ბინის შესაძენად ფულის შეგროვებაც დაიწყო. ამ ამბავს თურმე მეცენატისა და მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ყურამდეც მიუღწევია და მისმა კუთვნილმა „ქართუ ჯგუფმა“ ერთ მშვენიერ დღეს ლელას ვარკეთილის დასახლებაში ოთხოთახიანი ბინა შეუძინა.
ეს დღე კი 10 აგვისტო იყო. ააიპ „შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“ ეგიდით სოფელ მარაბდაში, ხერხეულიძეების საფლავებზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის საღამო იმართებოდა, სადაც შეთანხმებისამებრ, ლელა ვეფხვაძეს თავისი უკვდავი „სალაღობო“ უნდა ემღერა. ქალბატონი ლელა პირდაპირ საჯარო რეესტრიდან გვეწვია და სიხარული პირველებს ჩვენ გაგვიზიარა.
ლელა ვეფხვაძე: – ჩემი ბინის ფულის მოსაგროვებლად კამპანია ააგორა ოთხმა ადამიანმა – მაკა სახურიამ, პირველი კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, გელა იზორიამ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს, ბიზნესმენმა ლევან მაღლაკელიძემ და ნანა მახარაძემ, რომელსაც 9 აპრილიდან ყველა იცნობს, დროშიანი გოგონა იური მეჩითოვის ფოტოზე“.
„ავეჯი ქართველი ხალხისგან შემოსული თანხით შევიძინეთ. ელიტ ელექტრონიქსმა კი ახალი ბინა ტექნიკით სრულად აღჭურვა და კიდევ ერთხელ გაახარა ჩვენი 9 აპრილის გმირი ქალბატონი. მადლობა გენერალურ დირექტორს ბატონ ლადო ჯობავას ამ სიკეთისთვის. ახლა უკვე მშვიდად ვართ და გვახარებს, რომ ლელას და მის ოჯახს აქვს საკუთარი ჭერი. ეს ჩვენ შევძელით ყველამ ერთად მაშინ, როცა მსოფლიოში ფინანსური კრიზისია და ვირუსი მძვინვარებს და ამიტომ მადლობა ყველას კიდევ ერთხელ ამ მისიის შესრულებისთვის“, - წერდნენ სოციალურ ქსელში კამპანია „ჭერი ლელასთვის“ ინიციატორები და სულისჩამდგმელები. ერთ-ერთმა მათგანმა ამ გამარჯვებას ღირსების მისიის დასასრულის დასაწყისიც კი უწოდა. ამიერიდან ლელას ოთხი წლის შვილიშვილს, პატარა გაბრიელს, თავისი ჭერი და კედლები ექნება, სადაც თავისუფლად შეძლებს თამაშსაც და ხმაურსაც. რატომ „ღირსების მისია“, ამაზე ცოტა ქვემოთ ვიტყვით, მანამდე კი ქალბატონ ლელას მისი გულისწყვეტის მიზეზი დავაკონკრეტებინეთ.

ლელა ვეფხვაძე: არ მიყვარს გაღიზიანებული პოსტების გამოქვეყნება, გამოვხატო ჩემი განწყობა, მაგრამ იმდენად შოკი იყო ჩემთვის, სახლის პატრონმა რომ დამირეკა და მითხრა, ბინა დამიცალეთ, უნდა გავყიდოო, რომ გავმწარდი და გამოვაქვეყნე ის სტატია, რამაც შემდეგ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. ხელშეკრულებით, ორი წელი კიდევ მქონდა დრო. იმიტომ დავწერე, დავიღალე ამდენი აბარგება-ჩაბარგებით-მეთქი, მით უმეტეს, როცა ოჯახში, ბავშვის გარდა, ყველას მხედველობის პრობლემა გვაქვს. თანაც, ჩემთვის ძნელია, ყველგან გადაადგილება, იმ ადგილს შეჩვეული ვიყავი.
სრულიად უცხო ადამიანები, რომლებმაც ჩემი პოსტი ნახეს, ჩაუდგნენ სათავეში ამ კამპანიას. ერთ-ერთი მათგანი იყო მაკა სახურია, პირველი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგი. ლევან მაღლაკელიძე, რომელსაც აქამდე არ ვიცნობოდი, ჩემთან მოვიდა სახლში და მითხრა, მრცხვენია, დღემდე უბინაოდ რომ ხართო. ვუთხარი, ჩემნაირები ბევრია, საბედნიეროდ, ვისაც სამშობლო გვიყვარს და რა ვუყოთ მერე-მეთქი? შემომთავაზა, გამოექვეყნებინა ჩემი საბანკო ანგარიში და მიმდინარე წლის 8 ივნისს კიდეც დაიწყო ჩემი მხარდამჭერი კამპანია. ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, რადგანაც ძალიან ცუდი პერიოდი აქვს ხალხსაც და ქვეყანასაც. არც მე ვარ პესიმისტი, მაგრამ ამ ადამიანებმაც ძალიან დიდი იმედი მომცეს, თქვენ ჭერი გექნებათო.
ქალბატონ ლელასთან საუბარი, რა თქმა უნდა, 9 აპრილის გახსენების გარეშე ვერ ჩაივლიდა...
ლელა ვეფხვაძე: 1988 წლის ნოემბერში რომ საპროტესტო აქციები იყო, იქიდან მოყოლებული გამოსვლებში აქტიურად ვმონაწილეობდით. 1989 წლის აპრილში კი დასაწყისშივე ჩავებით. ოთხი ადამიანი ვიყავით, ვინც იქ ვმღეროდით, აქედან სამნი, დონარა ცხადიაშვილი, ზაირა გელაშვილი და თინა ბირკაძე, ცოცხლები აღარ არიან. ჩემი არ იყოს, ისინიც ქვეყნისთვის გულანთებულები იყვნენ. ძირითადად, ღამე დავდიოდით, რადგანაც სამსახურებიდან არ გვიშვებდნენ, განსაკუთრებით მათ, ვინც აქციებში ვმონაწილეობდით და სულ გვაკონტროლებდნენ. როცა თბილისის ქუჩებში ტანკები გამოჩნდა, ერთმანეთს დავუკავშირდით და გადავწყვიტეთ, ჩვენი ერის გვერდით დავმდგარიყავით. ასე მგონია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხედავს, ვინ ვერ ხედავს, ვის სტკივა, ვის არ სტკივა. ხარ შენი ქვეყნის შვილი და რითაც შეგიძლია, იმით უნდა ემსახურო შენს ქვეყანას. ჩვენს ოჯახში ამის დიდი კოდი იყო ჩადებული, მამა ფილოლოგი მყავდა და ასე გამზარდა. ასე რომ, ჩემში დიდი იყო პატრიოტიზმი, ვერ გადავაბიჯე ამ გრძნობას და 9 აპრილის ღამეს მთავრობის სახლთან აღმოვჩნდი.
- ამ წლების განმავლობაში სულ მაინტერესებდა, სიმღერა, რომელიც შემდეგ თავისუფლებისა და გამარჯვების ჰიმნად იქცა, ჯარისკაცები რომ შემოვიდნენ, მერე დაიწყეთ თუ უბრალოდ, მათ შემოსვლას დაემთხვა?
- ჩვენ, უსინათლო გოგონები, საპროტესტო აქციების დროს ბევრ სიმღერას ვმღეროდით. როცა ტანკების ხმა გაისმა, ზვიადი და მერაბი ჩვენ გვერდით იდგნენ და გვითხრეს, გოგოებო, მიდით, „სალაღობო“ დასცხეთ, ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც სიკვდილსაც კი სიმღერით ვხვდებითო. ეს სიმღერა ჩვენ ბოლომდე ვიმღერეთ, უბრალოდ, დარბევის დროს მიკროფონის სადენი გაწყდა და ხმა ამიტომ აღარ ისმის.
- არ გეშინოდათ?
- თქვენ წარმოიდგინეთ, არა. მრთალია, ასაკი მომემატა და ჩემში რაღაცები გადაფასდა, მაგრამ არ მეშინოდა და იცით, რატომ? მაშინ სხვანაირად კარგები ვიყავით. მაპატიოს მკითხველმა, ვიყავით-მეთქი, რომ ვამბობ, მაგრამ იმდენად თბილები იყვნენ იქ მყოფი ადამიანები, იმდენად მოსიყვარულეები და ფაქიზები, რომ არ მინდოდა ხოლმე იქიდან წამოსვლა. განწყობა იყო ძალიან ამაღლებული და ბევრმა ადამიანმა სწორედ ამიტომაც არ დატოვა იმ ღამეს იქაურობა.
- თქვენ ზემოთ მღეროდით. ხოცვა-ჟლეტვა რომ მიდიოდა, ამას ხვდებოდით?
- სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ გამახვილებული გვაქვს სმენა. ვხვდებოდით იმითაც, რომ ჯერ ტანკების ხმა იყო. ისმოდა ნიჩბების ხრჭიალის საშინელი ხმაც, წივილ-კივილი, „მიშველეს“ ძახილი და ვხვდებოდით, რომ იქ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ტალღამ რომ აიწია, პარლამენტის კედელზე მივეკარი და ვეღარ ვსუნთქავდი, საშინელება იყო, მაგრამ მოვახერხე და გავაღწიე მილიციის დახმარებით. მაშინდელი მილიციის სასიქადულოდ მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მობილიზებულები იყვნენ, მათ ჯავშანჯილეტებს გავყევი ხელით. ორიენტაცია კარგი მაქვს და ასე გავედი. ამასობაში ჩემი დის ხმა მომესმა, ლელაკო, მიშველეო და შევბრუნდი. მილიციელმა მიყვირა, ძლივს გამოხვედი, სადღა მიდიხარო?!. ხმაზე მივაგენი ჩემს დას და თინიკო ბირკაძეს და ერთად გამოვედით. საშინელება იყო. მესმოდა, როგორ გარბოდა ხალხი და როგორ მისდევდნენ ჯარისკაცები ჩექმებზე დაკრული ნალებით. ჩვენ რომ მივრბოდით, პირველი სკოლის წინ გვირაბში უნდა ჩავსულიყავით და ბიჭებმა გვითხრეს, არ ჩახვიდეთ, მეორე მხარეს ბევრი ადამიანი დახოცესო. გავჩერდით, ჩვენ წინ ახალგაზრდებმა გაირბინეს და იმათ მისდევდნენ. ავედით ბესიკის ქუჩაზე, იქ ავტობუსი იდგა. ექიმი იყო, ალბათ, გულის წამლები მოგვცა. გვითხრეს, უნივერსიტეტში მივდივართ, იქ უნდა შევიკრიბოთ და ვისაც გინდათ, წამოდითო. რა თქმა უნდა, გავყევით. სახლში რომ წავსულიყავით, ვერც გავჩერდებოდით. იქ გამოცხადდა, არის მსხვერპლი და დახოცილი ადამიანები არამიანცის კლინიკაში გადაიყვანესო. დანარჩენი მეგობრები ვერ ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ, წავსულიყავით არამიანცის კლინიკაში. უნივერსიტეტის ეზოში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა აქცია, იქიდან გაქცევას არავინ ფიქრობდა. რუსთაველის მეტრომდე ფეხით ჩამოვედით და ისევ თავისუფლებისკენ წავედით, დღემდე არ ვიცი - რატომ.
ჩვენი ერთი თანამშრომელი გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა და დათქმული გვქონდა, თუ დავიქსაქსებოდით, მასთან შევკრებილიყავით. მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯარისკაცები იდგნენ. ჩვენდა გასაკვირად, გაიყვნენ და გაგვატარეს, ალბათ, სამი ფარატინა გოგო რომ ვიყავით, იმიტომ. მთავრობის სახლთან რომ მივედით, საშინელი სისხლის სუნი იდგა, წყლით რეცხავდნენ, მაგრამ გაჩერება მაინც შეუძლებელი იყო. იდგა ქალბატონი, ცალი ფეხსაცმლით ხელში და ყვიროდა, შვილი დავკარგეო. ფეხსაცმელი, ალბათ, იმ გოგონასი იყო. არ ვიცი, იპოვა თუ არა, მაგრამ ეს შემზარავი კადრი სამუდამოდ დამამახსოვრდა. გამოგვაგდეს იქიდან და გრიბოედოვის ქუჩაზე მოკლეზე ავაჭერით. იქ არავინ დაგვხვდა ჩვენი მეგობრებიდან და ასე ძებნა-ძებნაში ვიპოვეთ ერთმანეთი. მადლობა ღმერთს, რომ მაშინ ყველა ცოცხალი იყო, თორემ საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდით, რადგანაც ბევრი ადამიანი ჩვენ დავაჯერეთ, აქციაზე წამოსულიყო.

