CU Litclub

CU Litclub CU ლიტერატურული კლუბი

13ადამიანის წარმოდგენაში ყოველთვის ყველაფერი უფრო სრულყოფილად არის ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში. მარტის შემოსვლა ყოველთვი...
20/03/2024

13

ადამიანის წარმოდგენაში ყოველთვის ყველაფერი უფრო სრულყოფილად არის ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მარტის შემოსვლა ყოველთვის ემოციურია ჩემი ადამიანებისთვის,
უმეტესწილად სულ რომ ეზიზღებოდეთ ეს თვე ჩემი გადამდები აურა თავისდაუნებურად მოქმედებს.
გაზაფხულდა,
შენი დაბადების დღეც არ ითმენს მოსვლას იქამდე კი დღეებს ვითვლი როდის ჩაგიხუტებ გულში.
თან იმფაქტს ვიაზრებ, რომ არ არსებობს დაუსრულებელი ურთიერთობა.

ერთადერთი გამონაკლისი შენ ხარ , მეორე ნენესადმი ( სხვა მისი მსგავსების) არსებული დამოკიდებულება.
უკვე მესამე წელია მარტი სამმაგად მიცოცხლებს სამყაროს, სადაც ბევრი ბრძოლა და ომია გაერთიანებული , თითქოს ფრონტის ხაზზე ვარ, როცა არ ვარ უკურნებელ სიმსივნეს ვებრძვი.
იმ დღეს კითხვა დამისვეს,
- ახლა რომ მოკვდე, შენი სიკვდილისთვის მზად ხარ? - ო
რამდენიმე წამი დავფიქრდი , რაღაცებმა თვალწინ ჩამიარა და მივხვდი რომ მზად ვიყავი.
ხომ ამბობენ ხოლმე სიკვდილი როცა გიახლოვდება მთელი ცხოვრება ერთ წამში თვალწინ გირბენსო,
ასე ჩამიარა რაღაცებმა, ნენეს სახემ.
იმ აზრმა , რომ შენთან ამ მხრივ მოსასვლელი გზა მოახლოვებული მექნებოდა.
აღარ ვიარსებებდი იმ ოცნებით, (უოცნებო ქალის ერთადერთი ოცნება)
რომ ისევ მენახე.
აქ ისევ ვგრძნობ, ფიზიკურად არ ყოფნაში რაც იგულისხმება.
როგორც მეხუტები და იმახსოვრებ ჩემს სუნს, რომელსაც ვანილისას ადარებენ, რამდენჯერ მიკითხავს ჩემი თავისთვის თუ დაეთანხმებოდი.
აღარ ვტირი და ვჩხუბობ, იმაზე რომ სიზმრებში აღარ მოდიხარ.
არაფერია, ხან შენი ფოტოების ნახვაც აღარ მინდება.

ალბათ რაღაც ნიშნები რადგან მართლა არსებობს, სასწაულების სახით,
(სასწაულებსაც გააჩნია)
ჩემი სასწაული აღმოვაჩინე, რომელსაც შენი მიზანდასახულობა და მებრძოლი ხასიათი თან სდევს.
ჯერ არ გავრკვეულვარ, როგორი შეგრძნება მაქვს.
მიუხედავად იმისა რომ აფხაზეთში არასდროს ვყოფილვარ,
დედასგან მოყოლილი ისტორიებით, ვიცი იქაური ზღვა სხვანაირად ცისფერი, სუფთა და კამკამა რომაა.
შენი მიმოფანტული იასამნები ისევ მუცელზე მაქვს, ნაკაწრებად ამოტვიფრული და ზღვას ვუყურებ.
ვზივარ და ვიაზრებ რამდენად ლამაზი შეიძლება იყო როცა სული არ გაგაჩნია
და ყველაზე ლამაზი, როდესაც შენი სულის არსებობაზე არაფერი იცი, იმიტომ რომ ბუნებრივი ხარ.

ის ფრაზა, ძალიან მიყვარს, „დრო ყველაფერს კურნავს, მიეცი დროს, დრო“
რამდენ რამეში ჯდება კარგად და განახებს, რომ გაგრძელდა ცხოვრებაც და ზამთრის დეპრესიებიც მიილია.
ვიცი ზედმეტად მარტივად ჟღერს, აღსაქმელად და გამოსაცდელადაა რთული.

წლები როცა გავა, (თუ იქამდე არ დამავიწყდა), გავიხსენებ შენთან ერთად გატარებულ დღეებს ან ტატოს მოვუყვები,ან ვინმე ისეთს ვისაც ამბების დაფასება გამოსდის, მოსმენასთან ერთად.
გამოუხატავი დეტალების სიყვარულზეც ვიტყვი, დაზუსტებით ვერ გპირდები, ოღონდ.
არც შენი სილამაზე დარჩა გაუზიარებელ საიდუმლოდ, ზამთრის სიყვარულივით გაქრა.
არა იმიტომ რომ აღქმა და სეზონი შეიცვალა.
შეიძლება შენ შეიცვალე, ამ ცვალებადი სეზონების მანძილზე.
ის ჩვევაც გამძაფრებით აღარ მაქვს კონკრეტული ფრაზები ისტერიულად როცა მიმეორდება ხოლმე გონებაში.
ვიმახსოვრებ იმას, რომ დღეს არსებობს ყველაფერი და უკან ყველაფერი მკვდარია,
წასული.

რასაც ვერ შეცვლი უნდა შეეშვა და სადღაც უკვე დავიჯერე იმისაც, როცა იღვიძებ და იაზრებ რომ ყველაფერი რაღაც მიზნით ხდება, შუაში ( სანამ ბოლოს მიაღწევ) კი იგებ რატომ იყო worth.
არ გვინდა გლოვა, როცა დაიღუპა მაშინაც არ მიგლოვია, ვერც ჩავეხუტე, ხან უაზრო გაჯიუტება ვიცით ხოლმე ადამიანებმა და შესამჩნევი შიშის ქონა მკვდარ ადამიანებზე.

კარგი საქციელების პასუხი ხომ ისევ მისაღებია.

ოთახში ვწევარ, მზე მჭიდროდ ცდილობს შემოსვლას,
ადამიანებს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდათ
ისეთი შეგრძნება მაქვს, სადღაც შუაში ვდგავარ დასასრულსა და დასაწყისს შორის.
პირველი დასაწყისი შენ გარეშე, უცრემლოდ, უცერემონიოდ.
ფერფლივით გაიფანტა შენი ნაზი სუნი და არც მახსოვს სად გადავყარე,
თავისით გაქრა.
არადა ადრერომ ეკითხათ ალბათ ბევრჯერ კიდევ გავამეორებდი იმ მოგონებას,
შენი სუნის შეყნოსვის და სულიერად შეხებების.
ჩემი სხეული გამთლიანებულია, უყველაფროდ.
არც ვარდისფერი სათვალე აღარ არის საჭირო, პირიქით ამდენი სიმძიმით (ხან გაუსაძლისად მძიმე) და მსუბუქი ემოციებით საინტერესო თავგადასავალი შეიკრა.
აუცილებლად მოვყვები.

