03/01/2022
🚼 მე თამარა ჩაკვეტაძე ვარ, მამპრენერი და ბავშვებს ტყის პედაგოგიკას ვასწავლი.
🟣 „მამპრენერის“ დაარსების იდეა უკავშირდება იმ დიდებულ და ხშირად უხილავ შრომას, რასაც ქალები დედობითა და თავიანთი საქმიანობით ვამტკიცებთ.
🟣 ეს პლატფორმა შესაძლებლობაა დედებისთვის დაანახონ საზოგადოებას თავისი შრომის ფასი და ნაშრომი, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, განურჩევლად დედობის სტილისა, გეოგრაფიული მდებარეობისა და საქმიანობის მრავალფეროვნებისა.
🟣 ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო მზადება „ენტერპრენერობისთვის“ სწორედ რომ დედობაა. უფრო მეტიც! იყო დედა უკვე ნიშნავს „სტარტაპად“ ყოფნას. არავის უსწავლებია ჩვენთვის დედობა და ხშირად ზოგადი რეკომენდაციებიც კი გამოუსადეგარია, ამიტომ გვიწევს გზა დამოუკიდებლად გავიკვალოთ და მოვერგოთ ჩვენი შვილების და დედად ყოფნის საჭიროებებს. ამას თუ მოვახერხებთ, შეუძლებელი არაფერია! თანამედროვე სამყაროში კი დედობა ხშირად იმაზე რთულია, ვიდრე სამეწარმეო საქმიანობა.
🟣 იყო „მამპრენერი“ და ამ ტერმინის ქვეშ საკუთარი თავი მოიაზრო, ნიშნავს იმას, რომ გაქვს უნარები დააბალანსო მრავალი, ერთმანეთისგან განსხვავებული საქმეები დროულად და ხარისხიანად. გახდე კიდევ ერთი უნიკალური მაგალითი და ინსპირაცია სხვა დედებისთვის, ვისაც „მამპრენერობა“ სურთ.
🟣 განათლება:
განათლებით იურისტი ვარ, ყოველთვის მინდოდა სოციალურ საკითხებზე მემუშავა. გასაკვირი არ არის მაგისტრატურაც გენდერის კვლევა რომ დავამთავრე, ქალთა უფლებების და ბავშვთა სოციალიზაციის განხრით ვმუშაობდი, ვიყავი მოხალისეც, მკვლევარიც. არაფორმალური განათლების პარალელურად, ბავშვთა განათლების საკითხით დავინტერესდი, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. ამავდროულად დედაც ვიყავი და მიმაჩნდა, რომ აღზრდას ცენტრალური როლი ჰქონდა ადამიანის ფორმირებაში, შესაბამისად ჯერ შიდა ბაღების პედაგოგი გავხდი, შემდეგ მშობლობის ტრენერი და ალტერნატიული განათლების კუთხით დავიწყე განვითარება. ბავშვთა გარე-განათლებამ განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება და სწორედ აქედან დაიბადა ტყის ბაღის შექმნის იდეაც.
🟣 საქმიანობის ისტორია:
ჩემი სამეწარმეო საქმიანობა ბავშვთა გარე-განათლების, უშუალოდ კი ტყის პედაგოგიკის ირგვლივ ტრიალებს. ბუნებარეს ტყის ბაღის მიზანს წარმოადგენს ადრეული ასაკის ბავშვები მაქსიმალურად ჩართოს ალტერნატიულ განათლებაში და ბუნებაზე-დაფუძნებულ სწავლებებში, შეამცირონ ეკრანთან ყოფნის დრო და პასიური განათლების წესი. მშობლებს კი, ვისაც დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, არ ეძლევათ საშუალება რომ ბუნებაში ბავშვთან ერთად დიდი დრო გაატარონ, მაგრამ ამის დიდი სურვილი გააჩნიათ, ხელს ვუწყობთ მათ შვილებს გარე განათლების სივრცის ნაწილი გახდნენ.