სკოლა 1980 წელს დაამთავრა. იმავე წელს მოხვდა საგუნდო კაპელაში. იქ გაიცნო თავისი მეგობრები, თინიკო, დონარა და ზაირა, ყველანი ერთად კი 9 აპრილის არაღიარებულ გმირებად შევიდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ლელა ვეფხვაძე: ჩემი აზრით, ყველა ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის უნდა გაიღოს ის, რისი გაღებაც შეუძლია. მე აზერბაიჯანში ვიყავი და ვნახე, როგორ პატივს სცემენ სამშობლოსთვის დაღუპულ ადამიანებს. თვითონ გვიყიდეს ყვავილები, რათა მიგვეტანა გმირების საფლავებზე. ჩვენთან რა ხდება, არ ვიცი. მხოლოდ ცხრა აპრილის გმირებზე არ ვსაუბრობ. მხედველობაში მყავს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ნაომარი ადამიანებიც. რატომღაც ძალიან ვაუბრალოებთ იმას, რასაც პატრიოტიზმი ჰქვია. მე კი ყველაზე მეტად გავუფრთხილდებოდი იმ ადამიანებს, ვინც მთელი გულით გაუწევდა სამსახურს თავის ქვეყანას. არ ვართ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, ყველაფერს რომ გავწვდეთ, მაგრამ, თუ კეთილი ნება იქნებოდა, სამშობლოსთვის დაღუპული და ნაბრძოლი ადამიანები მეტად დაფასებულები უნდა იყვნენ.
- თქვენ რა დახმარებას გიწევდათ ხელისუფლება?
- ხელისუფლებისაგან დახმარება მქონია ხოლმე, მიხდიდნენ ბინის ქირას, წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ 200-300 ლარიც მოუციათ, მაგრამ არა 9 აპრილთან დაკავშირებით. როცა ტრაგედიის დღეს მემორიალთან მივდივარ, მათი მხრიდან რეაგირება არის ნული. თუმცა ჩემთვის არავის დაუძალებია 9 აპრილის ღამეს იქ ყოფნა.
- ახლა ხალხის დამოკიდებულებაზეც გვითხარით. გრძნობდით ამ წლების განმავლობაში ხალხის სიყვარულს?
- ჩემი ძირითადი შემოსავალი არის მეტროში ნამღერი სიმღერით ნაშოვნი საარსებო საშუალება. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მომღერალი და საზოგადო მოღვაწე ისურვებდა იმ სიყვარულს, რაც მე მაქვს ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანებისაგან. დამიჯერეთ, ვაგონიდან ვაგონში გამივლია და ძალიან ბევრ ადამიანი, ვისაც თანხა არ ჰქონია, მოსულა და მომფერებია, გადავუკოცნივარ. მამაკაცებს მხარზე უკოცნიათ. როცა მხარზე გკოცნის, ვაჟკაცად გთვლის და ეს ჩემთვის დიდი პატივია. რომ არა ეს სითბო, მე აქამდე მეტროში სიმღერას ვერ შევძლებდი.
- რა შეგიძლიათ უთხრათ მომავალ თაობას იმ წლების გადასახედიდან, რაც გაიარა ერთმა რიგითმა ქართველმა ქალმა, ლელა ვეფხვაძემ?..
- მინდა გითხრათ, რომ საოცრად თბილი და ნიჭიერი თაობა მოდის. თუ სწორად აღზრდიან ამ ბავშვებს, ისინი გამოასწორებენ იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენ არასწორად გადავდგით. თუ გაზრდიან სამშობლოს სიყვარულით, მჯერა, რომ ეს თაობა გააკეთებს იმას, რაც ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი ქვეყნისთვის.
პ.ს. ჩვენ კი პირველ რიგში, გმირების სათანადოდ დაფასება ვერ შევძელით, არადა, ქვეყნის უსაფრთხოება სწორედაც რომ გმირების დაფასებაზე გადის. ლელა ვეფხვაძე საცხოვრებელ ბინას, დიდი ხანია, იმსახურებდა, თუმცა თავის დროზეც რომ მიეცათ, ესეც ვერ უშველიდა იმ ღირსების აღდგენას, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. ბინა და სახლი მატერიალურია და წარმავალი, სახელი კი - მარადიული და საუკუნო. ამიტომაც, ჩემი აზრით, ლელა ვეფხვაძის მიმართ ღირსების აღდგენის დასასრულის დასაწყისი სწორედ ის იქნება, 1989 წლის 9 აპრილის ღამეს, ლელას და სხვა უსინათლო გოგონებისაგან ჯალათების საპასუხოდ სიმღერით შეგებებას გმირობის შეფასება რომ მიეცეს.