ნიშანისადღაც ტაშისცემა ისმის, იქვე მწუხარეა ვიღაც. არ არსებობს წამი, სადაც ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ, სადღაც მაინც რაღაც...
04/10/2023

ნიშანი
სადღაც ტაშისცემა ისმის, იქვე მწუხარეა ვიღაც. არ არსებობს წამი, სადაც ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ, სადღაც მაინც რაღაც იჩეხება განაპირა კუთხეს სეზონების მიხედვით სილამაზის აღქმაც იცვლება. მცირდება მიმოწერა და ერთმანეთზე ზრუნვა, ინერციით მეგობრობა და დაუსრულებელი ლოდინი იმის რაც არც ყოფილა რეალური. თითქოს შენი ცხოვრება მოკვდა, ან ახალგაზრდა ქალს უყურებ რომელიც აქ არის სამი წლის წინ კი ისევ საღი და ენერგიული იყო. ახალგაზრდა გოგო , რომელსაც ბედნიერება უნდოდა, გადაიქცა ქალად რომელიც თავად არის ბედნიერების წყარო, აფრქვევს ყველაფერს რისი დანახვაც აღარ უნდა მაგრამ გაიჭედა. იქ სადაც არ უნდა გაჩერებულიყო და ყველაფერი მიამბო. როგორი ხასიათიც ჰქონდა ზუსტად ისეთივე მანერებით ლაპარაკობდა, გაურკვევლად. მისივე ემოციურობიდან გამომდინარე ვიცოდი როგორი რთული იქნებოდა რამის დამალვა ამდენი წლის განმავლობაში, როცა შენივე თავმოყვარეობას ეხება საქმე. მშვიდად დაიწყო, გზაში ატირდა და მითხრა: ⁃ ჩემზე იძალადეს. მეც მთელი გულით ვეცადე ჭკუიდან არ გადავსულიყავი და უბრალოდ გავჩუმდი. არც მოვხვევივარ, იმან რა იცოდა მე ყველაფერი ნანახი რომ მქონდა უკვე. შეშინებული სახე და ათრთოლებული ხმა, წამიერად მივხვდი რომ მოვკვდი. არა იმიტომ რომ ელენეს ეხებოდა საქმე, უფრო იმიტომ რომ ვერაფერი ვიგრძენი და ამდენად ემოციური ამბის გაგების შემდგომ, მივხვდი რომ აპათიური ვიყავი და ჩემი ემპათიურობა გაქრა. უამრავი უძილო ღამის შემდგომ მივხვდი რომ ისევ ვმოძრაობდი. მოგონებები მახსოვს ბებიაჩემის დაღუპვის შემდგომ ნუცას მშობიარობა უწევდა, პანიკებით სავსე დღეები მქონდა, ვერ ვიგებდი როგორი რეაგიარება მქონოდა, ვერც ვტიროდი , ვერც ვიღიმოდი, უბრალოდ მინდოდა გადამერჩინა. არ ვიცი საიდან დამეწყო ამდენი ინსტიქტი, ყველას გადარჩენის, (ვინ/რამ გამომფატრა) არც თუ ისე კარგი ინსტიქტია. საბოლოო ჯამში ისევ შენ რჩები გამოშიგნული. თუნდაც ალტრუიზმი იყოს შენი მოწოდება, არავის ადარდებს, ყველა ნენე ვერ იქნება. აქამდე ესე მკვეთრად არ ვაკვირდებოდი, ადამიანების გამოხატულებებს ერთმანეთისადმი. რამდენად შეეძლოთ რამის ექსპრესია მხოლოდ იმიტომ რომ საყვარელი ადამიანი გამოეხატათ. ან რამენაირად ხელი დაექნია სამყაროსთვის. - გამარჯობა, მე თუთა მიყვარს. მერე გავიაზრე, რომ ჯერ კიდევ როცა ქვრივი მერქვა მაშინაც არ გამომიხატავს არავინ, არ მინდოდა გაანალიზება, რომ საკუთარი თავი მიყვარდა, პირიქით, ვაძაგებდი, ვტუქსავდი და ვაწამებდი. მერე ყველაფერი შეიცვალა და გავიზარდე. არავინ გამომიხატავს , მაგრამ არსაიდან დაკვირვება დავიწყე, რომ ხალხი მე გამომხატავდა. თან მეშინოდა, თან მეცინებოდა სიმწრით, რადგან რეაქციის ქონა აღარ შემეძლო. გავიღვიძე, თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვერ ვარჩევ რეალობა სად არის? სადღაც დავიკარგე, დიდ ნისლში, რომელიც ჩემ გონებაში და ორგანიზმშია. სიმშვიდეს ვგრძნობ, აქ უკვე შიში იდებს სათავეს და არ მომწონს. მეშინია ამხელა ბედნიერების, რომელსაც ან ვიმსახურებ ან არა, მე , ადამიანს რომელსაც მიაჩნია რომ სერიულ მკვლელებსაც გამოუძებნის საერთო ენას და აუცილებლად უსურვებს ბედნიერებას. იაკოზე და ალექსის ამბებზე ვფიქრობ, ავდექი , ფანჯრის რაფასთან ვარ, ვიყურები გარეთ და ვხვდები რომ რაღაც ვეღარ მაქვს რიგზე. ცხოვრება გაგრძელდა, ორმა გამოფატრულმა ადამიანმა ერთმანეთი იპოვა. მე კი გვერდით გავიწიე და მივხვდი რომ აღარ მინდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. პატივცემულ დოსტოევსკის კი ვეთანხმები, ,, რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა.’’ საკითხავია , რამდენად შევეგუე იმ ფაქტს, რომ გიორგი გარდაიცვალა, ან რატომ გავიხადე სამგლოვიარო ფერი და დავუბრუნდი ბედნიერების ფერებს, ზუსტად იმ პერიოდში როცა საერთოდ არ ვარსებობდი. ყველაფერი რიგში ჩამწკრივდა და თავისი ადგილი იპოვა, მე კი უბრალოდ ავტირდი. ყველანაირი მიმოხილვის გარეშე მივხვდი რომ დაუჯერებელი ნიშნებისგან და დეტალებისგან ამბავი გამოვიგონე, რომელიც რეალობაში გამაოგნებლად ახდა და მივხვდი რომ სასწაულები არსებობს. სასწაულებსაც გააჩნია.

ლექსებივარსკვლავებიახალი მთვარის ბრძანება - დაანაკუწეთ ძველი მთვარე და გაფანტეთ.ჭიაკოკონობა  2020რას შვრები ახლა? ახლა, ...
26/03/2023

ლექსები

ვარსკვლავები

ახალი მთვარის ბრძანება -
დაანაკუწეთ ძველი მთვარე და გაფანტეთ.

ჭიაკოკონობა 2020

რას შვრები ახლა? ახლა, როცა შორსა ხარ ჩემგან,
როცა სიტყვები ერთმანეთის – გულში გვესობა,
ჰოდა ჩვენც ვისვრით ისე, როგორც კენჭებს ვესროდით
ჩვენს ბავშვობაში, ჩვენს ქუჩაზე ერთ-ერთ მეზობელს,
ბოლოს ავიღეთ და დავაგდეთ ჩვენითვე ეგ ქვა,
და ბავშვობაში ასეთებსაც ბავშვები გვერქვა.

ბნელი ღამისას, რომ ვცეკვავდით იმ საბურავის
გარშემო, რომელს რიტუალის ცეცხლი ეკიდა,
მე დავითვლიდი: “აბა! სამი, ორი, ერთი!” და
გადახტებოდი, “მაზაკვალებს” დაიფერთხავდი,
(ბავშვობიდანვე უხილავსაც მკვეთრად ვხედავდით,)
და მეორე დღეს მოველოდით იმათ ფერფლიდან.

