15/08/2022
– ბაბუ, მითხარი, მე ხომ თბილისელი ვარ?
– შენ თბილისში დაიბადე.
– შენ სად დაიბადე?
– მე… ს ო ხ უ მ შ ი.
– დედიკო და მამიკოც?
– კი, დედიკო და მამიკოც.
– ს ო ხ უ მ ი სად არის, ბაბუ?
– დედამიწაზე უამრავი ქალაქია, ძალიან ბევრი ქალაქი… მათ შორის არის ერთი პატარა ქალაქი, იმას ს ო ხ უ მ ი ჰქვია და იგი ჩვენი ქალაქია.
– მართლა ჩვენია?
– ჰო.
– რატომ არის ჩვენი?
– იმიტომ, რომ… ჩვენ იქ დიდი სახლი გვაქვს, ჩვენი ს ა ხ ლ ი.
– მეტი კიდევ რა გვაქვს?
– კოხტა ეზო, ცივი წყარო და რკინის ჭიშკარი.
– ვერავინ რო ვერ შემოვა ისეთი?
– სტუმარი შემოვა, ბაბუ, ჭიშკარს გააღებს და შემოვა.
– ქურდი არ შემოვა?
– ქურდი არა, ვერ გაბედავს.
– რატომ, დიდი ძაღლიც გვყავს?
– კი, დიდი ძაღლი გვყავს, ქურდს არ შემოუშვებს.
– ე, ჩვენს ძაღლს რა ჰქვია?
– რა ჰქვია და ჯ ე კ ა.
– ჯეკა! ბაბუ, იცი, ძალიან მინდა მყავდეს ლეკვი, ვგიჟდები ისე მიყვარს.
– კიდევ რა არის სოხუმში? აუ, მიდი რა, მითხარი!
– ცა არის, ბაბუ, იმოდენა, საითაც არ გაიხედავ, ცქერით ვეღარ გაძღები. ზღვა არის ვეებერთელა, ღრმა და საოცარი. ზაფხული იცის ისეთი, გულს რომ სიხარულით აგივსებს. ბევრი, ბევრი ადამიანი ჩამოდის ჩვენთან ზაფხულობით.
– რატომ?
– სოხუმი ზღვისპირა ქალაქია და ადამიანები იქ დასასვენებლად ჩადიან.
– ზღვაში რომ იცურაონ?
– ჰო, რომ იცურაონ, დაისვენონ და სიცოცხლე გაიხანგრძლივონ.
– უხარიათ მერე?
– როგორ არა! გაოცებული ადამიანები ყველაფერს ათვალიერებენ.
– რას ათვალიერებენ?
– ზღვას, გემებს, კოპწია სახლებს, ლამაზ სასტუმროებს, შადრევნებს, მაღალ მთებს…
– კიდევ, ბაბუ, სოხუმში მტრედებს არავინ იჭერს?
– ოჰ, არა, მტრედს იქ არავინ იჭერს!
– არც თოლიას?
– არა, არც თოლიას.
– მაწანწალა ძაღლებს?
– არიან ადამიანები, რომლებიც მაწანწალა ძაღლებს უვლიან. ვის როგორ შეუძლია, ხან რას აჭმევენ და ხან რას.
– ისინი ცოდონი არიან, ხო?
– სახლი მაგათ არა აქვთ და პატრონიც არ ჰყავთ… ცოდონი როგორ არ არიან.
– ბაბუ, ჩვენს ძაღლს სოხუმში ვინ უვლის?
– ჩვენი ჯეკა ისეთი ყოჩაღია, თავს არ დაიკარგავს.
– წვიმა როცა წამოვა, სად უნდა დაიმალოს?
– თავის სახლში.
– მაგარი სახლი აქვს?
– კი, ხის სახლი აქვს, მაგარი, პატარა მწვანე სახლი… ჩემი ხელით ავუშენე.
– ნეტა, ახლა სოხუმში თუ წვიმს?
– შეიძლება წვიმს კიდეც.
– ვითომ ცოტას იწვიმებს თუ ბევრს?
– შენ ნუ ღელავ, იქ ხშირად წვიმს ხოლმე, მაგრამ ისე ლამაზად წვიმს, თავი ზღაპარში გეგონება… წვიმა თავს კი არ გაბეზრებს, გეთამაშება, შენთან განშორება ეძნელება, გეალერსება… გამოიდარებს და მოგენატრება.
– კიდევ, ბაბუ, კიდევ რა არის სოხუმში?
– ულამაზესი ტბები, ზღაპრული გამოქვაბულები და უძველესი ეკლესიები, ქვები, საუკუნეები რომ გამოუვლიათ… კიდევ ჯადოსნური მაგნოლიები და ზღვაში მოცურავე იალქნიანი ნავები.
– მაგნოლია რა არის?
– დიდრონი ხეა, თეთრი და სურნელოვანი ყვავილის ხე… ამ ყვავილს ჯადოსნური ძალა აქვს, ბაბუ.
– როგორ ჯადოსნური?
– მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან.
– რას მომიყვებიან, როგორ მაინტერესებს!
– ბევრ საოცარ ამბავს.
– ბაბუ, სოხუმი საით არის?
– იქით, დასავლეთისკენ.
– შორსაა დასავლეთი?
– არა, აქვეა, ახლოს.
– ძალიან მინდა სოხუმში, ჯეკასთან მინდა, ჩვენს სახლში… მაგნოლიებთან მინდა, ზღვაც მინდა ძალიან, სულ ძალიან.
მ ე ც უ რ ვ ა ს ა ც ვ ი ს წ ა ვ ლ ი, ბ ა ბ უ!
– მჯერა შენი!
– იცი რა, დედიკო და მამიკო სახლში რო არ არიან, მეშინია შენც არ დამტოვო. მარტო ყოფნა არ მინდა. უჩემოდ ხომ არსად წახვალ?
– ეგ რამ გაფიქრებინა, უშენოდ სად უნდა წავიდე? შენ ჩემი ვაჟკაცი ხარ, ბაბუ, გვარის გამგრძელებელი!
– მაგნოლიების ამბებს კიდე მომიყვები?
– მოგიყვები, შენ თავს გეფიცები, ყოველდღე მოგიყვები.
,,მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“ – დრამატურგი ოთარ პერტახია....