ზაირა მიქატაძე

სადაც სიყვარულს კლავენ, იქ ბედნიერება ვერ დაივანებსნამდვილი ამბავიგარკვეულ მიზეზთა გამო გვარ-სახელები შეცვლილია„ქალაქი ჩ...
10/01/2021

სადაც სიყვარულს კლავენ, იქ ბედნიერება ვერ დაივანებს

ნამდვილი ამბავი

გარკვეულ მიზეზთა გამო გვარ-სახელები შეცვლილია

„ქალაქი ჩემი - უბიწო ცხოვარი - აღარ იმწყემსება, წასულა მწყემსი მისი.
ხარს ჩემსას სადგომიდან აღარ დენიან, წასულა მეხრე მისი.
ცხვარს ჩემსას ფარეხიდან აღარ დენიან, წასულა მაძოვარი მისი.
არხები ჩემი ქალაქისა ქვიშით ამოივსო, მათ კალაპოტში წყალი აღარ ჩქეფს,
წასულა მეურნე მისი.
ყანებში ჩემი ქალაქისა ხორბალი განქარდა, წასულა მუშაკი მათი.
ყანები ჩემი, ვითარცა ყამირი, ძეძვს აღმოაცენებს...“

„გუთიუმი მთიანეთის ურჩხული ღმერთების მოშუღარი, რომელმაც მტრობა ჩამოაგდო,
მეუღლეს მეუღლე წაართვა, მშობელს შვილი წაართვა, შუმერის ქვეყნად მტრობა და სიბოროტე დაამკვიდრა.“
გურის გოდება, ძველი შუამდინარული პოეზია
ისინი ერთი ცის, ერთი მიწის და ერთი ქვეყნის შვილები იყვნენ. მათ ბავშვურ გატაცებას, ჩამოუყალიბებელ გრძნობას და ჯერ კიდევ ნორჩ, გაუფურჩქნავ სიყვარულს ლურჯი ცა დაჰნათოდა და მას არაფერი ემუქრებოდა.
ნათია სოფელ ბზიფის ქართული საშუალო სკოლის მეათე კლასში სწავლობდა. ასტამური კი, რომელიც ნათიაზე ერთი წლით უფროსი იყო, იმავე სოფლის რუსულ-აფხაზური სკოლის დამამთავრებელ კლასში. მათი ურთიერთობის შესახებ არც სოფელში და არც სკოლაში არავინ იცოდა. ისინი ამ სანუკვარ გრძნობას ქვეცნობიერად სათუთად ინახავდნენ და უფრთხილდებოდნენ. უფრთხილდებოდნენ ისე, როგორც დიდ რუსთაველს თავის უკვდავ „ვეფხისტყაოსანში“ აქვს ნათქვამი: „სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა...“
მათი ეს გრძნობა ბავშვობისას მდინარე ბზიფისპირა ჭალებში სოფლის გოგო-ბიჭებთან თამაშობიდან მოდიოდა და ზრდასთან ერთად იფურჩქნებოდა. გადიოდა ხანი. ბედნიერების ნექტარით დამტკბარნი სიცოცხლის უსაზღვრო ძალით ლაღობდნენ და ერთმანეთს ეფერებოდნენ...
მაგრამ ვაი, რომ ადამიანის ბედნიერება დაუსრულებელი არ გახლავთ და ისევ ადამიანები აუკუღმართებენ ბუნებისგან ბოძებულ სიკეთის საოცრებას. ამ მეტამორფოზულ სინდრომს უამრავი ადამიანისთვის მაშინ მოუტანია უბედურება, როცა მას ყველაზე ბედნიერად მიაჩნდა თავი. სწორედ ამ სინდრომმა მოულოდნელად მაშინ შეაღწია ნორჩი გულების სასიყვარულო საუფლოში, როცა ისინი უფრო დიდ ბედნიერებაზე ოცნებობდნენ.....მტარვალის ხელით ორ მოძმე ხალხს შორის დანთებულ ცეცხლს აგვისტოს ხვატის მცხუნვარება უფრო აძლიერებდა. ყველა შიშის ძრწოლით იყო შეპყრობილი, ჰაერიც დენთის სუნით იყო გაჟღენთილი...
სოფელი ბზიფი, როგორც სხვა სოფლები და ქალაქები ქართველებისაგან იძულებით იცლებოდა. უფრო ქალები და ბავშვები ტოვებდნენ საკუთარ კარ-მიდამოს. ფიზიკურად ძლიერი მამაკაცები და უმწეო მოხუცები სახლში რჩებოდნენ. პირველნი, საკუთარი კუთხისა და კერის დასაცავად, მეორენი კი ხელშეუხებლობის იმედით. თუმცა ორივეს იმედგაცურება ხვდა წილად. ძალ-ღონით სავსე და კუნთმაგარ ვაჟკაცებს ციხის შიგნიდან გატეხვა, ანუ საკუთარი ქვეყნის ვაიმამებისაგან და ძლიერთა ამა ქვეყნისათაგან ღალატი და განწირვა ელოდათ. ხოლო დაძაბუნებულთა უმრავლესობას გადამთიელთა და მოძმის არმცნობი კაენის ხელით სიკვდილი. ირგვლივ სიკვდილ-სიცოცხლის კალო ილეწებოდა და განმკითხავი არავინ იყო.