რა შორს წავედი იმ დროიდან მე და შენც ჩაქრი,
ბოლოს დანთებულ ცეცხლივით შენც ქარმა ჩაგაქრო,
თუ ამ სიშორემ, ზუსტად ამან (რომელზეც სხვა მხრივ
არც თუ ბევრი გვაქვს სხვათაშორის სალაპარაკო,)
ხელი გტაცა და წაგიყვანა სულ სხვა ქალაქად?
რატომ წამგვარე ჩემი სული უცხო ქალაქო?

***

მაგრამ ამაზე არ იდარდო, ამ დღეს - ხუთშაბათს,
რაკი გათენდა და სიკვდილის ვნახეთ ფაქტები,
ისევე როგორც მოველოდით, შენი ზურგჩანთით,
როდესაც შექსპირს და გოეთეს თან დავათრევდით,

ხან მეტროებში, ქუჩებში და ზოგჯერ სახლშიც კი,
ჯერ ვატყუებდით საკუთარ თავს ვითომ გვესმოდა
ფაუსტის, მერე ჰამლეტისა, ვგრძნობდით კავშირებს
მათთან, რაც უფრო გავდიოდით ჩვენი ეზოდან,

მით უფრო მეტად იზრდებოდა ჩვენი მსგავსება,
იმ ჰამლეტთან და ფაუსტთან და იმ სხვა გმირებთან,
რომლებმაც ძალა ბოროტების დასამარცხებლად
მოგვცეს და გვითხრეს, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებდით.

სინამდვილეში კი ეს იყო წყევლა, რომლითაც
მცირე ასაკში ასე უხვად დაგვასაჩუქრეს.
ჩვენც გვიხაროდა მანამ, სანამ ჩვენთან მოვიდა
დიდი ჭირი და ყველაფერი არ გააშუქა.

2020

***

ჩემი გულიდან თავგამოყოფილ
საათის გუგულს უყვარს გალობა,
განსაკუთრებით შენი სახელის,
როდესაც ცაზე მზე ეგულება.
დილა ყოველის ფარდის ამხდელი
იბარებს სიზმრებს, ჰყვება არაკებს,
უნდა გადმოვწვდე სამას კილომეტრს
და მითუმეტეს - გელაპრაკო.

დამაჯერებლად როგორ ავჟღერდე,
როცა ხმას მიხრავს დროის მიწა,
მიწის ჭიანი,
ჭიის ჭრიალი,
ჭრიალის ხმა,
ხმას მიხრავს დროის მიწა და მიხრავენ დროის ჭიანი.
არ შეიგინო მიწაზე დარჩი
თავაზიანი,
ზრდილიანი,
ნათელიანი,
დილიანი,
სიტყვაგზიანი.

მეზობლის ქალს რომ ერქვა ნათელა,
სხვები შაყირით სვეტას ეძახდნენ.
მოგესალმები ჩემო მთარგმნელო,
სხვისო კაცო და ჩემო ყველაზე.

ჩემს ენაზე თავად ნემსი და დედამიწა ტრიალებენ,
მე კიდევ შენი თავის ქალა უკვე გავხვრიტე შენკენ ყურებით.
ავადმყოფურად იგინებიან ქვები ბეტონის ფასადქვეშიდან.
გარეთ ყოველდღე უნდა გავიდე
სხვადასხვა ფერის მაისურებით
და არცერთ ფერს არ გავიმეორებ, ვიცი, სამყაროს აღსასრულამდე,
რონელმაცშეჰქმნა სამყარო, იცის.
დილის ჰიმნია
არ შიგინო მიწაზე დარჩი
თავაზიანი,
ზრდილიანი,
ნათელიანი,
დილიანი,
სიტყვაგზიანი.

2023

***
დაგეძებ მოგონებებში,
გულზე გიწყობ და გიწებებ,
შენ ხარ გონება, რომლითაც
ერთხელაც დამივიწყებენ.

მე თუ ვერ ვერაფრით გიწამლო,
სხვების მოსვლაც ხომ წესია.
შენა ხარ ის ქვა, რომელსაც
ერთხელაც ზურგში მესვრიან.

ხარ ჩალით გადახურული,
წვიმები ძვლებში გამტვრევენ.
შენ ხარ ჯალათი, რომელიც
ერთხელაც გამაცამტვერებს.

შენ ჭრილობას ვერ მომირჩენ,
მწამხარ საერთაშორისოდ.
შენ ხარ ბაწარი, რომლითაც
ერთხელაც თავს ჩამოვიხრჩობ

ჩემო ქვეყანავ.
მე შენ ვარ
თავს ნუ მოიკლავ, დავლაგდეთ.
მე მინდა იყო შენ ის კლდე,
რომელზეც ტაძარს ავაგებ.

***
ზეცა იასამნისფერია,
შენ ხარ იასამნის ფერია,
ახლა რუსთაველის გამზირზე
ლაღი სტუდენტები მღერიან,
რომ ვინც მოყვარეს არ ეძებს
იგი თავისა მტერია.
აქვე პოლიციის კორდონი,
რობოკოპები და ჭავლები,
რადგან ამ როკვაში ჩავებით
მოცდა არ გვიღირს და ლოდინი.
გზები, აღმართები, ჯიკავი,
გუშინ ყველა ერთად ვიყავით,
გუშინ ყველა ერთად ვიდექით,
გუშინ ყველა ერთად მიყვარდით.
ზეცა იასამნისფერია,
შენ ხარ იასამნის ფერია,
ახლა რუსთაველის გამზირზე
ლაღი სტუდენტები მღერიან,
რომ ვინც მოყვარეს არ ეძებს
იგი თავისა მტერია.

2023

***
დღეს ვესაუბრე ჩემს ძმას და დედას,
ვუთხარი, რომ თურმე ღორის ხორცს
ადამიანის ხორცის გემო ჰქონია.
დედამ თქვა ფუ,
ძმამ თქვა რომ კანიბალები უგემოვნოები არ არიან,
მე კი დავამატე რომ ღორისა და ადამიანის დე-ენ-ემი ძალიან ჰგავს ერთმანეთს,
მაგრამ ადამიანი მთლად ღორი არაა და
სადაც მთლად ღორი არაა იქაა ადამიანი.

2023

***
არ გაიხედო გვერდზე,
არავინ არის ირგვლივ,
რა საჭიროა ვინმე,
პირიქით.
მხოლოდ შენია ყველა ბილიკი,
მხოლოდ შენია ამხელა გზა,
რა დაგრჩენია?! აიკარი გუდა-ნაბადი
რა დაგრჩენია?! გაიპარსე წვერი, მოუშვი.
და გზად იფიქრე:
"ნუთუ ფორმა არის მთავარი"
და თან დღითიდღე
გეზრდებოდეს ეს გზა სავალი.

მე ვმღერი ჩემი მარტოობის წყალში დაბანილს,
მე ვმღერი ჩემი უსინათლო სულის სიმღერას,
მე ვმღერი თქვენი ყოფითობის ბედნიერებას.
ნუთუ ფორმაა მაინც მთავარი?

გზებზე ზამთრისგან დაცვენილი ხმელი ტოტებით
ნუთუ არ არის დასასრული მინიშნებული,
ან სიჩქარეში მიტოვება არეულ სახლის,
ან სიჩქარეში გვერდის ავლა გზაზე მათხოვრის,
როდესაც იცი, რაღაც უნდა გეგდოს ჯიბეში.

