25/11/2021
მეგობრებო, ამ დღეებში გამოვიდა ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის“ 2021 წლის მე-3 ნომერი, რომელშიც, როგორც წესი, საბიბლიოთეკო და წიგნთმცოდნეობითი შინაარსის წერილებთან ერთად ადგილი ეთმობა ქართული კულტურის სხვადასხვა საკითხს. მათ, ვისაც, დღევანდელი ვითარების გამო, ხელმიუწვდენელი აღმოჩნდება N3-ის ბეჭდური გამოცემა, საშუალება ექნებათ გაეცნონ ჟურნალის ელექტრონულ ვერსიას, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
მინდა მოკლედ გაგაცნოთ N3-ის შინაარსი:
ყდას ამშვენებს ფოტო უბისის უძველესი მონასტრის კოშკისა, რომელიც სხვა დანიშნულების გარდა, მონასტრის წიგნთსაცავის ფუნქციასაც ასრულებდა.
ნომერი, ტრადიციულად, იწყება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტის, რუსუდან ასათიანის მიმართვით მკითხველისადმი (გვ. 3).
მასვე ეკუთვნის წერილი პირველი საბიბლიოთეკო პროფესიული ჟურნალის - „Library Journal”-ის შესახებ, რომელსაც წელს გამოსვლიდან 145 წელი შეუსრულდა (გვ.5-6).
მკითხველებისათვის და, მით უფრო, ბიბლიოთეკარებისათვის საინტერესო იქნება თაკო დემეტრაშვილის წერილის გაცნობა, რომელშიც ნაჩვენებია, თუ რა ხერხებით ცდილობდნენ ძველად წიგნების მცველები წიგნთსაცავიდან გატანილი წიგნების დაკარგვის თავიდან აცილებას (გვ. 7-10).
თინათინ ლომჯარია კვლავ აგრძელებს საბიბლიოთეკო საქმისწარმოების საკითხებზე წერილების სერიას. ამჯერად მკითხველი გაეცნობა წიგნისა და პერიოდულ გამოცემათა საინვენტარო წიგნების წარმოების წესებს (გვ. 11-14).
წელს 120 წელი შესრულდა ხარაგაულში პირველი ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსებიდან. ხარაგაულის მთავარი ბიბლიოთეკის ისტორიასა და დღევანდელობას ეხება ნანა ლურსმანაშვილის წერილი (გვ.15-18).
ხათუნა ბუზალაძე მკითხველებს მოუთხრობს მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ მიერ წიგნის ბუდეს დადგმის შესახებ გურჯაანის ხალხმრავალ სკვერში, რომელსაც „პაპას ბაღს“ ეძახიან (გვ. 18).
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიის სათავეებთან მდგარ მოღვაწეებს, მის პირველ დირექტორს ეხება ნინელ მელქაძისა და ნინო კაციტაძის სტატია (გვ. 20-23).
საბიბლიოთეკო საქმის ცნობილი წარმომადგენლის, რეფორმატორისა და ათწილადი კლასიფიკაციის შემქმნელის, მელვილ დიუის, მოღვაწეობას ეძღვნება ანა კარტოზიას წერილი (გვ. 24-27).
ირმა სისაურის წერილში კი მკითხველი გაეცნობა ბევრ საინტერესო ინფორმაციას ცნობილი საბავშვო მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ (გვ. 28-32).
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლისთავს ეძღვნება გიორგი კეკელიძის ესსე „ვაჟას დღე-14 ივლისი“ (გვ. 33).
რაზიკაშვილების ოჯახის წევრთა ცხოვრების ტრაგიკული ფურცლები გადაგვიშალა მანანა სამაშვილმა წერილში „სიმართლისთვის შერისხულნი“ (გვ. 34-42).
მირიან ხოსიტაშვილი წერილში - „ართვინი ქართული პრესის ფურცლებზე“, საზოგადოებას აცნობს ართვინის, საქართველოს ამ უძველესი მხარის პრობლემის არსს და იმ მასალას, რაც იბეჭდებოდა მე-19 საუკუნის ქართულ პრესაში ამ თემაზე (გვ. 43-45).
ახალ გამოცემას „ბეჭდვითი სიტყვა თბილისში (1918-1920 წწ) (ავტ.: ო. ჯანელიძე, მ. ხოსიტაშვილი, ლ. თაქთაქიშვილი) ეხება დალი მაჩაიძის წერილი, რომელიც დაიბეჭდა რუბრიკაში „რეცენზია, მიმოხილვა, შთაბეჭდილებები“ (გვ. 46-47).
ამავე რუბრიკით გამოქვეყნდა როსტომ ჩხეიძის რეცენზია მარიამ მარჯანიშვილის წიგნზე „დერჩის ქვების ღაღადისი“ (გვ. 48).
რუბრიკაში „საუბრები საყურადღებო თემებზე“ ნათია კოპაძე უძღვება საუბარს ნათია გოგოლაშვილთან, როგორც თვითონ წარმოგვიდგენს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე მზრუნველ და მაფიქრალ ადამიანთან (გვ. 49-51).
ღვაწლმოსილ მეცნიერ იური სიხარულიძის 95-ე წლისთავს ეძღვნება გრეტა ჩანტლაძე-ბაქრაძის წერილი (გვ. 52-53).
ჟურნალის ამ ნომრიდან იწყება ლევან თაქთაქიშვილის ჩანაწერების -„წიგნი ჩემი მონარქია“, გამოქვეყნება, რომელშიც ავტორის პირადი მოგონებების გვერდით, მკითხველი გაეცნობა ბევრ საინტერესო ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკისა და, საერთოდ, საბიბლიოთეკო საქმის შესახებ. (გვ. 54-60).
ჟურნალის N3 მთავრდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბიბლიოთეკებში ჩატარებულ ღონისძიებათა მოკლე ჩამონათვალით (გვ.61-64).
https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/351142/1/Saqartvelos_Biblioteka_2021_N3.pdf