ნათია და მისი ოჯახი სოფლის განაპირა სახლში ცხოვრობდნენ და ლუკმა-პურს ალალი შრომით მოიპოვებდნენ. დედა წინა წელს გარდაეცვალა. მამა კი ომის დაწყებისთანავე მშობლიური კუთხის დასაცავად ქართველ მებრძოლთა რაზმთან ერთად ბზიფის მთებში და მის შემოგარენში იბრძოდა. სახლში მხოლოდ მოხუცი პაპა გიორგი და შვილიშვილი იყვნენ დარჩენილნი. მოხუცებულის იმედად მყოფ ნათიას გარეთ გასვლისა ეშინოდა. რადგან ტყვიამფრქვევებისა და ავტომატების გამუდმებული ხმა მას მოსვენებას არ აძლევდა. პაპა შვილიშვილს ამშვიდებდა. გულშემზარავი გრუხუნით შეშინებული გოგონა ხან კედლებს, ხანაც იატაკს ეკვროდა და შიშით ძრწოდა. ასტამური სოფლის ცენტრში ცხოვრობდა და მხოლოდ დღეში ერთხელ, ისიც მალულად, მოდიოდა. საჭმელი და წყალი მოჰქონდა მათთვის. თან ახალ ამბებს უყვებოდა. ამბები კი შემაშფოთებელი იყო. რადგან იმ ტყვიამფრქვევებისა და ავტომატების ხმა, მუდამ რომ ისმოდა, სწორედ ორ ძმას შორის იყო ატეხილი და მათი უდანაშაულო სისხლი იღვრებოდა...
ასე გაიარა ორმა თვემ და დადგა ოქტომბერი. სოფელში ამბავი მოვიდა გაგრა დაეცაო. და სოფლის გადასარჩენად ის ოდნავ მბჟუტავი იმედის ნაპერწკალი ჩაქრა, რომელიც მანამდე სოფელში დარჩენილი ქართველების გულებში ენთო. დაიწყო მოძმის უარმყოფთა და გადამთიელთა თარეში, გამუდმებული ეგზეკუციები, რაც ხშირად დახვრეტებით მთავრდებოდა.
სწორედ სოფელ ბზიფში მოკლეს სამშობლოს უანგარო სიყვარულით გულანთებული ვაჟკაცი სოზარ ჩარქსელიანი, რომელიც გუდაუთის მთავარ შტაბში მიჰყავდათ დასაკითხად. იგი საზოგადოება „ლემის“ ლიდერი იყო.
ამ უსამართლობას და სისასტიკეს ბევრი აფხაზი აღუდგა წინ და თავიც გაწირა. სწორედ მსგავსი ამბავი უამბო ასტამურმა ნათიასა და პაპა გიორგის. სოფლის ცენტრში მაშინდელი სახელმწიფო ავტოინსპექციის საპატრულოს წინ ცხოვრობდა სოფელში და მთელ აფხაზეთში ცნობილი პიროვნება მიხეილ აშხარავა. ის გაუკუღმართებულ თანამოძმეთ და გადამთიელ არაკაცებს ერთ-ერთი თავაშვებული ეგზეკუციის დროს აშკარად და მკაცრად დაუპირისპირდა, რისთვისაც იგი თავისი სახლის წინ დახვრიტეს. მსგავსი შემთხვევები ხშირად არა, მაგრამ მაინც ხდებოდა. უსწორდებოდნენ ყველას, ვინც მათ მზაკვრულ გეგმას ეწინააღმდეგებოდა.
ერთხელ, როცა ასტამურმა პაპას და შვილიშვილს კვლავ მალულად სურსათი და სანოვაგე მიუტანა და წყლითაც მოამარაგა, ყოველგვარი საფრთხის მოლოდინის გარეშე სახლში დაბრუნდა. სწორედ მაშინ მსტოვართა სახლს შეიარაღებული გადამთიელები მიადგნენ. მასპინძელს უხმეს. მოხუცმა ჭიშკარი გაუღო. დაუპატიჟებელ სტუმრებს ძალდატანებით, მაგრამ ტრადიციული წესით შეეგება და სახლში შეიპატიჟა. სასმელი მოიკითხეს. ღვინოცა და პურ-მარილიც მოგვეძებნებაო, - უპასუხა მოხუცმა და სახლში შეუძღვა. ვიდრე პაპა გიორგი ღვინოს მარნიდან გამოიტანდა, ნათია სუფრის გაწყობას შეუდგა. მოხუცმა ღვინით სავსე ხელადა სუფრაზე დადგა და „სტუმრები“ სუფრასთან მიიწვია. თუმცა დიდი მიწვევა და თავ-პატიჟი მათ არ დასჭირვებიათ. მგლებივით დამშეული მომხვდურთა ჯგრო სვავებივით დააცხრნენ გაშლილ სუფრას. მასპინძელს კი არა ერთმანეთსაც აღარ ეკითხებოდნენ. კარგა ხანს შეექცეოდნენ ოჯახურ ნოვაგს უხმოდ. მერე, როცა დანაყრდნენ ერთ-ერთმა, ბანდის უფროსის შთაბეჭდილებას რომ ტოვებდა, არაყი მოითხოვა. მასპინძელმა არაყი გამოუტანა. მეთაურად ცნობილმა ყველას ხალვათად ჩამოუსხა ჭიქებში არაყი, ფეხზე წამოდგა, ყველას მედიდურად გადაავლო თვალი და არაბუნებრივად ამაღლებული ტონით სადღეგრძელო წარმოსთქვა: - ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს! და სასმისი სწრაფად გადაჰკრა. სხვებმაც მიბაძეს. - აბა, მოხუცო, შენც ჩვენთან ერთად შესვი ეს სადღეგრძელო, გარწმუნებ, ეს ომი მალე ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება. აიღე სასმისი და გვითხარი ორი სიტყვა. პაპა გიორგიმ ჭიქა გვერდზე გასწია და „ბოევიკს“ შეხედა.
-რაო, არ გსურს ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელო დალიო?! - მაშინ თქვენი დამარცხებისა დალიე. - დამცინავად უთხრა მეთაურად ცნობილმა ახმახმა და ჭიქა პირთან მიუტანა. მოხუცმა თავი გვერდზე მიაბრუნა და შეურაცხყოფილი განზე გადგა.
-ავადაა პაპა, წამლებს სვამს და ექიმებისაგან სასმელი აქვს აკრძალული. - სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოესარჩლა პაპას შვილიშვილი. - მაშინ მის მაგიერ შენ დალიე ცუგრუმელა. - ირონიულად მიმართა შემკრთალ გოგონას და ხელი ნიკაპზე უხეშად ამოუსვა. მეორე ხელით კი მის მკერდს შეეხო. უზომოდ შეძრწუნებული ნათია საშველად პაპის ზურგს უკან აიტუზა და ცახცახმა აიტანა. შეშინებულ გოგონას ახლა სხვებმა წაატანეს ხელი და მისი გაყვანა სცადეს მეორე ოთახში.
- ხელი არ ახლოთ ბავშვს, თორემ!.. - მრისხანედ შეუტია მოხუცმა მოძალადეებს.
- თორემ რა, რას იზამ ვითომ? - დამცინავი და გამომწვევი ღიმილით კბილებში გამოსცრა ახმახმა და თავისიანებს თვალით ანიშნა გაიყვანეთო. პაპა გიორგი მაინც შეეცადა მათ შეგონებას. -მასპინძლობას ვერ დამიწუნებთ, გულღიად დაგხვდით და თქვენთვის პურ-ღვინოც არ დამიკლია. მერე ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მომხვდურთ წინ გადაუშალა და ერთხელ კიდევ მტარვალთა მოქცევას შეეცადა. მაგრამ ვაი, რომ მტარვალი გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემანის“ პერსონაჟს უფრო ზუსტად განასახიერებდა, ვიდრე „სტუმარ-მასპინძლისას“. იმედგაცრუებულმა მოხუცმა მგლის თავზე სახარების კითხვას თავი ანება და ყოველი შემთხვევისათვის თავდაცვის მიზნით უბეში გადამალული დანა ელვისებურად ამოაძვრინა და თვალის დახამხამებაში მოძალადე ახმახს მთელი ძალით მკერდში აძგერა. სისხლმა შადრევანივით იფეთქა. ახმახი შეტორტმანდა და ვიდრე წაიქცეოდა, ერთხელ კიდევ და უკანასკნელად კბილებში გესლიანად გამოსცრა: - რას უდგეხართ ჩააძაღლეთ ეს ძაღლიშვილი!.. გვერდში მდგომმა ყაჩაღმა მაშინვე ავტომატის ჯერი მიუშვა უკვე გმირად შერაცხულ პაპას, რომელსაც საყვარელი შვილიშვილის დაცვა აღარ შეეძლო.