ჩამოიფერთხო ფეხსაცმლიდან მტვერი წარსულის
და არ წახვიდე,
იქნებ მომავლის ქარს მოჰქონდეს შენთვის ნაგავი.
ნაგავს ვერ გაცრი,
სულ ას ტყვიას, რომ მოეკალი
კვლავ ვერ გაცრიდი.

ჩემზე დაჭედებულ ლურსმნებს გარშემო
ხესავით შემოვეზარდე.
და როგორ გინდა გაგცე პასუხი,
როგორი ხმითაც უნდა მეძახდე.

მე ხმა არა მაქვს,
ჩემი ხელწერა, როგორც ყოველთვის, ახლაც მკრთალია.
ამ სტრიქონებში ფიქრის დამალვა არც მაბრაზებს და არც მიხარია,
მაგრამ სიმკრთალე პერსპექტივაში სიშორისა და ქარის ბრალია.

2023

ანტიგონეს დანაშაული

თებეს ქუჩებიც შეურიგდნენბედს ამ ორგულთა,
რომლებიც ჯერაც მის ქუჩებში დააბიჯებენ,
არც კი იმჩნევენ,გვერდს უვლიან ბედშავ პოლინიკს,
რომელიც ყველას უკითხავად ასე იხრწნება,
სიო კი ახლის ხალხს სახეში მძიმე სიფხიზლეს,
იქნებ ეღირსოს, რომელიმეს გამოფხიზლება.
თან ქარი ახლის სუროს ფოთლებს
მკერდზე პოლინიკს,
ქარი ისეთი მაცდურია, მისი ოინი -
შეუმჩნეველი. გარს უვლიან ბედშავ პოლინიკს
სუროს ფოთლები
და თებეში ასე ღამდება.

ვიღაც გამოდის მთვარის შუქზე, ხელში კი ვერცხლის
რაღაც ჭურჭელი თუ ნიჩაბი, კარგად უჭირავს,
უნდა დამარხოს პოლინიკი, რომ გულის ცეცხლი
ცოტათი მაინც შეამციროს, მაგრამ უჭირდა
მიწის თხრა, თანაც შეამჩნევდნენ მალე დარაჯნი,
დაბალი ფენა მიწისა ზედ მოაყარა და
გასცდა ტყეს,
გასცდა კრეონს,
გასცდა შიშს ანუ
უკან იგივე გზით დაბრუნდა, რითიც მოვიდა.

2022

როცა შენ არ მწერ

როცა შენ არ მწერ, მაგონდება ყველა სიმხდალე
და დავაბიჯებ ამ მიწაზე უძვლო, უსახსრო.
ვერ გამოიწრთო ჩემი ენა, რომ თქვას მიყვარხარ,
მერამდენეჯერ გიმეორებ უნდა უთხრათქო

ჩემო საბრალო, უგრძნობელო, გაბუჟებულო...
მე დამაქვს ქარი სუსტი ქარი და გაფანტული
გონებით, ვცდილობ მეათასე სიტყვა ვაბრუნო.
ყოველი დილა გამოცდაა, ღმერთო, ართულებ.

მე თუ ვწერ, მაშინ ყვავილია, გაზაფხულია,
როგორ აგიხსნა ყოველივე? ახსნა რთულია.
მხოლოდ ქურთუკში შემოპარულ ცივ ქარს უსმინე,
ჩემო საბრალო ანტიგონე, დაო ისმენე.
სახეზე ხაზი ჩამოვისვი კალმით, გამყავი.
მოდი დამმხარხე, სანამ დავლპი, მოდი დამფალი.

2023

***

ჩემი ამბავი გაუგონარია და ამიტომაც არ გსმენია მასზე არასდროს.

რას გვასწავლის ზღაპარი?

რეალობა კარაქია ოთახის ტემპერატურაზე,
თუმცა გააჩნია შენ რითი თბები.

ჩვენ ადრე ისეთ სახლში გვეძინა,
რომ უმაცივროდ პროდუქტი არ გვიფუჭდებოდა.

ალბათ ძალიან ბევრი ვერც კი ხვდება,
რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანი რამაა კარტოფილის ამოღება.
როცა ვგრძნობდით უსახსრობის მოახლოებას, კარტოფილს ვიმარაგებდით, ფქვილს და შაქრს.

მე მიყვარდა ცომის ამოყვანა.

ხანში ძალიან ღრმად შეტოპილმა ბებიჩემმა
მიმიყვანა სამზარეულოს მაგიდასთან და მასწავლა,
ყველაფერი ჩემი ხელით გამაკეთებინა,
თვითონ კი ნელთბილ წყალს მიმატებდა ცომის დიდ ჯამში დროგამოშვებით.

ამოდი ცომო, გახდი პური და დაგვაპურე.

არსობის პურმა მის ხელებზე ნაოჭები ვერ მოარჩინა,
მისი იასამნის ვენები ნელ-ნელა უფრო და უფრო იკლაკნებოდნენ.

იმ გაზაფხულს ღუმელი ჯართში ჩავაბარეთ,
მე და მამამ წავათრიეთ ურიკით.

და დავრჩით ნიკორეტეს სპრეის ანაბარა,
გადავრჩით,
ყველაფერ კარგს გადავურჩით, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

ბებო აღარაა,
მამა - ჭაღარა.
ბაბუა - სალიუტი.

2023

***
შენ ოდესმე თუ გდომებია წასვლა ისე შორს,
სადაც არც წვიმს და არც ქარი ქრის
მაგრამ ისე თოვს,
ისე ბარდნის, რომ გზა არა ჩანს მაინც არსაით,
და რომ ხვდები რომ მოხვედი და აი მთასავით
უნდა იდგე და შეეგუო ამ ქარს და წვიმას,
რომელიც არის, თანაც არც არის.

შენი სახელი ავიწყდებათ ამიტომ გცვივა
ბროლის კურცხალი, ის, რომელიც, ერთხელაც, წინათ
გამოგიჩნდა და გითხრეს რომ ბრწყინავს.
გაიცინეს და ზურგი გაქციეს.

არაფერია, დარჩენად რომ გიღირდეს ხედავ,
ჩემი ნაწილი სულ თან მქონდა ძმაცა და დედაც,
არაფერია ფორტუნა და კარმა და ბედი,
არაფერია თუ დაბერდი, ვინ არ დაბერდა.

და ასე ადრე, ასე ადრე ელი განაჩენს,
სადარბაზოში გამოზიდავს ყვავილებს დილით
ერთი რიგითი მეზობელი და მაშინ აჩნევ,
რომ ამ ზამთარში ყვავილებიც ძლებენ შენსავით.

და შენს ტკივილზე კბილის მლესავი
სამსახურიც რომ მაზოლზე გაჭერს...

ფეხის წვერებით დაგატარებს დანის წვერზე და
ვერ გამოდიხარ მაინც ამ წრიდან.

ამავდროულად ჰავაიზე თბილი ქარია,
მაიამიში ცვალებადი მოღრუბლულობა.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
შენ დაგვიფარე დაღუპულები.