ბუნებარეს დაარსებამდე ბევრი განსჯა და დემოტივაცია მივიღე ოჯახიდან თუ სანაცნობო წრიდან. არავის სჯეროდა, რომ ტყის ბაღის არსებობა საქართველოში რეალური იყო, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გარე-განათლების პროგრამებს აძლიერებდა. ფიქრობდნენ, რომ წარმოუდგენელ რამეს შევეჭიდე და არავინ „გაიმეტებდა“ მის შვილს, გარეთ წვიმაში და სუსხში ესწავლა, რომ ეს იდეა არ გაამართლებდა და უმალვე გაქრებოდა. არ დავნებდი, რადგან მქონდა რწმენა ამ ყველაფრის საჭიროების საზოგადოებაში. გაუსაძლისი გახდა ჩემთვის „პარკეტის“ და „სტერილური ბავშვების“ იდეა, თითქოს ბავშვები სახლებში გამომწყვდეულები უნდა გვყოლოდა. პანდემიის პირობებში შიშით ვუყურებდი ბავშვების მომავალს დიდ ქალაქებში, სადაც გარეთ ყოფნას საფრთხედ იქცა, გუბეებში და ტალახში თამაში კი გამოწვევად. ბავშვები ადრეული ასაკის ეტაპზე, როცა მთავარი უნარების და ფუნქციონალების განვითარება უნდა ხდებოდეს, მივიღეთ საპირისპირო - „გაჯეტებთან“ და ეკრანებთან უკონტროლო დროის გატარება ბავშვების მხრიდან, რაშიც პანდემიის როლი განსაკუთრებულად დიდია.
როგორც კი „ბუნებარე“ გაიხსნა, უამრავი მშობელი ამოგვიდგა გვერდით. დიდი შრომის შედეგად, დღეს ტყის ბაღი მრავალი მშობლისთვის და ბავშვისთვის ბუნებრივი ბავშვობის ფუძე გახდა და ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რა მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით.
🟣დედობა და მეწარმეობა:
„ბუნებარეში“ ჩემი საქმიანობის დასრულების შემდგომ, ხშირად მიწევს საჯარო სივრცეში მიწიან-ტალახიანი გადაადგილება, ამას ჩემი შვილიც შეეჩვია. აღარ უკვირს, რომ დედა შესაძლოა ბოტებით შევიდეს ბანკში ან თუნდაც მარკეტში. მარტივი ნამდვილად არ არის ჩვენს ქვეყანაში იყო დედა და ამავდროულად - მეწარმე, მთავარი გამოწვევა დროის მენეჯმენტშია, რომ სათანადოდ გადაანაწილო დრო როგორც შვილისთვის, ასევე საქმისა და დამატებითი შემეცნებისთვის. ვფიქრობ, ჩემი საქმით და შრომით, რასაც ვემსახურები, ვცდილობ სხვა ბავშვებში ის დანაკლისი შევავსო, რაც ადრეულ ასაკში ჩემი შვილისთვისაც დანაკლისი იყო.
ჩემთვის დედობა დღეს ბევრად ჯანსაღია ვიდრე რამდენიმე წლის წინ, რადგან მივიღე ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. არაფერია ცუდი იმაში, რომ დედობასთან ერთად საკუთარი თავის განვითარებაზე და ბიზნესის მართვაზეც იფიქრო. საკუთარი თავის შემეცნებამ, საქმისა და შვილის სიყვარულმა გადამალახვინა ბევრი სოციალური დოგმები, სტიგმები და საზოგადოების მოლოდინები.
ამოცანად მაქვს, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადო „ბუნებარეს“ არსებობა სხვა ქალაქებშიც, ვიმუშაო მომავლის პროექტებზე მაშინ, როცა ჩემი შვილი სკოლაშია ან სძინავს. მათ შორის კი შვილთანაც ვიყო, ვეთამაშო, ვასწავლო და გვერდით ვყავდე ყველა მნიშნელოვან მომენტში.
#მამპრენერი