ზღვად დაღვრილი სისხლის მიუხედავად მგლური კანონებისამებრ მიატოვეს სისხლში ამოსვრილი ხროვის წინამღძოლი და თავზეხელაღებული გარეწრები გულგახეთქილ ნათიას გაეკიდნენ, რომელსაც თავის ოთახში ჩაკეტვა მოესწრო. კარები შეამტვრიეს და შიგნით შეცვივდნენ. გონებადაბინდულმა და გამხეცებულმა ნაძირლებმა თავისი ზღვარგადასული ცხოველური ჟინი აისრულეს და ცოცხალ-მკვდარი გოგონა ეზოში დააგდეს. შემდეგ ავტომატის ჯერით საბოლოოდ მოუსპეს სიცოცხლე.
ასტამური მორიგი მოვალეობის შესასრულებლად იმ დროს დაბრუნდა, როცა საშინელი მკვლელობა უკვე დამთავრებული იყო. სულისშემძვრელი სურათი დახვდა გაოგნებულ ჭაბუკს საყვარელი ადამიანების სახლში. უკიდურესად შეძრწუნებული და თავზარდაცემული ვეღარ აცნობიერებდა სად იმყოფებოდა, რა ხდებოდა მის თავს. როცა ოდნავ გონს მოეგო, სისხლში განბანილ უსიცოცხლო სატრფოს ცხედართან დაიხარა, „მძინარე მზეთუნახავივით“ რომ გამოიყურებოდა და მის ლამაზ სახეს ქვითინით დაეკონა. ტიროდა დიდხანს, მწარედ და თავდავიწყებით. ისევ გონზე მოსვლის შემდეგ, ბაგეებით ნაზად შეეხო მისთვის ძვირფას თვალებს, შუბლზე ეამბორა, თმა გაუსწორა...
ორი დღე მარტომ იგლოვა თავისი შეყვარებული და მისი გმირად დაღუპული პაპა. თუმცა ასტამური 17 წლისა იყო, მაგრამ უკვე კარგად იცოდა მიცვალებულთა ცხედრებს რომ მიწისათვის მიბარება და ქრისტიანული წესით გაპატიოსნება სჭირდებოდა. სამეზობლო კი დაცლილი იყო და მწუხარების გაზიარებაც არავის შეეძლო. მითუმეტეს, რომ აფხაზეთის ტრაგედიის მომწყობნი მიცვალებულთა ტრადიციისამებრ უკანასკნელ გზაზე გაცილების ნებას კი არა, მათი უბრალოდ მიწისათვის მიბარებასაც არავის ჰპატიობდნენ. ასტამურმა ყოველგვარი საფრთხის მიუხედავად გადაწყვიტა საყვარელი ადამიანების ცხედრებისათვის შეძლებისდაგვარად პატივი მიეგო, მაგრამ ისიც კარგად უწყოდა, მარტო ამ საქმეს რომ ვერ შეძლებდა და დახმარებისათვის ვინმესთვის უნდა მიემართა. - მაგრამ ვისთვის? უცებ მის გონებაში ამოტივტივდა სოფელში პატიოსნებითა და სიდარბაისლით სახელგანთქმული ხანდაზმული პიროვნება დარაფეი ხიშბა, რომელსაც ჭირსა და ლხინში რჩევა-დარიგებას ეკითხებოდნენ. თანაც იგი ასტამურის მეზობელი იყო და იცოდა, ეს მხცოვანი კაცი ქართველებისადმი აგრესიულად განწყობილ სეპარატისტებს არ უთანაგრძნობდა. ძალიან გაუხარდა ბატონ დარაფეის ასტამურის სტუმრობა, რადგან კარგი ახალგაზრდის ნახვა მას დიდ სიამოვნებასა ანიჭებდა. როცა გაიგო მომხდარი უბედურების შესახებ, დიდად შეწუხდა და მკვლელების მიმართ განრისხებული შურისძიებისა და სიძულვილის გრძნობით განიმსჭვალა. ატსამურს კი დახმარება აღუთქვა. დარაფეი პაპამ და ასტამურმა მიცვალებულთა სახლის სარდაფში გამონახეს საჭირო მასალები, იარაღები და ჩასასვენებლები გაამზადეს. საღამოს 7 საათისათვის სადარბაზო ოთახში დასვენებულ ცხედრებს ორი მგლოვიარე მამაკაცი ეჯდა. ერთი - უზომოდ დამწუხრებული და თავზარდაცემული თავის სატრფოს და მის გმირ პაპას უკანასკნელად ეთხოვებოდა, ხოლო მეორე - სიდარბაისლითა და სიბრძნით აღსავსე განსვენებულთათვის წესის აგების რიტუალს ასრულებდა. შემდეგ მათ გვერდით ოთახში ტრადიციისამებრ პურითა და ღვინით სულის მოსახსენებელი შესანდობარი აღასრულეს და შებინდებისას ვენახის თავში, სახლთან ახლოს საფლავის თხრას შეუდგნენ. კარგად დაღამებული იყო, როცა ორმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა აფხაზმა პაპას და შვილიშვილს ერთ საფლავში მიუჩინეს სამუდამო განსასვენებელი.
ასტამურმა თავისი ძვირფასი ადამიანების სულებს არც სანთელ-საკმეველი დააკლო. ვაჟკაცის ცრემლებით გააცილა მან ისინი სამარადისო სასუფევლის გზაზე...
იმ დროს ბიჭვინთის კონცხსა და ბზიფის შემოგარენს ცნობილი ტერორისტი შამილ ბასაევი, როგორც კომენდანტი, აკონტროლებდა. სწორედ მისმა დაგეშილმა „ნაგაზებმა“ და განდგომილმა ვაიაფხაზებმა შეიტყვეს ასტამურის გლოვისა და პაპა-შვილიშვილის დასაფლავების ამბავი და მას სახლში ეწვივნენ. ჩვენთან უნდა წამოხვიდეო, - უთხრეს. იგი გუდაუთის შს განყოფილებაში წაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ იარაღი მისცეს და ერთ-ერთ სადამსჯელო რაზმში ჩარიცხეს.
გუდაუთასთან ახლოს ქართველთა საკონცენტრაციო ბანაკი იყო განლაგებული, სადაც ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობიდან ჰყავდათ ტყვეები დაპატიმრებული. სწორედ ამ ტყვეების მეთვალეყურეობა დაავალეს ასტამურს, რომელსაც ეს მოწამებრივი მისია უკიდურეს სულიერ ტანჯვას განაცდევინებდა.
ერთხელ ასტამურს რაზმთან ერთად ტყვეების დახვრეტა უბრძანეს. ტყვეების რიგს რომ გაუსწორდა რაზმი და უფროსმა სროლის ბრძანება გასცა, ასტამურმა ავტომატის ჯერი ჰაერში დაცალა. თუმცა სიკვდილმისჯილი მაინც დახვრიტეს და მან იძულებით ერთხელ კიდევ იხილა სიკვდილის კალო, რომელმაც უკიდურესი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა მასზე. შემდეგ იგი დილეგში ე.წ. „ოდინოჩკაში“ ჩააგდეს. ერთი თვე ჰყავდათ გამოკეტილი ნახევრად მშიერ-მწყურვალი. ამ ხნის მანძილზე იგი სულ გაქცევაზე ფიქრობდა. ბოლოს სიგიჟის სიმულაციის თავისებური მანერები დაისწავლა და როგორც იტყვიან, საჭირო დროს და საჭირო ადგილზე მან თავისი შეურაცხადობა დაამტკიცა. თუმცა ასტამური სახლში მაინც არ გაუშვეს, მაგრამ შედარებით უმნიშვნელო საქმეზე იყენებდნენ. სწორედ ამგვარმა სამსახურმა და მის „შეურაცხადობაში“ უფროსობის დარწმუნებამ ასტამურს ხელ-ფეხი გაუხსნა. ერთ მშვენიერ დღეს, მან მილიციის შენობა და საერთოდ გუდაუთა დატოვა. ორი კვირის შემდეგ იგი დიდი ტანჯვა-წამებით დედაქალაქში ჩამოვიდა და საქართველოს უშიშროების სამინისტროში გამოცხადდა. ეს იყო 1995 წლის გაზაფხულზე.
ასტამურმა თბილისის შსს-ს სკოლა დაამთავრა და სამინისტროს ერთ-ერთ ქვედანაყოფში ჩაირიცხა. მაშინ თქვენს მონამორჩილს ბედნიერება მხვდა წილად, ასტამურს შევხვედროდი და მისთვის ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამომერთვა. მან ჩემთან საუბარში განაცხადა: -მე არ შემეძლო მეცხოვრა იმ მიწაზე, სადაც უდანაშაულო ქართველთა ზღვა სისხლი დაიღვარაო.
ასტამურმა თბილისში სოხუმელი ქართველი გოგონა შეირთო ცოლად და მასთან ერთად ღირსეული ოჯახი შეჰქმნა. იგი დღეს საქართველოს სრულუფლებიანი და ვალმოხდილი მოქალაქეა.