შენ ოდესმე თუ გდომებია წასვლა ისე შორს,
სადაც არ წვიმს და არც ქარი ქრის,
მაგრამ ისე თოვს,
ისე ბარდნის რომ გზა არა ჩანს მაინც არსაით,
და რომ ხვდები რომ მოხვედი და აი მთასავით
უნდა იდგე და შეეგუო ამ ქარს და წვიმას,
რომელიც არის, თანაც არც არის?

2023

***
ასე რა,
გთხოვ ნუღარ დამსერავ
სიტყვებით,
მე მხოლოდ გიყვები
ჩემს ამბებს -
ტკივილის შესახებ
და ვცდილობ
სიცოცხლეს დავცინო
ლექსებით.
დარჩი და ვეცდები
აქამდე
მე რაც კი არ ვცადე.
ასე რომ
გთხოვ აღარ დამსერო
სიტყვებით.

"ნება მიეცი შენს ანგელოზებს წაიყვანონ ჩემი ცოდვილი სული სამოთხეში"

მთელი ბავშვობა მეგონა, რომ მამაჩემი უკვდავი იყო, სანამ ერთხელაც ჩემი თვალით არ ვნახე თუ, როგორ მოსდიოდა გაჭრილი თითიდან სისხლი. ძალიან შევკრთი, მას კი თითქოს ნერვიც არ შეტოკებია ისე მშვიდად გამოაღო უჯრა და უჯრიდან ამოიღო ბამბა, და ბამბა დაიდო ჭრილობაზე, საიდანაც ჩემი ყველაზე დიდი შიში მოსდიოდა, რომელმაც წითელი ლაქებით შეამკო ეს თოვლივით თეთრი, პატარა ჯადოსნური ღრუბელი. ამ ღრუბელმა შეისრუტა მთელი ჩემი უძლურება და გადაარჩინა ჩემი ბავშვობა უმძიმესი ტრაგედიისგან. თუმცა ადვილადაც ვერ შევძელი შევგუებოდი მამაჩემის მოკვდავობას. მე ხომ ვიყავი პატარა ბიჭი, რომლისთვისაც სისხლი, რომელიც პირველად დაინახა იყო მამის და არა საკუთრი. იმ დღეს ვიფიქრე, რომ ღმერთი, რომელზეც დედა ძილის წინ ხშირად მიყვებოდა, ერთ დღეს თითგაჭრილ მამაჩემს ჩაიბარებდა. ის ცოცხალია, შეიძლება ისევ ის შეუმკრთალი კაცი აღარაა, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ იმ ღმერთისთვის, რომელზეც დედა მიყვებოდა პასუხები მზადა აქვს და სანამ ცოცხალია არ აპირებს მის ბიჭებზე გული აიცრუოს ან თუნდაც ერთი დღე ჩვენზე არ ილოცოს, იმ ღმერთთან, რომელზეც დედა ძილის წინ ხშირად მიყვებოდა. ისინი ჩემი ბავშვობისას გაეყარნენ ერთმანეთს, დედა და ღმერთი კიარა, დედა და მოკვდავი მამაჩემი. დედამ წამოგვიყვანა იმ სახლიდან, ჩვენც წამოვყევით. მერე დედა ძილის წინ ღმერთზე აღარ მიყვებოდა.

მამაჩემი არ გავდა განტოლებას, რომელიც უნდა ამომეხსნა, ის უფრო სხვანაირი კაცი იყო, მისი მტკივნეული ამონახსნი ერთდროულად აშკარაც იყო და იდუმალიც. მისი ხვლიკისფერი თვალებიდან იღვრებოდა სინანული და მონატრება, მის ხელებს ქონდათ ბავშვობის გემო და შრომის სუნი. მამის ხელებში თურმე ყველაზე მშვიდად ვიყავი.
2020

***
ახლა შენ ზიხარ ამ ნაწერთან და გეუბნები,
ახალო ადამიანო, შენ რა იცი ან რა შემოგრჩა ძველისა?!
მოვა დრო და მკვდრებს ამოთხრიან, გვამებს ხეებზე გააკრავენ,
სიცოცხლეს სიკვდილით გადაფარავენ და
რაღა აზრი ექნება სიცოცხლეს იმ დაწყევლილ დღეს?
უშნონი და უგუნებონი
რქებით შესდგებიან ტრიბუნებზე ახალი სამყაროს ბატონებად
და მსოფლიოს ტკივილი და უძლუროება დაეპატრონება.
მოვა დრო და საკუთარი ხორცის ჭამას დავიწყებთ.
მოვა დრო როცა ჩვენი შვილები ვერ გვიპოვნიან, სახლში კი სადილად ჩვენი მოხარშული გულ-ღვიძლი დახვდებათ,
ჩვენი, როგორც ნათელი მომავლის უკანასკნელი მორწმუნენისა!

ჩვენს გულს გადაშლიან და ჩვენს კვალს წაშლიან,
შუქს ჩააქრობენ და ამ ბნელში გაგვაქრობენ, რათა სხვებმა ვერ შეამჩნიონ ჩვენი აორთქლება ამ მხურვალე დედამიწიდან, რომლის ფსკერიდანაც ჯოჯოხეთი ნელ-ნელა ზედეპირისაკენ მოიწევს.
ვინც დაინახავს პირს აუკრავენ,
ვინც ილაპარაკებს თვალებს აუხვევენ,
აბა ბრმის ნანახს ვინღა დაიჯერებს?!
და ბრმამ უმტკიცე (რამდენიც გინდა) მუნჯ ანგელოზებს,
რომ ღმერთი ნახე,
რომ ეს სიზმარი არ ყოფილა,
რომ შენც გიჭრიდა თვალი მახვილი.
კაცმა, შობითგან ბრმამ,
თვალების ახელისთანავე შეიცნო ღმერთი,
მხედველნი კი ჭეშმარიტი ღმერთის შეუცნობელნი დარჩნენ,
მაგრამ ახლა სხვა დროა და დროის საჭურისია ადამიანი.

2021

13/12/2022

და ისევ მესმის ხმები წარსულიდან, თითქოს მეჩურჩულება, არ უნდა რომ გამიშვას, ხელზე მეჭიდება და ისე მავლებს ხელს, რომ ტკივი...
11/12/2022