დიმიტრი მუხაშვილი
აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის პასუხისმგებელ მდივანი
და ომის ვეტერანი

გმირიგივი ფარჯიანი - სამშობლოს შეწირული სიცოცხლე,, ქეთინო, გენაცვალე, ძალიან გთხოვ, ეს სიტყვები არ მიიღო ცუდად. არ იფიქრ...
10/01/2021

გმირი

გივი ფარჯიანი - სამშობლოს შეწირული სიცოცხლე

,, ქეთინო, გენაცვალე, ძალიან გთხოვ, ეს სიტყვები არ მიიღო ცუდად. არ იფიქრო, თქვენზე უფრო ვინმე მიყვარდეს. მინდა, როცა ჩვენი შვილები გაიზრდებიან, მამაზე მხოლოდ კარგი გაიგონ, მამაზე, რომელმაც ყველაფერი მიატოვა და უფრო დიდი ღირებულებებისთვის იბრძვის, ეს ჩვენი მომავლის სიყვარულია.
ქეთი, თუ მოვკვდი, უნდა გიხაროდეს და უნდა ამაყობდე, რადგან შენი ქმარი მერქვა და შვილებისთვის მამა ვიყავი.“
ეს ამონარიდი ომიდან გამოგზავნილი გაყვითლებული ფურცლებიდან ამოვიკითხე, რომელიც აფხაზეთს შეწირული ვაჟკაცის, გივი ფარჯიანის დღიურიდანაა.
გივი ფარჯიანი 1954 წლის 11 აპრილს დაიბადა და გაიზარდა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, პედაგოგების, ვარდო ჩოფლიანისა და ვალოდია ფარჯიანის, ოჯახში. და-ძმა, გივი და ჯულიეტა, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულით ბედნიერად იზრდებოდნენ.
გივიმ თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო მომავალი მეუღლე, ქეთევან კალანდაძე.
ახალგაზრდები განაწილებით სოხუმში გააგზავნეს სამუშაოდ. აქ შეიქმნა მათი ბედნიერი ოჯახი, ზურაბი და ხათუნა ალამაზებდა მათ ყოფას.
გალში დარჩენილ მშობლებს საიმედოდ ეგულებოდათ რძალ-ვაჟი სოხუმში. ბედნიერი იყო ყველა, სანამ ავად მოსაგონარი აფხაზეთის ომი დაიწყებოდა.
სოხუმი უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული. დედას უნდოდა, გივიც ცოლ-შვილთან ერთად გამოსულიყო სოხუმიდან, მაგრამ მან როგორც კი მეუღლე და ბავშვები საიმედოდ დაიგულა, 1992 წლის დეკემბრიდან ბრძოლებში ჩაება. გივი 23-ე ბრიგადაში იბრძოდა.
,, ბავშვები მენატრება, ექვსი თვეა, არ მინახავს, მათი სურათები ყველგან თან დამაქვს. როცა ტყვიები არ ზუზუნებს, მაშინ ვიცლი, რომ დავწერო.
15-ში ტელევიზიით საწყალი დათოს სიკვდილი გამოაცხადეს, გაგრაში მოუკლავთ. დავჯექი და ვიტირე, „- წერს გივი მეუღლეს, ქეთევანს.
გივის ქალაქის სიყვარული ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. ბოლომდე იბრძოდა... იმ დღეს, როცა სოხუმზე შეტევა დასრულდა, გივი ჩეჩნებს შორის იპოვეს პირქვე დაგდებული თავის არესა და ზურგში მიყენებული მუხანათური ჭრილობებით.
გივის დაღუპვა თავზარდამცემი იყო მთელი ოჯახისათვის. მას გულის ჯიბეში უბის წიგნაკი უპოვეს, სადაც წერდა: ,, მინდა, მართალი ვიყო ჩემი თავის, ღმერთისა და სამშობლოს წინაშე. იმ დროს, როცა უცოლშვილო ბიჭები იღუპებიან გადამთიელების ხელით, არ შემიძლია, გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ამიტომ წინა ხაზზე მივდივარ.“
ოჩამჩირე, კოჩარა, შრომის ბრძოლები სოხუმის დაცვა, აი მისი ბრძოლების რუკა.
,,რამდენი ხანია, არ მომიწერია ქეთი, დღე და ღამე ხან სად ვარ და ხან სად. ბრძოლებში მოვინათლე, მოკლედ, რომ ჩამოვალ ყველაფერს მოგიყვები“.
ვეღარ ჩამოვიდა...
ჭუბურხინჯის სკოლის შენობაში ესვენა ომში დაღუპული, ჭრილობებით დასახიჩრებული 39 წლის ახალგაზრდა. მთელი სოფელი დასტიროდა სამშობლოსათვის შეწირულ ვაჟკაცს.
დღეს ეს სკოლა და სოფლის ცენტრალური ქუჩა გივი ფარჯიანის სახელს ატარებს. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის“.
სოხუმიდან ჩამოსულმა თანამებრძოლებმა უკანასკნელ გზაზე მხედრული ზალპით გააცილეს სამშობლოს შეწირული გმირი.
წლები გავიდა. შვილები დაიზარდნენ. ზურა ფარჯიანი იურისტი გახდა და დღეს საქართველოს ელჩის მრჩეველია ბრაზილიაში. ხათუნა კი ექიმია.
ღირსეული მამის ნაფეხურებზე გზას განაგრძობენ შვილები, შვილიშვილები და ეამაყებათ, რომ ზურა ფარჯიანის სახელი გმირთა მოედანზე, თავისუფლებისათვის მებრძოლთა მემორიალზე ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული.

მაია ნინიძე
ბუკისციხის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

მეომრის მოგონებებიგაქცევა სჯობდა თუ  თავგანწირვა, ესეც საკითხავი შემექმნალაზარე ავალიანი აფხაზეთის ომში ორ ვაჟთან ერთად ...
10/01/2021

მეომრის მოგონებები

გაქცევა სჯობდა თუ თავგანწირვა, ესეც საკითხავი შემექმნა

ლაზარე ავალიანი აფხაზეთის ომში ორ ვაჟთან ერთად იბრძოდა. გიორგი 19 წლისა იყო, გელა კი 18-ის. ბიჭები სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდნენ. მამა შვილების გამო ძალზე ღელავდა. შემოტევების დროს გული იქით მიუწევდა, სადაც თავისი ვაჟები ეგულებოდნენ. სოხუმის დაცემის დღეს გიორგი მძიმედ დაიჭრა. ამ დროს მამა მის გვერდით იყო. დაჭრილი შვილის ბრძოლის ველზე დატოვებას სიკვდილი უჯობდა. ალყიდან გაღწევა და აგუძერის საავადმყოფომდე მისვლა დიდი წვალებით შეძლო. აფხაზეთი ეცემოდა, ყველა უმისამართოდ გარბოდა. არ ჩქარობდნენ ექიმები, არ ჩქარობდა მამა. სჯეროდა, რომ გიორგისთან ერთად იგი სიკვდილთან ბრძოლაში გაიმარჯვებდა. შვიდსაათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა, გიორგი გადარჩა... ლაზარე ავალიანს ომის მწარე დღეები დიდხანს აწვალებდა. ბოლოს კალამი აიღო და ნანახი უბედურება ქაღალდზე გადაიტანა. იგი 12ვ წლის წინ გარდაიცვალა. გიორგიმ და გელამ კი სამ-სამი შვილი გაუზარდეს სამშობლოს.
როგორი ძლიერია ომში მამა-შვილობა და რა სასწაულების მოხდენა შეუძლია მას, რა მძიმე დაღს ასვამს ომი ადამიანებს, ამას წინამდებარე წერილში შეიტყობთ. გთავაზობთ ლაზარე ავალიანის ჩანაწერებს. სტილი დაცულია.
თუ ვრცელი წერილი არ გამომივიდა, სათაურის შინაარსზე უფრო ქვევით მოგითხრობთ. ჯერ კი მინდა აფხაზეთში ჩემი ჩასვლის (1967 წელს) და იქიდან გამოსვლის (1993 წელს) ერთგვარი ანგარიში წარვადგინო ჩემი ხალხის წინაშე. სოხუმში მუდმივ საცხოვრებლად მე და ჩემი მეგობარი ვალოდია ჯანხოთელი ერთად ჩავედით. რაც გვეცვა ტანზე, იმით და ხელბარგით. სამგზავრო ცოტა ფული ვალოდია ჯანხოთელს ჰქონდა, მე სულ არაფერი.
მივედით ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში. იქ გავიცანით აგრონომი სიმონ ჯაფარიძე. იმის მეშვეობით მოვეწყვეთ პლანტაციაში მუშებად. მე ამ დროს ვიყავი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი (დაუსწრებელი განყოფილება). ჩვენი ალალი შრომითა და ინსტიტუტის ხელმძღვანელობის თანადგომით, მე ხუთოთახიანი ბინა და ვალოდიამ კი საკუთარი სახლი შევიძინეთ. დავოჯახდით. ორივემ ორი ბიჭი და თითო გოგონა გავზარდეთ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჯერ აგროტექნიკოსად, შემდგომ - უმცროს მეცნიერმუშაკად ვმუშაობდი. ერთი სიტყვით, კარგად მოვეწყვეთ. როდესაც თანამშრომლებთან სადმე, დღეობებზე, თავს მოვიყრიდით, სიმონ ჯაფარიძე გვეხუმრებოდა ხოლმე მე და ვალოდიას, დახეული ტანსაცმლით ჩამოხვედით სვანეთიდან და ახლა მილიონერებივით გაგხადეთო. ერთი სიტყვით, შრომით და წვალებით ისე გაგვქონდა 1990 წლამდე თავი, რომ ბედნიერი ოჯახების პატრონები ვიყავით. ორივეს ბიჭები სტუდენტები გვყავდა.
არძინბას ხროვამ აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა და ჩვენი უფლებები აფხაზეთში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ერთი მხრივ, იმედით შევხვდი ომის დაწყებას - მაინც არაა-მეთქი საშველი და ორი საქმე მაინც მოგვარდება: სეპარატისტების თარეში ჩაცხრება და ჩვენი ერი კი ამით გაერთიანდება-მეთქი. მოლოდინმა არ გაამართლა, ერი არ გაერთიანდა და ამიტომაც ომი სეპარატისტებმა დროებით, რამდენიმე ხნით მოიგეს. ჩატარდა ქართველების გენოციდი, რაც იმათი ოცნება იყო ყოველთვის. 300000 უსახლკაროდ დარჩენილი ლტოლვილი დედა-საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტა.
ომი რომ დაიწყო, ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ ჩემი და ვალოდიას ტოლი ბიჭები სოხუმიდან თუ სხვა კუთხიდან გააქცია სხვადასხვა მიმართულებით, თვითონ კი სახლებისა და ქონების ყარაულებად დარჩნენ. ომი ვითომ ჩვენ არ გვეხებოდა. მე რომ ვუთხარი შვილებს, თქვენც წადით ქუთაისში ან სვანეთში-მეთქი, იმათ მიპასუხეს, ადრე რომ წაგეყვანეთ აქედან, ომის დაწყებამდე, სხვაა, ახლა ომი დაიწყო, რომ გვეტყვიან, იქ გაიზარდეთ, ახლა კი აქ ხართ გამოქცეულებიო, ამას ხომ სიკვდილი სჯობსო. ჩვენ გვარდიაში უნდა ჩავეწეროთ, სხვა ქართველი ახალგაზრდები ომობენ, ჩვენც უნდა ვიომოთო. აბა, სახლში ველოდოთ, როდის მოგვადგებიან აფხაზი, ჩეჩენი თუ სხვა რჯულის ბოევიკებიო?
მე მეტი ვერაფერი ვუთხარი, უწყება თუ მოგივათ, რას ვიზამ, მეც წამოვალ და ერთად დავდგეთ გუმისთაზე-მეთქი. ჩვენი სახლიდან 800-1000 მეტრში გაიხსნა პოზიცია. ასე ჩავერთე ჩემი შვილებიანად ომში. იმ დღიდან ყოველდღიური რომ შემედგინა ბოლომდე, მრავალი ტომი გამოვიდოდა და მე მეომარი კი არა, მწერალი ვიქნებოდი. ამიტომაც ვერც მოგაწყენთ და ვერც ყველაფერს ვწერ. ორიოდე ფაქტზე გიამბობთ მხოლოდ. 15 სექტემბერი, გამორჩეული სიწყნარეა. ყველანი პოზიციებზე ვიმყოფებით. სოხუმში, ვითომდა, ომი დამთავრდაო და, პოზიციის მაგიერ ბაგრატის გორაზე, აგარაკზე გავატარე ის დღე. იქიდან პროდუქტები ჩამოვიტანე, შტაბიც გამოვიარე, მწვანილები იქაც, სამზარეულოშიც დავუტოვე. ჩემი ბიჭის ასეული საღამოს გუმისთის პოზიციებზე წავიდა.
მარტო ვიყავი ბინაში. ღამის სამის ნახევარზე დაიწყო მოწინააღმდეგემ გუმისთიდან მძაფრი შემოტევა. რუსეთის არტილერიით და ავიაციით დაგვბომბა. გუმისთის პოზიციები ცეცხლის ალში გაეხვია და ქალაქში, ჩვენი სახლების ზევით, უამრავი ჭურვი მოდიოდა. ერთი სიტყვით, ისეთი დაბომბვა და საშინელება იყო, იწვოდა მდინარე გუმისთის გასწვრივ ყველაფერი.
შვილების ჯავრით ისტერიკაში ჩავვარდი, გავვარდი გარეთ და გავეშურე გუმისთისკენ იმ ინტენსიური დაბომბვის ქვეშ. ჩემი სახლიდან მეოთხე შენობასთან ჩვენი ორი ტანკი სახლს იყო ამოფარებული პოზიციაზე. ვერ ყოფდნენ თავს, ისეთი დაბომბვა იყო გუმისთიდან. იმათ კინაღამ დამხვრიტეს... მერე გამაჩერეს. არ გამიშვეს, ბიჭებთან მაინც ვერ ჩააღწევო. დაახლოებით 5 საათამდე იმათთან ვიყავი, ცოტა შეწყნარდა დაბომბვა. მაშინ ისინი გავიდნენ პოზიციაზე, დაიწყეს მოძრაობა. ამ დროს ქვევიდან, რკინიგზის პლატფორმიდან ახალი რაიონისკენ დაიწყეს შეტევა. მეც მოძრაობა მქონდა დაწყებული რკინიგზის მიმართულებით, ქვევით. იმათ საშინელი ცეცხლი გახსნეს. რომელ სახლთანაც ვიყავი, მას ისეთი ჭურვები მოხვდა, აფეთქების ხმისგან გონება დავკარგე. გრძნობაზე რომ მოვედი, მკლავში ნაღმის ნამსხვრევით მსუბუქად ვიყავი დაჭრილი. ასე დარეტიანებული უკან, შტაბისკენ წავედი. იქ მეკავშირეები ყურებჩამოყრილი იყვნენ. პოზიციებთან კავშირი არ ჰქონდათ. ვინ იყო ცოცხალი, ვინ დაიღუპა, არაფერი იცოდნენ.
გათენდა. ჩვენმა არტილერიამაც აქტიურად იმუშავა. მტრის პოზიციები დაბომბა. წელში გაწყვიტა იმათი შტურმი, ისე რომ, სოხუმი გადარჩა აღებას. ჩვენი მხრიდან 130 გვარდიელი დაიღუპა. იმათი მხრიდან - 1000-მდე. იმ 30 მებრძოლიდან, სადაც ჩემი უფროსი ბიჭი იყო, ზოგიერთებმა (გვარს არ დავასახელებ) თურმე უშველეს თავს და მოახერხეს გუმისთის გასწვრივ, ზევით მიმართულებით გამოსვლა. გამოსულები ვნახე. შენს ბიჭსაც შეეძლო წამოსვლა, მარა არ წამოგვყვა, დარჩა სხვა მებრძოლებთანო, მითხრეს. უმცროსი ბიჭი საველე შტაბში დაუტოვებია შტაბის უფროსს.
დაიწყო მაშველი ძალებით გუმისთის გაწმენდა მტრის მეომრებისაგან. იმ პოზიციაზე, სადაც ჩემი უფროსი ბიჭი და მისი 15-მდე თანამებრძოლი იყო, ჩვენები პირისპირ აღმოჩნდნენ 50-მდე მოწინააღმდეგესთან. ამ დროს უკვე ჩვენმა არტილერიამაც იმ მეორე პოზოციაზე დაიწყო დაბომბვა. დამხმარე ძალა ცოცხალი იქ არ გაუშვეს. უკვე ყველა დაღუპული გვეგონა. საღამოს 5 საათი იქნებოდა, იქიდან გამოვიდა დაჭრილი რუსლან გადრანი, შემდგომ - თავსა და ბარძაყში დაჭრილი ჩემი ბიჭი გოგი (გრიგოლ) ავალიანი და მალხაზ ქარდავა. იქ დაღუპულებს ვერც ჩამოვთვლი. ჩემი მეგობარი, ძმასავით საყვარელი პიროვნება, უნივერსიტეტის უცხო ენების კათედრის გამგე გელა ქალდანი, მისი დისშვილები გასვიანები (ერთს სოსო ერქვა), ნონა მურღვლიანი, ბადურ ჯაჭვლიანი, გოგი წერედიანი, ტარიელ სტეფლიანი, ზური გურლიანი... ფრიდონ ტყემალაძემ თავი აიფეთქა და ხუთი მტერიც თან გაიყოლა. ასე ვაჟკაცურად დაეცა ბრძოლის ველზე. თემურ სტეფლიანი, მძიმედ დაჭრილი, გვიან ნახეს (მან ალყაში მოქცეულ თანამებრძოლებს, ვისაც მტერი დანებებას სთხოვდა და სამაგიეროდ, შეწყალებას ჰპირდებოდა, უთხრა: მორალურ სიკვდილს ის სჯობს, სახელოვნად, ვაჟკაცურად დავიხოცოთო და მართლაც, ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლეს).