და ისევ მესმის ხმები წარსულიდან, თითქოს მეჩურჩულება, არ უნდა რომ გამიშვას, ხელზე მეჭიდება და ისე მავლებს ხელს, რომ ტკივილისგან ხმას ვერ ვიღებ. ვცდილობ, რომ გავესაუბრო.. ვკითხო ყველაფერი, რაც ჩემთვის ბურუსით არის მოცული და დღემდე ვერ გამიგია, რა უნდა ჩემგან, რატომ მაინც და მაინც მე და არა სხვა, ან მე რა ვიცი?! იქნებ სხვაც ჩემს დღეშია?! ან ვინ რა იცის, ვის გონებაში რომელი მონსტრი ცხოვრობს, ყველა ჩემსავით ხომ ვერ აიმაღლებს ხმას და ვერ დაუდგება წარსულს წინ.. არა, გამბედაობაც კაი რამეა, ის რომ არა, ალბათ, ვერ გავბედავდი ხმის ამოღებას და იქამდე დავიტანჯებოდი ჩუმად, სანამ ვინმე არ გამოჩნდებოდა მისი მომხრე და არ წამაქეზებდა, რომ მესაუბრა. მაგრამ რა ვუთხარი ენას. ძვალი არ აქვს, ამიტომ ვერ მოსთხოვ ვერაფერზე პასუხს, თუ მას რამე შეეშლება, საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულო, მას შენ მართავ და ხშირ შემთხვევაში ამას ადამიანები არც კი აქცევენ ყურადღებას, ვერ ხვდებიან რამხელა ფასი შეიძლება ჰქონდეს ერთ ჩვენ სიტყვას და რამხელა ტკივილის მოყენება შეუძლია.. ჰოდა, აი ერთხელაც გადავწყვიტე, რომ მე და ჩემი წარსული დავსხდეთ და ვისაუბროთ, იქნებ რამე შემცვალოთ უკეთესობისკენ, იქნებ გადმოვიბირო ნათელ მხარეზე და ყველა ბნელი მხარე გაქრეს, რომ დავისვენო. დავისვენო საკუთარი თავისგან, რომელსაც ოდესღაც ადამიანი ერქვა, რომელსაც ოდესღაც გულწრფელი გრძნობები ჰქონდა და შეეძლო სიყვარული.. როცა მასთან მივედი, სამარისებური სიჩუმე იყო, ვერც ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდი და ვერც ვირთხის გარბენას, რომელიც ჩემსავით რაღაცას ეძებდა, საკვებს, რითაც იცოცხლებდა. ვეძახდი, მაგრამ ხმას არ მცემდა, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ის არასდროს მოვიდოდა ჩემთან. ზურგი ვაქციე იქაურობას და სანამ პირველ ნაბიჯს გადმოვდგამდი, დამიძახა, მითხრა, რომ ახლა თუ გზას გავაგრძელებდი, ვეღარასდროს შევხვდებოდი მას, ამიტომ გავჩერდი.. - რისთვის მოხვედი, გაინტერესებს როდემდე ვიქნები შენ ჩრდილში დამალული?! თუ უბრალოდ მოსაკითხად მოხვედი? არ ვიცოდი, რა მეპასუხა, პირდაპირ მეკითხა ყველაფერი თუ კითხვაზე მეპასუხა, მაგრამ მისი ხმა ისევ გავიგე და გააგრძელა საუბარი. - გამიკვირდება, რომ მითხრა მოსაკითხად მოვედიო, რადგან მე მხოლოდ მაშინ ვახსენდები ადამიანებს, როცა ვჭირდები, ჩემთან კითხვები აქვთ, ისევე, როგორც შენ ახსენდები ადამიანებს. ცდილობდა ყველანაირად შავ კვამლში გავეხვიე, გონება აღარ მიმუშავებდა, ვხვდებოდი, რომ ჩემ გონებაში ცდილობდა შემოსვლას და არ ვაცადე საუბრის დასრულება, როცა ვუთხარი: - შენგან განსხვავებით მე ადამიანებს ვუყვარვარ, ნუ ყველას არა, მაგრამ ზოგს მაინც.. საუბარი გამაწყვეტინა, სიცილი დაიწყო და ხმამაღალ ნოტაზე მკითხა. - ვის? შენი აზრით ვინმეს მართლა ადარდებ? ვინმე მართლა ფიქრობს შენზე? თვალები ცრემლებით ამევსო, ვერ ვტიროდი,რადგან ცრემლების ნიაღვარი რომ წამომსვლოდა ჩემი მწვანე თვალებიდან, წარსული მიხვდებოდა, რომ საუბარში მომიგო და უფრო ძლიერად შემომიტევდა. ვცდილობდი კარგ მომენტებზე მეფიქრა, ჩემ საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად არ მყავდა.. - დედაჩემს. და ჩამოწვა სამარისებური სიჩუმე, რომელიც ორივეს გვაშინებდა. ვერცერთი ვერ ვბედავდით ხმის ამოღებას, არ ვიცოდით, როგორ გაგვეგრძელებინა დიალოგი, მე კიდევ ამაყად ვიდექი, რადგან ვიცოდი, რომ პასუხი რომელიც მე მას დავუბრუნე, სრულიად სიმართლე იყო და დედაჩემი ის ადამიანია, ვინც არასდროს მიმატოვებს, თუნდაც არ ვიყო მართალი.. ამის შემდეგ დიდიხანი ვიდექით ერთმანეთის წინ ხმაამოუღებლად, მაგრამ გამიღიმა და ძლივს შეძლო სიტყვების თქმა. - დედაშენის გარდა? შეგიძლია დაასახელო ერთი ადამიანი მაინც, ვინც ოდესმე მხარში ამოგიდგა, სიყვარულზე სიყვარულით გიპასუხა და ცხოვრება რეალური თვალით დაგანახა?! ვფიქრობდი, მაგრამ არავინ მომდიოდა აზრად, მინდოდა იქამდე მეფიქრა, სანამ ვინმე არ გამახსენდებოდა, მაგრამ რაც უფრო დიდიხანი ვფიქრობდი, მით უფრო მეცლებოდა ძალა. ვლოცულობდი, რომ ერთ ადამიანს მაინც გაეელვებინა ჩემ გონებაში, ვინც ოდესმე სიყვარული და სითბო მაგრძნობინა და არ მიმატოვა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა, უძლური ვიყავი.. მივხვდი, ეს სამყარო სიყალბით, სიცრუით და ორპირობითაა სავსე. ადამიანები მატერიალური რაღაცებისთვის გაგწირავენ, არავის უნდა შენი სიყვარული, რადგან მას არ აქვს ფასი, არ აქვს ძალა.. არავის სჭირდები, როცა ცუდად ხარ, როცა გიჭირს და ალბათ ყველაზე რთულია იმ ადამიანებისთვის ცხოვრება, ვისაც დედა არ ჰყავს.. ადამიანი, რომელსაც შეუძლია რკინის ფარი იყოს შენთვის და სანამ ცოცხალია არ დაუშვას, რომ ზიანი მოგადგეს.. ამ ყველაფრის მერე ისევ დავბრუნდი სახლში, მოვირგე სხვა, ახალი ნიღაბი და გავაგრძელე ცხოვრება..

ნენეჩემი სიყვარული ყოველთვის უფრო დიდი იყო ჩემი დისადმი, ვიდრე მთელი სამყაროს მიმართ არსებული გრძნობა.ყოველთვის რაც არ უ...
17/11/2022