16 სექტემბერს მე იმხელა ნერვული სტრესი გადავიტანე, შვილები ასი პროცენტით დახოცილები მეგონა. მეორეჯერ უკვე ივნისის შემოტევების დროს უფროსი ბიჭი, რომელიც შრომის საბრძოლო პოზოციებზე იყო, 10 დღის განმავლობაში დაკარგული მეგონა. მე და უმცროსი ბიჭი კი ამ დროს გუმისთაზე ვიყავით. ის ამბავიც, თუ როგორ მოვხვდით ალყაში მესამედ მე და ჩემი შვილები ახალ რაიონში, 1-ლი და მე-2 მიკრორაიონების საზღვარზე, 26 სექტემბერს, ალბათ, ვრცელი გამომივა.
25სექტემბერი, დღის 3 საათია, მეკავშირემ ცენტრალური შტაბიდან ზარი მიიღო: დატოვეთ პოზიცია და წამოდითო. ეს იყო ჩემთვის მეხის გავარდნა. გავიქეცი შინ, პიჯაკი ჩავიცვი, ჩავიწყვე ოჯახის წევრების საბუთები, სალაროს წიგნაკები: ოციათას-ოციათასი მანეთი ორივე ბიჭის სახელზე იყო შეტანილი, მერე ყველაფერი დავკარგე...
ჩემს სახლთან ჩემმა ბიჭებმა და მთელმა ასეულმა გამოიარეს. წამოვედით ზღვის ნაპირით ქალაქის ცენტრალურ შტაბში. წინ გვიძღვის შტაბის უფროსი ვალერი კორძაია. აბკომის შენობის წინ, ზღვის პირზე დაგვხვდნენ ჯაბა იოსელიანი და აწ განსვენებული გენო ადამია. ამათგან მოშორებით, წითელ ხიდის მხარეს დაცვის გარეშე იდგა ედუარდ შევარდნაძე. მას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ორიოდე მამაკაცი და ქალი ელაპარაკებოდა, მისი გაფითრებული სახე შორიდან შევნიშნე. ახლოს არ მივსულვარ, ის კი გავიგე, მოუწოდებდა, სოხუმი არ დავთმოთო. ამ დროს მის ზურგს უკან უკვე ბევრი ჩვენი ფორმიანი ტოვებდა ქალაქს, აღმოსავლეთით დაადგნენ გზას.
ჯაბა იოსელიანმა და გენო ადამიამ ჩვენი რაზმის ხელმძღვანელს ვალერი კორძაიას უბრძანეს უკან დაბრუნება, ისევ ახალ რაიონში, დამხმარე ძალებიც მალე მოვა და სოხუმი არ დავთმოთო. სოხუმის მთა-ფუნიკულიორი უკვე მტრის ხელში იყო, ისინი ბომბავდნენ ქალაქს. ქალაქის სამხრეთი ნაწილი დასავლეთიდან აღმოსავლეთით, თითქმის კელასურამდე, იმათ ეკავათ. დარჩენილი იყო მხოლოდ ზღვის ნაპირი. უკან დაბრუნება სასაკლაოზე შესვლას ნიშნავდა, ჩემი ფიქრით, მაგრამ ბრძანებაზე დათანმხდა ჩვენი მეთაური. ამ დროს მე ვფიქრობ, ერთი შვილი მაინც მყავდეს გაშვებული სამშვიდობოს, ბედნიერი კაცი ვიქნებოდი-მეთქი. ახლა რომ გამოვეყოთ, სამივე გავიქცეთ, რაც ვიწვალეთ, ყველაფერი ხომ წყალში ჩაიყრება-მეთქი. მოღალატეების სახელით სახლში, სვანეთში, ვერ ავიდოდით. უმცროს ბიჭს მაინც ვუთხარი, წასულიყო. უარი თქვა: თქვენ სადაც იქნებით, მეც იქ უნდა ვიყოო. უფროსი, გოგი, ამ დროს ჯაბას გაეჭიმა წინ. ჯაბამ ჰკითხა, რა გვარი ხარო? ავალიანიო, უპასუხა. ჯაბა გადაეხვია და დაავალა: შენ გაუძეხიო წინ.
სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე დავდექი შვილებიანად. გაქცევა თუ თავგანწირვა? - შიშს თავმოყვარეობამ აჯობა. გადავწყვიტე, დასავლეთით წავსულიყავით. ზოგი შევედით „იკარუსში“, რომლითაც ქუთაისის ბატალიონის ბიჭებიც გაუშვეს უკან. ზოგნი - ყველგანმავალ მანქანაში. გზა მხოლოდ ზღვის ნაპირებისაკენ იყო დარჩენილი. მივედით „უჩხოზის“ ტერიტორიაზე, მე-12 საშუალო სკოლაში, სადაც მე-6 ბატალიონის შტაბი იყო. იქ ტყვიითა და იარაღით დატვირთული ყველაზე მძიმე ყუთები ჩემმა ბიჭებმა აიკიდეს. ასე მიპარვით, მტერს რომ არ შევჩეხებოდით, მივაღწიეთ 1-ლი და მე-2 მიკრორაიონების საზღვარზე, 14 სართულიან შენობამდე, სადაც სამეთვალყურეო „სვიაზის“ შტაბი იყო. იქ განაწილება მოხდა პოზიციებზე.
იმ შენობის გასწვრივ, პირდაპირ შენობაში მე, ჩემი ბიჭები და დათო ბაკურაძე, ოთხი კაცი, კავშირის გარეშე ვიცავდით პოზიციას. 1-ლი მიკრორაიონი და ზევით მტერს ეკავა. როდესაც ჩრდილოეთის მხრიდან გვესროდნენ და ჩვენც ვესროდით, ამ დროს ზურგიდან 30-მდე კბილებამდე შეიარაღებული კაცი (აფხაზებს არც შეხედულებით ჰგავდნენ, არც ჩაცმულობით) სამეთვალყურეო პუნქტისკენ მიდიოდა ასაღებად. ეს შეამჩნია გოგიმ. მან და დათო ბაკურაძემ ცეცხლი უკნიდან გაუხსნეს. რამდენიმე დაეცა. საპასუხო ცეცხლი ყუმბარმტყორცნებითა და, ცხადია, ავტომატური იარაღიდანაც ძლიერი მივიღეთ. ამ დროს თავში დაიჭრა (ეს უკვე მეორედ) გოგი. დაიჭრა ჩვენს დამხმარედ შემოსული თამაზ თოდუაც. ჩვენამდე ვერ მოაღწია, ისე მძიმედ დაჭრეს ზური გაბუნია. სასწაულებრივ გამოვაღწიეთ დაჭრილებითურთ ალყიდან. ერთი სოხუმელი რუსი ებრაელიც დაგვეხმარა, რომელიც ჩვენთან იბრძოდა საერთოდ.
შემდგომ, „მუსორა სვალკაზე“ გავლის დროს, დათო ბაკურაძე მძიმედ დაიჭრა და სამი გვარდიელი ჩვენი სხვა შენაერთიდან დაიღუპა (ისინი, ვინც დაგვეხმარნენ დაჭრილების გამოყვანაში). სამ მეტრში, იმათგან მოშორებით, დაეცა „ძველი პასილოკიდან“ ნასროლი ჭურვი. დაჭრილი ზური ადამია და დათო გადარჩნენ. ფეხზე ვინც იდგა, ისინი დაიხოცნენ.
ასე მივაღწიეთ მე-12 საშუალო სკოლამდე. იქ იღბალზე „ვილისი“ მოვიდა. ვინ იყო არ ვიცი, სახელის გაგების თავი ვის ჰქონდა, წითელი ხიდი იბომბებოდა. ასე ვაი-ვაგლახით აგუძერამდე მივაღწიეთ.
იქ ჩემს ბიჭს ნაპო მესხიამ ოპერაცია გაუკეთა. 27სექტემბერს ოპერაცია 12 საათზე დაიწყო და 4-ზე დამთავრდა. ტყვია გამოუღეს თავიდან. შემდგომ ევაკუაცია გემით ფოთში, ამის შემდეგ კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თვითმფრინავით. მე მკლავში მსუბუქად ვიყავი დაჭრილი ნაღმის ნამსხვრევით. თავის დროზე ყურადღება ვერ მივაქციე ინფექციას, აბსისამდე წავიდა. კინაღამ მოსაჭრელი გამიხდა მარცხენა ხელი. რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური და ჩირქოვანი განყოფილებების, პირველ რიგში კი ნაპო მესხიას წყალობით ვართ ყველანი ცოცხლები, ოღონდ მეორე ჯგუფის ინვალიდები გავხდით ჩემი უმცროსი ბიჭის გარდა.
ზოგიერთი ახლობლისა და თანამემამულისგან მესმის ხოლმე: სულელი ყოფილხართ ყველანი, რომ ომობდითო. ჩვენ ომის არაფერი ვიცოდით, ჯარში ნამყოფიც არ ვიყავი, ჩემი შვილები კი 18-19 წლისანი იყვნენ, მაგრამ გულმა ასე გვიკარნახა, სხვანაირად არ შეგვეძლო. გულდასაწყვეტია ასეთი რამ: ჩემს უფროს, ინვალიდ ბიჭს ერთი სოხუმელი სკოლის ამხანაგი დღეობაზე (თბილისში) ეუბნება თურმე: იქ ვინც ომობდა, შევერდნაძის გულისთვის ომობდაო. ამას კომენტარი თქვენ გაუკეთეთ. მე პროფესიონალი სამხედრო არა ვარ. მე გახლავართ აგრონომი კაცი. ჩემი ფიქრით, ომს თავისი კანონები აქვს. გაქცევა და შენი თანამებრძოლების პოზიციაზე დატოვება არა მარტო იმათი ღალატია, არამედ, მთლიანად სამშობლოსი! თუ გასაქცევია, ეს ხელმძღვანელობამ, სარდლობამ უნდა შეატყოს და ყველანი უნდა გაიქცნენ, როცა ატყობენ - უაზროა ბრძოლა და მაინც აგებ. ისეთი მომენტიც დგება, თავის გადარჩენაც გმირობაში უნდ ჩაგეთვალოს. ჯანმრთელობაც დავკარგეთ მე და ჩემმა შვილმა, ქონებაც სალაროს წიგნაკებიანად, ოჯახის საბუთები, დიპლომი...
ამის მიუხედავად, ბედნიერად ვთვლიდი თავს ჩემი სინდისისა და ერის წინაშე, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ამას მოჰყვა იმათი თავგანწირვის გაუფასურება, ვინც ალალად შეეწირა ამ ომს. არადა, როგორ შეიძლება ერმა დაივიწყოს თუნდაც ჩემი ახლობელი ბიჭები: ვალოდია ჯანხოთელის შვილი ლაშა ჯანხოთელი, ვალოდიას ცოლის ძმა ტარიელ ონიანი და სხვა მრავალი, მამულს რომ შეეწირნენ! არაერთიანობის გამო გამოწვეული ეს ტრაგედია საქართველოს ისტორიაში შავ დროებად ჩაიწერა. მაგარი ისტორიული გაკვეთილია. დროა, გონს მოვეგოთ, გავაანალიზოთ შავი და თეთრი, ბოლოს ხომ მაინც ერთობაა ყველაზე მეტი მაშველი ჩვენი გადარჩენისა.
ძვირფასო თანამემამულენო! გთხოვთ, სწორად გამიგოთ, ეს წერილი არც ვინმეს ინტერესით, არც ვინმეს ხათრით დამიწერია. არც თანამდებობის მაძიებელი გახლავართ, არც პოლიტიკოსი (ისედაც ბევრი გვყავს). არც ვინმეზე უკეთესად ცხოვრობს ჩემი ოჯახი, პირიქით. მარტო იმათ ვჯობივართ, რომლებმაც თავიანთი საყვარელი ოჯახის წევრები დაკარგეს. არც იცის მათი საფლავები. ჩემმა გულმა კი სამჯერ გადაიტანა ის ტრავმა, რასაც ჰქვია შვილების ვითომდა სიკვდილი. ბოლოს ყველანი ცოცხლები გადავრჩით, მაგრამ იმ ტკივილს დღემდე ვერ ვივიწყებ.

ლაზარე ავალიანი
1997 წელი

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის ჟურნალი "მეციხოვნე" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share