ნენე

ჩემი სიყვარული ყოველთვის უფრო დიდი იყო ჩემი დისადმი, ვიდრე მთელი სამყაროს მიმართ არსებული გრძნობა.
ყოველთვის რაც არ უნდა ყოფილიყო , ბავშვობიდან მოყოლებული რამე უკიდურესი თუ მოხდებოდა ჩემი და უფრთო ანგელოზის სახით მევლინებოდა და მაჯერებდა რომ ყოველთვის აქვს რაღაც ცუდს კარგი დასასრული.
თუმცა კარგი რაღაცებიც მთავრდება ისევე როგორც მაგალითად ჩვენი სიცოცხლე, ზოგი აღვწერთ მას როგორც ამაზრზენს ზოგი კი ყალბად ყოველდღე ხარობს წამის დაჭერით.
თუ ვიმსჯელებ იმის და მიხედვით თუ სად გადის ზღვარი ჩემსა და ადამიანებს შორის რომლებმაც სიყვარული მასწავლეს (თავიდან) რა იყო, შეიძლება ვერ მოვიძიო პასუხი, ნუკას თქმით ადამიანებს, ვისაც სიყვარული აკავშირებთ, მათთვის არ არის ყველაფერში საზღვრების დაცვა აუცილებელი.
ხან რამე ამორალურიც უნდა აკეთო (თურმე) რაც შენს პრინციპებს და კომფორტის ზონას დაარღვევს და თურმე აქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი, კერძოდ კი ის რომ გაიგო ვინ ხარ ან რას წარმოადგენ.
მე კიდევ მიმაჩნია, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლას ყოველდღე ვჯახირობ, რა თქმა უნდა მარტივი არ არის, მაგრამ პრიმიტიულად რომ ავხსნა ,,არაფერი გამორჩეული არ არის მარტივი, თუ არ იტანჯე’’ ( ხან მაინც და არა მთელი ცხოვრება) ამიტომ ცდას ყოველთვის აქვს აზრი.
შესაბამისად, აზრი რომ ყველას ცხოვრებაში ყოფნას მიზანი აქვს ჯერჯერობით ვაღიარებ რომ ამ მიზანს ვერ მივაღწიე და არც ჩემი სულის მთლიანი სიშიშვლის სანახავად ვარ მზად.
ალბათ არც არასდროს ვიქნები, თუ ეტაპობრივად არ დავიწყე, იმიტომ რომ ყველაფერი რაც დისკომფორტში გაგდებს მოითხოვს რეჟიმში ყოფნას რომ დაძლიო ყალბი კომფორტი, ეს კი ადამიანების უმეტესობას ( მათ შორის მეც) უმეტესწილად გვეზარება.

რაც შეეხება ჩემს მეორე დას, ყოველთვის სხვადასხვა ფერის ცხოვრება ჰქონდა, იყო შავიც, ნაცრისფერიც , ბოლოს რადიკალისტი გახდა და მწვანე აირჩია.
ალბათ ხვდები, რამდენად ამაღლდა ამდენი ომის შემდგომ დაცემული ქალი.
სექსისტი არ ვარ, თუმცა მაინც მივიჩნევ რომ ამ სამყაროში ქალების არსებობა თავის პლიუს მინუსებიანად რაღაც ძალიან ღირებულია, თუნდაც იმ კუთხით რომ სამყაროს ვამრავლებთ, ხან ვაუბედურებთ კიდეც, მაგრამ კაცები უმეტესწილად აუბედურებენ ჩემი მოკრძალებული აზრით.
(იმედია არ გამლანძღავ ამის გამო)

მერე ვიხსენებ იმ ფაქტს, რამხელა ბედნიერებას მაზიარა ნუცამ, ზუსტად წელიწად ნახევრის წინ და თავისდა უნებურად დამაჯერა რომ ყველაფერზე ლამაზი შინაგანი სამყარო აქვს, მერე ეს ფიზიკურობაშიც გამოიხატა და ყველა ერთხმად შევთანხმდით რომ ნუცას სახით რომელიც იანვრის საკმაოდ ცივ ღამეს დაიბადა , ზამთრის ფერია აღმოვაჩინეთ, რომელსაც უკან ჩემი მეორე და ედგა, მეორე ფრთით.
როცა შესამჩნევად გავიზარდე, კიდე ორმაგად მივხვდი რომ ხანდახან საერთოდ არ არის საჭირო იყო წარმატებული და უნაკლო. (პერიოდული მოდუნება დანაშაული არ არის) ის ფრაზა კვლავ ძალიან მიყვარს როცა ამბობენ სულ მეღიმება ხოლმე, ,, ცხოვრება მაშინ არის კარგი, თუ მას ებრძვი.’’ მე კი ჩემ მეგობრებთან ერთად შეთანხმება დავდე რომ ბრძოლის გარეშე ალბათ არც ერთი დღის გატარება არ შემიძლია.
ეს წარსულში იყო ასე, ახლა უფრო იმას ვებრძვი რომ მენტალურად არ დავიძინო ხოლმე ხშირად და რამეს არ გავექცე.
მაგრამ ეს მენტალური ღვიძილი იმ ფაქტს ვერ ცვლის თუ როგორ მეშინია ურთიერთობების,
არა იმიტომ რომ ერთგული არ ვარ , ან მოღალატედ ვითვლები უბრალოდ რაღაც დიდი წყლით სავსე ჭავლი ჩადგა ჩემ ფილტვებში თითქოს..
ქალბატონი სოფიოს აზრით კი ეს კარგია და რაც უფრო გვიან გავაგებინებ ჩემ მომავალ მეუღლეს იმ ფაქტს რომ ფეხი ჯოჯოხეთში ჩადგა ჩემთან ყოფნის სახით მით უკეთესია. (დღემდე ვიმედოვნებ რომ იხუმრა)
დღეს ისევ ნოემბერია, თავისი ხაზით და ისტორიით მოძრავი. ამ წელს ნოემბერმა თითქმის ყველას აჯობა , სიახლეებით და უცნაურობებით , ალბათ ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს ამ თვეში ისაა, რომ ნელ-ნელა გაპარებს სიცივეს, მაგრამ ბოლომდე არ გყინავს და მაინც გიფრთხილდება.
მე კიდე ის ადამიანები რომლებმაც გაფრთხილება იციან, ცამდე შემიძლია ავიყვანო გაღმერთებით.
გაღმერთებაზე გამახსენდა ჩემი ყოფილისგან დატოვებული მრავალი არაფერში გამოსადეგი ფრაზა, რომ არ შეიძლება ქალბატონი სოფიოს მიმართ ასეთი გაგიჟებული სიყვარული, იმიტომ რომ ცხოვრება დამიბრუნებს ამას ცუდად, თურმე.
ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ფრაზაზე და ისევ იქ მივდივართ, რაც ნუკამ მითხრა, რომ როცა გიყვარს, აუცილებელი არ არის ყველაფერში საზღვრები დაიცვა, ცოტა კი მიჭირს დათანხმება, მაგრამ ვცდი, რომ დაუფიქრდე რა აზრი აქვს სიყვარულს თუ მანდაც მუდმივი საზღვრები გაქვს შემოჭერილი?
რაღატომ იშრომა ამდენმა ხელოვანმა უსაზღვრო სიყვარულის ექსპრესიულობაზე რომ ელაპარაკათ, თუ ტყუილია ეს ყველაფერი?!
ეგეც თუ ვერ შეირგე, რომ რაღაც შენებური გზით შეგიძლია განიცადო ყველგან, (სიყვარული)
მაშინ არ ცადოთ და გაიგებთ როგორია
როცა მთელი ცხოვრება დისტანციური ხდები და ვეღარაფერში ხედავ რამე დედა აზრს.
დედაზე კიდევ ის გამახსენდა , რომ ნენეს დაბადების მერე ჩემი ცხოვრება წითელიცაა და ლურჯიც, წითელი ფერებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ვნებიან, მკაცრ და გამოკვეთილ ფერად ითვლება, სისხლიც ხომ წითელია, მიუხედავად ჩემი დიდი შიშისა სისხლისადმი, ნენემ ჩემი სისხლიც შემაყვარა და სიცოცხლეც.
თავიდან დაგვბადა ყველა ცალ-ცალკე იმ კუთხით, რომ უბრალოდ დაიბადა და მესამე ფრთა მოამატა ჩემი დების მხრებს, თავისი შუაში დგომით ამაყად და ნაზი მოფერებით სახეზე.
არაჩვეულებრივი სუნით და ციმციმა თვალებით რომელზეც მეუბნებიან რომ საერთოა ჩვენ გენეტიკაში, ამაზე დიდი კომპლიმენტი მხოლოდ ისაა როცა დედას მამსგავსებენ.
ამით კი მართლა ვხვდები რომ სამყაროს ძალიან ვუყვარვარ, იმიტომ რომ ასეთი გენეტიკით დავიბადე და დედასაც ვემსგავსები.
იმითაც რომ ორი ფერიის მერე მესამე თავისი სამყაროთი დატრაშუნობს, სადაც დედას ყოველთვის მთავარი როლი უკავია.
ცოტა უცნაურად კი მიიღებ ამ ფაქტს, ამდენი ლაყბობის შემდგომ მაგრამ ბედნიერი ვარ. ალბათ იმიტომ რომ ცხოვრებას ვებრძვი და ამდენად დიდი სილამაზე მიდგას უკან , რომელიც ზურგს მიმაგრებს .მრავალი დეტალის და ცოტა ადამიანის სახით.
არ ვიქნები რადიკალური და არ ვიტყვი რომ ცხოვრება მიყვარს, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ოდესმე შეიძლება გავიღვიძო იმ შეგრძნებით მეც რომ მომინდება მეოთხე ფრთა დავუმატო ჩემი ფერიების ჯგუფს.
ან თავიდან დავიწყო სიცოცხლე ჩემი ხასიათის და გენების გამგრძელებლის ყურებით, რომელიც წარმოდგენაშიც კი არ ვარ ჯერ მზად, რომ ვიცოდე როგორი იქნება.
ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე?

ყვითელი სამოთხე ყველა გრძნობა ნამდვილად რაღაცითაა გამოკვეთილი და მგონია ადამიანები საბოლოო ჯამში ძალიან მშიშრები ვართ. მ...
24/06/2022

ყვითელი სამოთხე

ყველა გრძნობა ნამდვილად რაღაცითაა გამოკვეთილი და მგონია ადამიანები საბოლოო ჯამში ძალიან მშიშრები ვართ. მუდმივად ერთი სახე გვაქვს მორგებული მეგობრებისთვის, მეორე საზოგადოებისთვის და საკუთარ თავთან დარჩენისას ამოტრიალებულ სურათს ვემსგავსები ხოლმე. შეიძლება ვინმე მოვიდეს და მითხრას კარგი მსახიობი ყოფილხარო, მაგრამ მგონია აუცილებელიცაა, არავინ იმსახურებს რაიმე ,, ბოლო კუნჭულამდე” ჩაშვებას და ჩასვლას. ( გამონაკლისები არსებობს) ხან შეგიძლია მოცემულ თოკზე გამონაკლისების ეტაპობრივად თითის წვერებზე დაყენება, მერე თვითონ გადაწყვეტს ჩამოვარდეს თუ არა, პასუხისმგებლობაცაა და აუტანელიც. ადამიანებს ( არ გამოვყოფ სქესს) ხშირად აშინებთ პასუხისმგებლობა. ისიც მგონია, რომ ძალიან სადავო საკითხია ადამიანის შეცვლა შეიძლება თუ არა. როდესაც ვიღაც ძალიან გიყვარს ( რა დოზამდეც შეგიძლია სიყვარული) და მერე შეიძლება რაღაც ვეღარ გამოვიდეს, ის ყველაფერი თუ რეალურია და თან მიაქვს შენი ყველაფერი, მერე უკან ბრუნდება. (?!) პასუხისმგებლობის შიში საკმაოდ ბუნებრივია და არც უნდა დაცინო ან გაკიცხო ვინმე ამის გამო, ალბათ იქამდე მიდის მათი ვალდებულებების შეგრძნების მაქსიმუმი. ყველას ეშინია რაღაც შეზღუდვის. ზოგი შეგნებულად ეძებს, რომ ვინმეს შეეკედლოს და იმათი წასვლის მერე თვითონ ხომ კვდებიან და იმასაც კლავს, ვინც საკუთარი წარმოსახვის მანკიერ ღმერთად იქნა წარმოდგენილი. ( თვითონაც ,.ღმერთმა”-ც არ იცოდა) უკან ბრუნდება ადამიანების სახით, ( გაუაზრებლადაც ხან) მოდიან, მოაქვთ რაღაცა სიმშვიდე, (უსიტყვო) და სადმე რომ არსებობენ, გგონია ის გამოშიგნული ნაწილები შეიძლება შეავსონ, რაც შენივე წასვლამ განაპირობა. (ჩემთვის, სუბიექტურად) მაშინ ხარ საამაყო, როცა აღარ ხდი აღარავის ვალდებულად: რამე შეგივსოს, სადმე მიგაკედლოს, საწოლი გიპოვოს.. თუ ღირებული ხარ, უთქმელადაც გააკეთებს ამას. მე ასე ვარ, ეგოისტურია ეს ყველაფერი, თუ როგორიც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში მაინც მარტო ვარ და აღარ მჯერა ადამიანების ერთმანეთთან გაერთიანების, არც მათი ერთმანეთთან შერწყმის, ის ვინც შეიძლება რომ ერთმანეთს შეერწყას, შენი შიდა მხარეა შენს სხეულთან. რომელიც სულ უნდა იგრძნო და მოუსმინო, ( გინდა თუ არა) რადგან ჩემ სხეულზე კარგად არც ერთმა მეგობარმა იცის, რამდენად შორს ვარ მენტალურად წასული, რაც სახეზე ნამდვილად არ მაწერია. მე მიყვარს ჩემი სხეული , ვეხუტები და ვუფრთხილდები , შენი სხეულიც მიყვარს. ( მიყვარს როცა ადამიანებს ვაკვირდები და ვხედავ ყველა ფერს, რაც შიგნით აქვთ თავისი სიკვდილნარევი მოთეთრობებით , დღის ბოლოს ამოტრიალებულ სურათს რომ ემსგავსებიან, მაინც ულამაზესები რომ არიან ( განურჩევლად ყველაფრისა) ბევრჯერ უკითხავთ მაგ ადამიანში რამე მოსაწონი საერთოდ როგორ უნდა იპოვოო? შეიძლება ნამდვილად არ იურთიერთო ყველასთან, მაგრამ მოკრძალებული აზრით ( თუ როგორცაა) ვიტყვი, რომ ყველა საბოლოო ჯამში მიდის რაღაც გზამდე. როცა გვილაპარაკია, ისეთი შეგრძნება დამრჩენია, როგორც მაშინ, ვსხედვართ ამაღლებულ კიბესთან, მთელი სილამაზე ნარევი ხედის წინ და ცალკეა ადამიანები, ცალკეა სამყარო და ცალკე ხარ შენ. და აი მაგ გადაკარგულ სამყაროში სადღაც შენც მომნატრებიხარ, ( მიუხედავად იმისა, რომ ოდნავადაც არ გაქვს დამსახურება) ბევრჯერ, (საკმაოდ , საკმაოდ) თუმცა მაშინ ხარ ძალიან მაგარი, ( კვლავ სუბიექტურად ჩემგან) როდესაც ეგ მონატრებაც აღარ არის იმისი სიკვდილივით მძიმე. რაღაცნაირად შეიძლება გაგზარდოს კიდეც, ოდესმე სადმე ისეთ დროს წარმოდგენის ნასახი ნამდვილად რომ არ გექნება.

Address


Telephone

+995595908090

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CU Litclub posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share